ქართველი ახალგაზრდები რუსეთის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ქართველი ახალგაზრდები რუსეთის წინააღმდეგ

მაია გიგოლაშვილი: "საბჭოთა ეპოქის შვილები ვგრძნობდით, რომ ჩვენში ჩნდებოდა თავისუფლების მუხტი და პროტესტს გამოვხატავდით მასწავლებლების მიმართ, რადგან კომუნისტური ჩარჩოები, აზროვნება არ მოგვწონდა და როგორც კი ეროვნული მოძრაობა დაიძრა, თითქოს მაშინვე ვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ზნეობა გვკარნახობდა, რომ იქ უნდა ვყოფილიყავით და პროტესტს თავიდანვე შევუერთდით"

25 ივნისს "ფეისბუკის" პირად გვერდზე ავტვირთე 30 წლის წინ პარლამენტთან, ერთ-ერთ მიტინგზე გადაღებული ფოტო, რომელიც Gოოგლე-ს საძიებო სისტემაში შემთხვევით ვიპოვე. ფოტოზე ახალგაზრდები არიან, რომელთა უკან მრავალრიცხოვანი ტრანსპარანტები ჩანს: "ძირს კომუნისტური რეჟიმი"; "რუსო ოკუპანტებო, წადით სახლში!"; "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია" და ა.შ. 30 წლის წინაც და დღესაც ქართველ ახალგაზრდებს იგივე მოთხოვნები აქვთ, ისინი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოდიან...

ფოტო მალევე უამრავმა ადამიანმა გააზიარა და ერთ-ერთ კომენტარში უცნობმა ქალმა მომწერა: "ეს ჩემი კლასია!" რა თქმა უნდა, დავუკავშირდი ქალბატონს ფოტოს ისტორიის გასაგებად. მან მირჩია, რომ ჩემი კლასელი მაია გიგოლაშვილი ისაუბრებს მთელი ჩვენი კლასის სახელითო...

აკაკი ლოდია, დათო ვარდოშვილი, თინიკო გუდაძე, მაია გიგოლაშვილი, ზურაბ კუტიბაშვილი, კახა ცქიტიშვილი, მეგი გოცირიძე, ნანა კურდღელაშვილი, შორენა გაბიცინაშვილი, მანანა ჯანგირაშვილი, ლალი ჯიღაური, ქეთინო ჭეიშვილი, თამრიკო კანდელაკი, ვერიკო შაკიაშვილი, ბესო ბერძენიშვილი - ეს ადამიანები თანაკლასელები არიან, მე-4 სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 30 წლის წინ აქტიურად იყვნენ ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. 30 წლის წინანდელ ფოტოს ისტორიას ერთ-ერთი მათგანი, ჟურნალისტი და ფილოლოგი მაია გიგოლაშვილი აცოცხლებს:

- ეს ჩვენი კლასია, ერთ-ერთი მე ვარ. ამ ფოტოს შესახებ არაფერი ვიცოდით და როდესაც "ფეისბუკზე" ვნახეთ, ისეთი ემოცია გვქონდა, სიტყვით ვერ გადმოგცემთ... შემდეგ კლასელები ერთმანეთს დავუკავშირდით და ყველაფერი გუშინდელ დღესავით გაგვახსენდა. ეს 1989 წლის დაახლოებით 6-7 აპრილია...

საბჭოთა მოსწავლეების პროტესტი

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო, საბჭოთა ეპოქის შვილები ვგრძნობდით, რომ ჩვენში ჩნდებოდა თავისუფლების მუხტი და პროტესტს გამოვხატავდით მასწავლებლების მიმართ, რადგან კომუნისტური ჩარჩოები, აზროვნება არ მოგვწონდა და როგორც კი ეროვნული მოძრაობა დაიძრა, თითქოს მაშინვე ვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ზნეობა გვკარნახობდა, რომ იქ უნდა ვყოფილიყავით და პროტესტს თავიდანვე შევუერთდით.

დღე არ გამოგვიტოვებია, თუმცა სკოლაში პრობლემები გვქონდა - დირექტორის კაბინეტში გვიბარებდნენ და სათითაოდ გვსაყვედურობდნენ. ვისმენდით დირექციის კომუნისტურ რიტორიკას, მაგრამ ეს ჩვენზე ზემოქმედებას ვერ ახდენდა, როგორც კი დაამთავრებდნენ შეგონებას, გამოვიხურავდით კარს და მაშინვე მიტინგზე მივდიოდით...

ყოველ დილას სკოლასთან ვიკრიბებოდით და პირდაპირ პარლამენტისკენ გავრბოდით. 7-8 აპრილს უკვე მასწავლებლებიც და დირექციაც მიხვდნენ, რომ აკრძალვას აზრი აღარ ჰქონდა და მიტინგზე მოგვყვებოდნენ.

ლენინის ძეგლის ჩამოგდებისას, დიდი კუბოს მსგავსი ყუთი იყო, სადაც პიონერის დახეულ ყელსახვევებს, კომკავშირელის ნიშნებსა და ბილეთებს ვყრიდით. ასეთივე ყუთი იდგა კინოს სახლის წინაც. იქ ხომ აქტიური ცენტრი იყო, სადაც პროგრესულად მოაზროვნე ინტელიგენცია იკრიბებოდა.

დავითის დროშა

გადავწყვიტეთ, აქციებზე დროშა გვქონოდა. ჩვენი ერთ-ერთი კლასელის დედამ, დიანა თევზაძემ, რომელიც მხატვარი იყო, დავითის დროშა დაგვიხატა. გვქონდა ასევე წმინდა გიორგის დროშაც, მაგრამ დავითის დროშა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ჩვენი სურვილით შეიქმნა.

ერთ-ერთი შეკრების დროს, როდესაც იმ საამაყო დროშას ვაფრიალებდით, სახლიდან გამოვიდა მერაბ კოსტავა, დაღმართზე ჩამოდიოდა, მიტინგზე სიტყვით უნდა გამოსულიყო და თვალში მოვხვდით პატარა გოგო-ბიჭები. მოგვიახლოვდა, მოგვეფერა, მოგვესიყვარულა, ჩაგვეხუტა და საქართველოს მომავალი გვიწოდა. ეს იყო ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი წამი და ძლიერი კადრი. ის დროშა მერაბ კოსტავას ვაჩუქეთ! დიდი სიხარულითა და სიამაყით გამოგვართვა. ალბათ ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება შესამჩნევი იყო, მართლები ვიყავით და ძალიან გვინდოდა, იმ საშინელი რეალობის შეცვლა. ძალიან გვინდოდა საქართველოს თავისუფლება, ქვეყნის დამოუკიდებლობა...

ახლახან, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ 30 წლის შემდეგაც დროშა მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში ინახება. ამ დღეებში გახლდით და საკუთარი თვალით ვნახე. მუზეუმის თანამშრომლებმა ამ დროშისა და მისი ავტორის შესახებ არაფერი იცოდნენ, ჩვენ კი ის ამდენი წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ... მადლობა ამ ადამიანებს და ძალიან დასაფასებელია, რომ დიდი რუდუნებით უვლიან არა მარტო ჩვენს დროშას, არამედ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში დაცულ ყველა ნივთს, რაც თითოეული ქართველისთვის ძალიან ძვირფასია...

თავად დროშას საინტერესო ისტორია აქვს: იოანე ბატონიშვილის გადმოცემით, ცხენი რქოსანი, რომელიც დავითის დროშაზეა გამოსახული, მეფემ თავისი ხელით დაიჭირა. როდესაც აღმაშენებელი თბილისიდან ქუთაისში მიდიოდა, ვიწრო გზაზე ცხენი (რქოსანი) დაინახა, რთული დასაჭერი იყო, მაგრამ დაიჭირა და თბილისში ჩამოიყვანა. ცხენი საოცარი სისწრაფისა და ძალის მქონე იყო, ერთ დღეში შეეძლო თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა, ქუთაისიდან ქართლში, ქართლიდან კახეთში და იქიდან ისევ უკან დაბრუნება. სწორედ ამიტომ მოხვდა ის დავით აღმაშენებლის დროშაზე...

როცა მეზობელი იმპერიალისტია

მართალია, დღეს დროშით აღარ გამოვდივართ, მაგრამ თითოეულ ჩემს კლასელში იმ ემოციას მაინც ვიჭერ, რაც მაშინ გვქონდა. ეს არ იყო ურაპატრიოტიზმი, ნამდვილი პატრიოტიზმი გახლდათ... ჩვენ მერაბ კოსტავას იდეებზე გაზრდილი თაობა ვართ, რომელმაც პირველი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დღევანდელ მოვლენებსა და მაშინდელს ვერ შევადარებ, რადგან ის რეალობა თავისუფალი იყო ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირებისგან.

ჩემი კლასის სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ფოტოს აღმოჩენისთვის, ჩვენი ბავშვობის წლების გახსენებისთვის. იმ დროში დაგვაბრუნეთ, პატარა გოგო-ბიჭებად გვაქციეთ, იგივე ტალღა წამოვიდა, ემოციური შოკი გვქონდა!

იმპერიალისტური რუსეთი დემოკრატიული ვერასდროს გახდება, რადგანაც მუდმივი სიხარბით არის დაავადებული. რადგან კარის მეზობელი იმპერიალისტი გყავს, მის წინააღმდეგ მეთოდები უნდა შეიმუშაო... სამწუხაროა, რომ ისევ მობრუნდა ისტორია და ჩვენი შვილების თაობა ისევ რუსეთის იმპერიალისტურ სივერაგეს აპროტესტებს. ისტორია მეორდება, ისტორია არ მთავრდება. თითქოს მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. ეტყობა, საქართველო მუდმივად ბრძოლაში უნდა იყოს!