რას ჰყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები
რას ჰყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში მონოლოგი, სადაც რუსეთის პრეზიდენტს უკიდურესად უხამსი ტექსტით მიმართა, ცუდად აისახა­ რუს­ეთში მცხოვრებ ქართველებზე. აი, რას ჰყვებიან ისინი:

"რუსები დაგვცინიან, პუტინმა გაჯობათ ქართველებს ღირსებაშიო"

ნინო ლოგუა, მოსკოვში მცხოვრები ქართველი ექიმი: - აფხაზეთის დაკარგვიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოსკოვში წავედით­ საცხოვრებლად, რადგან მე და ჩემს მეუღლეს რუსული სამედიცინო განათლება გვქონდა.­ მას შემდეგ უამრავი წნეხი გამოვიარეთ როგორც ადგილობრივი მოსახლეობისგან, ასევე ხელისუფლებისგან, აქაური ომონისგანაც. ხშირად საქართველოდანაც გვესვრიან
ტალახს, ოკუპანტს ემსახურებითო, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია... 25 წელია აქ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ქართველი ჟურნალისტის მიმართვიდან მეორე დღესვე ერთმა ჩემმა პაციენტმა ბეიჯზე ქართული გვარი რომ ამოიკითხა, უკან დაიხია, ქართველებს პატივს აღარ ვცემო... ეს იყო პირველი შემთხვევა. არადა, 2006 წლის დეპორტაციაც გამოვიარეთ, როდესაც ჩემი პაციენტები მეკითხებოდნენ, რამით
ხომ არ დაგეხმაროთო? მახსენდება­ 2008 წლის აგვისტოც, როდესაც ან საერთოდ არ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე, ან ამბო­ბდნენ, რომ პოლიტიკა საზიზღარი რამეა.

კიდევ კარგი, პუტინის განცხადებამ, ქართველი ხალხის პატივისცემით საქართველოს ეკონომიკურ ემბარგოს აღარ დავუწესებო, როგორი ფარისევლურიც უნდა ყოფილიყო,­ ვითარება ცოტათი განმუხტა.

- რუსეთში მცხოვრები ქართველების ნაწილის თქმით, ეს მიმართვა არაერთგვაროვნად შეაფასეს თავად რუსებმაც.
- მე ვგულისხმობ იმ კატეგორიას, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს. მათ ბევრი იცინეს ფრენების შეზღუდვაზე, კომუნისტი­ გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და­ დუმის წევრების განცხადებაზე. მალე ესენი­ მხოლოდ შიდა ფრენების ამარა დაგვტოვებენ, რადგან ყველგან საქმეს იფუჭებენ, თუმცა გაბუნიას მიმართვამ ყველა აქ მცხოვრები ქართველი გააოგნა, რაში დასჭირდა ქართველ ჟურნალისტს ამის გაკეთებაო­, ამასთან, რუსული მედია ყველა იმ ქართველი­ პოლიტიკოსის თუ ცნობილი ადამიანის ტექსტს თარგმნიდა ოპერ­ატიულად, ვინც ამას ამართლებდა...

ჩემი თანამშრომლები და პაციენტები ვერ იტანენ­ პუტინის ხელისუფლებას. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ძალიან ძვირია.­ სანქციების შემდეგ რუსეთს ძალიან გაუჭირდა და იმ ხალხის ნაწილიც, ვინც ადრე კერძო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობდა, სახელმწიფო კლინიკებში გადმოამისამართეს. პაციენტების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, თანამშრომლებისთვის ხელფასი არ მოუმატებიათ, რის გამოც პუტინის კორუმპირებულ ხელისუფლებას ყველა ლანძღავს, მაგრამ ქართველი ჟურნალისტის მონოლოგმა, პუტინის მომხრეც და მოძულეც აღაშფოთა. გაბუნიას სიტყვები პირად შეურაცხყოფად მიიღეს, ასეთი ამაზრზენი სიტყვებით გინება და მშობლების საფლავის მოხსენიება რაში დასჭირდაო...

რუსები ირონიულად გვეუბნებიან, პუტინმა გაჯობათ ქართველებს დიპლომატიასა და ღირსებაშიო. ამ სიტყვებით პუტ­ინმა რეიტინგი აიწია, რადგან პატარა საქართველოზე მაღლა დადგა და ვიღაც ჟურნალისტის ბოდვის გამო მისი დასჯა და პასუხის გაცემაც არ მოინდომა... ვფიქრობ, ეს მხოლოდ ერთი ჟურნალისტის მოფიქრებული არ იქნებოდა. ვიცით, რომ პუტინის რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეზობელია, თანაც აგრესიული, 30 წლის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ ვერ შეძლო ისეთი ეკონომიკის შექმნა, რომ ეს ბაზარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო. გარდა ამისა, აწყობს ამის აღიარება ვინმეს თუ არა, ნამდვილად არსებობს ორი რუსეთი: ერთი პუტინის მადიდებელია, მეორე კი იმედს არ კარგავს, რომ ხვალ პუტინი ხელისუფლების სათავეში აღარ იქნება. აქ მილიონზე მეტი ქართველი­ ცხოვრობს, რომლებიც საქართველოშIი ოჯახებს არჩენენ, ეკონომიკური ემბარგო კი ძალიან მძიმედ აისახება ჩვენსა და ქვეყანაზე.

2003 წლის შემდეგ გვსურდა საქართველოში ჩამოსვლა­ და დამკვიდრება, მაგრამ რუსულენოვანი ექიმები არ გვჭირდებაო, გვითხრეს. ახლა გვაყვედრიან, ოკუპანტ ქვეყანაში მდიდრდებითო. აქ კი არ ვმდიდრდებით, თავს ვირჩენთ და საქართველოში დედისთვის მიბარებულ შვილს, რომელმაც არ მინდა, რომ განათლება რუსეთში მიიღოს, აქედან ვარჩენთ...

ის გაყალბებული ისტორია, რომელიც ქართველებმა პირველად მოისმინეთ პუტინისგან, აქ წლებია იმავე შინაარსით ისწავლება, ისევე როგორც ჩვენს თაობას ასწავლიდნენ, რომ საქართველო 1921 წელს ყვავილებით შეხვდა საბჭოთა ჯარებს... აქ იბეჭდება ოკუპი­­რებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გასაგზავნი ზუსტად იმავე შინაარსის სახელმძღვანელოებიც, თუმცა ეს არავის გაუპროტესტებია.

აქაურ ქართველებს არ გვსურს შვილები ამ იდეოლოგიით გაიზარდონ, ჩვენ ამას გარუსებას ვეძახით, მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს და შვილებს განათლებას რუსეთში აძლევენ, თუმცა ნუ გავკიცხავთ, რადგან აქ მყოფთა­ უმეტესობა ლუკმაპურის საშოვნელად მძიმე ცხოვრებას გამოექცა.

"გულანთებულ პატრიოტებს" ჰგონიათ, პრობლემას გინებით მოაგვარებენ?!"


ირაკლი ბერიძე, პეტერბურგში მცხოვ­რები ქართველი: - 17 წელია პეტერბურგში ვცხოვრობ. გაბუნიას გამოსვლის მეორე დღეს ჩემმა რუსმა საქმიანმა პარტნიორმა დამირეკა, მე მოგაკითხავ და წაგიყვან სამსახურში, სახლიდან გამოსვლას ნუ იჩქარებო. გზაში ტელეფონში ჩამირთო გაბუნიას მონოლოგი და თან ჩემს რეაქციას აკვირდებოდა. ისეთი სასაცილო აქცენტით იგინებოდა, გამეცინა. მას არ გასცინებია, არ მოჰყვება ამას კარგი ამბავიო, მითხრა...

"რუსეთს ვერასდროს გაუგებ, მას უნდა ენდო და დაუჯერო, სხვანაირად წიხლს მიიღებ" - დღევანდელი რუსეთის დასახასიათებლად მოსახლეობაში ასეთი ფრაზაა დამკვიდრებული. ქართველები ხომ პოლიტიზებული ერი ვართ, მაგრამ აქ ბევრად უარესია - ექიმთან რიგშიც კი პოლიტიკაზე ლაპარაკობენ. გაოცდებით და, აქ ისეთებიც არიან, ხელფასისა და პენსიის ნაწილს პრეზიდენტის ფონდში რომ რიცხავენ, სჯერათ, რომ პუტინი ამ თანხას სასიკეთო საქმეებს მოახმარს. არიან ისეთებიც, რომლებიც ბინას შვილების ნაცვლად სახელმწიფოს უტოვებენ.

ადგილობრივი ტელევიზიები ზედმიწევნით ასრულებენ მასისთვის ტვინის გამორეცხვის ფუნქციას, ცოტა აზრზე მოსული რუსები კი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდნენ. ერთი-ორმა ნახევრად ხუმრობით მითხრა, პუტინი თქვენ, ქართველებმა კი არა, ჩვენ ვერ მოვიშორეთ ოცი წელიაო...
იმ დღესვე არაერთმა აქაურმა ქართველმა დამირეკა, პოლიციამ არალეგალი ქართველების ჩხრეკა დაიწყოო. გააქტიურდნენ სკინჰედებიც, კავკასიური გარეგნობის ადამიანებს ესხმიან თავს, პოლიცია კი მხრებს იჩეჩს, ვერ ვაკონტროლებთ, უნდა მოერიდოთო. როგორ გინდა, მოერიდო, მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში მუხლჩაუხრელად მუშაობს, რომ ფული თავის ქვეყანაში გაგზავნოს, საქართველოში კი "მუცლის მონებს" გვიწოდებენ, რომლებიც­ თურმე ოკუპანტებს ვემსახურებით. იმ ფულს საქართველოში მცხოვრებ ჩემს ოჯახსა და ახლობლებს ვუგზავნი და ქართულ ბიზნესში ვაბანდებ!

"გულანთებულ პატრიოტებს" ჰგონიათ, რუსეთთან პრობლემას გინებით მოაგვარებენ>?! ალბათ, არ იციან, რომ ვითარების გამწვავებისთანავე ისევ სკინჰედები იწყებენ ჩვენს დევნას მეტროებსა და სადარბაზოებში; უცებ შემოცვივდებიან მეტროს ვაგონებში ყვირილით: "აქ მხოლოდ თეთრები რჩებიან" და იწყებენ ხალხის ცემასა და წამებას "სპიცებით", არც ქალებსა და ბავშვებს ინდობენ.

ვინმე ფიქრობს იმაზე, რა მოხდება, ასიათასობით არალეგალი ქართველი, რომლებიც ლამის 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ისევ სატვირთო თვითმფრინავებით რომ გამოუშვან?! ვინმეს გადაუხადეს 2006 წელს ქართველების გამოყრისთვის კომპენსაცია?! ან როგორ­ უნდა გავუმკლავდეთ "კადიროვცებს" (რამზან კადიროვის არაოფიციალური დაჯგუფებები, რომლებიც რუსეთში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან), რომლებიც ასეთ დროს აქტიურდებიან?!

შეიძლება ვიღაც რიგით "ორჯონიკიძეს" რუსეთში ცხოვრება ურჩევნია, მაგრამ მის გამო ჩვენ ნუ გვლანძღავთ... კაპიკს კაპიკზე ვადებ, რომ სიბერეში მაინც დავბრუნდე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ლამის ყველა მეუბნება, არ გაბრიყვდე და არ ჩამოხვიდეო.

"პუტინის "შემწყნარებლური" სიტყვები არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დალაგდა"


დემნა მელითაური, მოსკოვში მცხოვრები ქართველი: - 20 წელზე მეტია მოსკოვში ვცხოვრობ და სილამაზის სალონში ვმუშაობ. ზაფხულში ერთთვიანი შვებულება გვაქვს და მეორე დღესვე საქართველოში მოვდივარ ოჯახთან. პუტინი აქაც ძალიან ბევრს სძულს, მაგრამ გაბუნიას მონოლოგის შეფასების შემდეგ თავიანთ პრეზიდენტზე ამბობენ, ვსო რავნო ონ მუდრიო.

ქართველების მიმართ აქ აგრესია არ გამოუხატავთ, მაგრამ ცინიკურად გვეკითხებიან, ქართულმა მედიამ და ხელისუფლებამ იციან, აქ რამდენი ქართველი ცხოვრობს და მუშაობსო?!

- საქართველოს ისტორიის პუტინისეული ვერსიის სჯერათ?
- სჯერათ იმის, რაც ტელევიზიით ესმით ან სოცქსელებში კითხულობენ. პროპაგანდა მძლავრია და მასას, რომელიც ცენტრალური ტელევიზიით­ იკვებება, ყველაფერი სჯერა, მათ შორის ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ისევ საბჭოეთი ენატრება. მათი ვერსიით, რუსეთი ყველას ეხმარება, მათ შორის სირიელ ხალხს, თურქებს, ქართველებს, სომხებს, აფხაზებს, მაგრამ არ უფასებენო. ამ კატეგორიასთან კამათი არ ღირს. საბედნიეროდ, არიან ისეთები, ვინც არაერთხელ ყოფილან საქართველოში და უთქვამთ, ქართველები ძალიან ბევრ რამეში, მათ შორის ცნობიერებით, ჩვენზე წინ არიანო.

ჩემს დას საქართველოს ორ რეგიონში­ საოჯახო ბიზნესი აქვს. ბოლო წლებია იქ ჩემი რუსი ნაცნობები დადიან დასასვენებლად. წელსაც აპირებდნენ, სხვა ჯგუფიც აპირებდა მათ შეერთებოდა. ფრენების აკრძალვის შემდეგ ალტერნატიულ გზებს განიხილავენ. ერთმა თქვა, აფხაზეთის გავლით წავიდეთო. სხვებმა, რომლებიც საქართველოში უკვე ნამყოფი იყვნენ, აუხსნეს, საქართველოს კანონის თანახმად, მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვეღარ შევალთო. გაოცდნენ, წარმოდგენა არ ჰქონდათ. ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ბევრს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უკვე რუსეთის შემადგენლობაში ჰგონია და რაც მთავარია, მიაჩნიათ, რომ ადრეც ასე იყო და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ამ რეგიონებს საქართველო რატომღაც არ თმობდა. რუსული მედია მუდმივად ეწევა პროპაგანდას, რომ საქართველოში ანტირუსულმა განწყობებმა იფეთქოს. სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ ფეიკფოტოებს ქართული დროშის ფონზე ვითომ ნაცემი რუსების. ყველას ვერ აუხსნი, რომ ყალბია, მათ სჯერათ იმის, რისი დაჯერებაც სურთ. მოკლედ, საშინელება ხდება. პუტინის "შემწყნარებლური" სიტყვები არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დალაგდა, არავინ იცის, რა მოხდება ხვალ-ზეგ და როგორ გამოიყენებენ ამას ჩვენს წინააღმდეგ.

გასაგებია, რომ გაბუნია და მისთანები აქ მცხოვრებ ქართველებსა და მათ ოჯახებზე არ დარდობენ, მაგრამ ხომ შეიძლება თავიანთი გამოსვლებით ხელი არ შეგვიშალონ? აქ ათასობით არალეგალია, რომლებიც კარგი ცხოვრების გამო არ ჩამოსულან. მათ ამ დღეებში ძალიან დიდი სტრესის გადატანა მოუხდათ. არ ვართ რუსეთუმეები და არც პუტინმადიდებლები, უბრალოდ, სამუშაო გვჭირდება, რომ ვიარსებოთ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები