"მახსოვს ერთი ფაქტი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"მახსოვს ერთი ფაქტი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყანა"

ახმეტელის თეატრის მსახიობის, გვანცა კანდელაკის ცხოვრებისეულ შთაბეჭდილებებში ალბათ, ბევრი მისი თაობის წარმომადგენელი იპოვის ნაცნობ მოვლენებს, რადგან გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვლილ ადამიანებს ბევრი რამ აქვთ საერთო. როგორც აღმოჩნდა, გვანცას საკმაოდ ადრეული ასაკიდან მოვლენები კადრებად ახსოვს. შინ ძალიან ბევრი დღიურს ინახავს, რომლებსაც წლების განმავლობაში წერდა. ახლახან გადაუკითხავს და ჩანაწერების მიხედვით, მისი ცხოვრების ბევრი მოვლენა უკეთ აღუდგენია. ფიქრობს, რომ დღიურებს ვერ შეელევა, მომავალში კიდევ წაიკითხავს, თუნდაც იმიტომ, რომ გაიხსენოს, როგორი იყო წლების წინ.

- ვის უზიარებთ თქვენს ემოციებს თუ შთაბეჭდილებებს უფრო ხშირად, მეგობრებს თუ ოჯახის წევრებს?

- გულჩათხრობილი არ ვარ, ყოველთვის ყველაფერი უნდა ვთქვა. პირველ რიგში, ჩემს ემოციებს ოჯახის წევრებს ვუზიარებ, რა თქმა უნდა, მეგობრებსაც, მაგრამ ძირითადი "დატვირთვა" მაინც ოჯახზე მოდის. ბავშვობიდან ასეა, ჯერ კიდევ ბაღის პერიოდიდან მოყოლებული. დღემდე ვუყვები მათ ჩემს ყოველდღიურ შთაბეჭდილებებს და თან, ძალიან ემოციურად (იღიმის).

- როგორც წესი, პირველი მოგონებები ბაღის პერიოდიდან მოგვყვება. თქვენ როგორ იხსენებთ იმ პერიოდს? - ბაღში გატარებული დრო ცუდად არ მახსენდება, თუმცა მომწონდა მანამ, სანამ კვების საათი მოვიდოდა. დღემდე არ მიყვარს ბაღის სპეციფიკური სუნი. შეიძლება დღეს ასე აღარ არის, მაგრამ კომუნისტური პერიოდის ბაღში იდგა დამახასიათებელი სუნი. არ მსიამოვნებდა იმ გრძელი კარადების დანახვაც, ჩვენ ნივთებს რომ ვინახავდით.

- მეც იმავე პერიოდში დავდიოდი ბაღში, როცა თქვენ და ერთადერთი, რაც იქ არ მიყვარდა, ხორციანი ჩაშუშული კომბოსტო იყო. კერძებსაც იწუნებდით? - ბაღში ჭამა მეც არ მიყვარდა, მაგრამ რასაც დიდი სიამოვნებით ველოდი, ეს იყო ჩაი და ვაშლი, რომელსაც ორად ჰყოფდნენ. ბავშვობაში ხორციან კერძებს ვერ ვჭამდი და ერთხელაც, ბაღში ასეთი საკვების ჭამა რომ გავაპროტესტე, ჩვენი მასწავლებელი-ძიძა დამემუქრა, - თუ არ შეჭამ, ჩაის კაბაზე გადაგასხამო. ახალი კაბა მეცვა და მართლა დამასხა ზედ ჩაი. ეტყობა, მისი სადამსჯელო მეთოდი ასეთი იყო. მაინც არ ვჭამე (იღიმის). მახსოვს, ჩემი მეგობრები როგორ მანუგეშებდნენ, - არა უშავს, შენ არ ინერვიულო, კაბა რომ გაშრება, ლაქები არ დაეტყობაო. ასეც მოხდა და თან, ადამიანური თანაგრძნობის მომენტი პირველად მაშინ ვიგრძენი. მიუხედავად იმისი, რომ მე და ის ბავშვები ჯგუფელები ვიყავით, მაინც ჩემთვის უცხო ადამიანები იყვნენ და ეს მეგობრული მხარდაჭერა მესიამოვნა.

- მომხდარის შესახებ მშობელს უთხარით? - სხვათა შორის, ამას წინათ გავიხსენე ეს ამბავი დედაჩემთან დიალოგში და აღმოჩნდა, რომ მისთვის ნათქვამი არ მქონდა.

- დღეს ასეთი ფაქტის შესახებ მშობელს რომ გაეგო, პედაგოგს ბაღიდან გაუშვებდნენ, არასამთავრობოები ჩაერთვებოდნენ და ა.შ. - დღეს ასე იქნებოდა, მაგრამ მაშინ აღზრდის სხვა მეთოდები იყო, გაცილებით მკაცრი. ფიქრობდნენ, რომ ბავშვს რაც უფრო მეტ რამეს აუკრძალავ, მით უფრო წესიერი გაიზრდება. სინამდვილეში ასე არ არის.

- მომდევნო წლებიდან, თქვენი ცხოვრების ყველაზე ნათელ მოგონებად რას მიიჩნევთ? - ბაღის პერიოდში დიადი კომუნიზმი მეფობდა, მაგრამ სკოლის ასაკში უკვე დაიწყო ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა. ისევე, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში ჩემი ოჯახიც იყო ჩართული. დედაჩემი ბუღალტერია, მამა ისტორიკოსი და მახსოვს, მე და ჩემს უმცროს ძმას ისტორიულ ფაქტებს ისე გვიყვებოდა, როგორც ზღაპრებს. ალბათ აქედან გამომდინარე, სამშობლოს ცნება ყოველთვის გამძაფრებული მქონდა. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, მიტინგებზე მშობლებს დავყავდით და მახსოვს ის შთაბეჭდილებებიც. ისიც მახსოვს, ჩვენი სახლის ფანჯრების წინ ორმა ტანკმა რომ ჩაიარა და უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მამა სახლში არ იყო, დედა კი ცდილობდა, ნერვიულობა არ შესტყობოდა, მაგრამ ბავშვები ყოველთვის ხვდებიან მშობლების განცდებს. ეს უკვე 9 აპრილის მოვლენების პერიოდი იყო. მამა მშვიდობით დაბრუნდა სახლში, მაგრამ მახსოვს ერთი ფაქტი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყანა, ადამიანები, რომლებთანაც საერთო იდენტობა გაქვს, რომლებიც შენ გვერდით ცხოვრობენ და თუ როგორი ღირებულია თითოეული მათგანი. მაშინ არ იყო ადგილიდან პირდაპირი ჩართვები და სიუჟეტები ჩანაწერების სახით მზადდებოდა. 9 აპრილიდან რამდენიმე დღეში, ტელევიზიით გადმოიცემოდა კადრები, სადაც მთავრობის სასახლის წინ ადამიანები მიდიოდნენ და ტიტებს აწყობდნენ. დედის გვერდით ვიჯექი, მის კალთაში მედო თავი და მოულოდნელად ისტერიკული ტირილი ამიტყდა. ეს იყო გაუაზრებელი ემოცია, მაგრამ ვტიროდი შეუჩერებლად და ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა დედა არ მაწყნარებდა. ალბათ სწორედ ასეთ მოვლენებზე ამბობენ ხოლმე, სისხლი ყივისო. როცა წამოვიზარდე, მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ინსტინქტის დონეზე ხდება. ასეთ დროს მშობელმა შვილი არ უნდა დააწყნაროს, რადგან ეს მან უნდა გამოცადოს და განიცადოს. გაგრძელება