"ჩემმა რუსმა მწვრთნელმა შემომთავაზა, კლუბში ქართული დროშა აღგვემართა" - კვირის პალიტრა

"ჩემმა რუსმა მწვრთნელმა შემომთავაზა, კლუბში ქართული დროშა აღგვემართა"

"2008 წლის აგვისტოში ქართულ ჯარში ვმსახურობდი და კარგად მახსოვს ის უმრავლესობა, ომამდე რომ გაჰყვიროდა, პირველები ჩვენ ავიღებთ იარაღს და სამშობლოს დავიცავთო, მთებში როგორ გაიხიზნენ. ის პოლიტიკოსებიც კარგად ვიცი, უსაფრთხო ქვეყნებს რომ შეაფარეს თავი. ასე რომ, გამომწვევი ტექსტებით, საოკუპაციო ხაზთან მისვლითა და ერთი ადგილის ჩვენებით ვერაფერს შევცვლით, პირიქით, გააზრებული და კარგად აწონილი ქმედება გვმართებს, რომ სწორად წარვმართოთ პროცესები, თუ გვინდა, რომ მოგებული დავრჩეთ..."

შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს ჩემპიონის გიგა კუხალაშვილის კარიერა რუსეთში დაიწყო. 2013 წლიდან ის რუსულ კლუბში ვარჯიშობს, თუმცა შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით გამოდის და ქართული დროშისა და ჰიმნის თანხლებით იწერება მისი სპორტული ბიოგრაფია. ამბობს, რომ კარგად იცნობს რუსი ხალხის მენტალიტეტს და მიაჩნია, რომ რუსული პოლიტიკა და მედიაკამპანია არ ასახავს რუსი ხალხის განწყობას ქართველების მიმართ. გიგა კუხალაშვილი ბოლო პერიოდში განვითარებულ რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე გვესაუბრება.

- საქართველოში დავიბადე. 10 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლა იქ დავამთავრე. შემდეგ დავბრუნდი თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში ჩავირიცხე და სტუდენტობაც აქ გავატარე. პროფესიით იურისტი ვარ. 10 წლიდან ვვარჯიშობ, პროფესიონალურ ორთაბრძოლებში პირველი ნაბიჯები საქართველოში გადავდგი, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობას ნაკლები გასაქანი აქვს და გადავწყვიტე, კარიერა რუსეთში გამეგრძელებინა...

90-იან წლებში მოსკოვში რამდენიმე დაჯგუფება მოქმედებდა, რომელიც კავკასიელებს ავიწროებდა. მე მათ უფრო პოლიტიკურ დაჯგუფებად მივიჩნევ და არა სახალხო რაზმებად... მეორედ რომ გავემგზავრე, სულ სხვა ვითარება დამხვდა - მოსკოვში ჩამოყალიბებული იყო აზრი: ჩვენი ქალაქი მრავალეროვნულია, სადაც ყველა ადამიანს თავისუფალი ცხოვრების საშუალება აქვს. დღესაც ასე ფიქრობს რიგითი მოქალაქე... რაც შეეხება იმ კლუბს, რომლის სახელითაც გამოვდივარ, კეთილგანწყობისა და ხელშეწყობის გარდა, ვერაფერს გავიხსენებ. ჩემმა რუსმა მწვრთნელმა შემომთავაზა, კლუბში ქართული დროშა აღგვემართა. როგორც კი დარბაზში შედიხარ, პირველად თვალში საქართველოს დროშა მოგხვდება.

- როგორც ვიცი, რუსეთში ძალიან პოპულარული ხართ, ხალხს უყვარხართ და ცენტრალურ მოედნებზე არაერთი ბილბორდია თქვენი გამოსახულებით. - როდესაც რუსები იგებენ, რომ საქართველოდან ვარ, სახე უნათდებათ და საქართველოში გატარებული დღეების გახსენებას იწყებენ, ისინი კი, ვინც ჩვენთან არასოდეს ყოფილან, ჩამოსვლას გეგმავენ. ახლაც, 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, რამდენიმე სტუმარი მყავდა რუსეთიდან. ცოტა არ იყოს, შიშობდნენ, რადგან რუსული საინფორმაციო საშუალებები ისე მუშაობენ, რომ მოუსმინო, იფიქრებ, ქართველებზე საშინელი ხალხი არ არსებობსო, თუმცა დავარწმუნე, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და რუსული მედია სრულიად პოლიტიზებულია.

- 20-21 ივნისის მოვლენებს როგორ შეაფასებთ? - ამაში გასაკვირი არაფერია, მათ ხომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვთ?! რაც შეეხება გავრილოვის ჩამოსვლას,

ვუერთდები მათ, ვინც ეს ფაქტი გააპროტესტა. არ უნდა აღმოჩენილიყო ეს ადამიანი პარლამენტის სპიკერის სავარძელში და საერთოდ, იმ დარბაზშიც არ უნდა შესულიყო. 20-21 ივნისის ღამეს შეიკრიბა ახალგაზრდობა, რომელმაც გამოთქვა სრულიად ჯანსაღი პროტესტი, თუმცა შემდეგ ყველაფერი არეულობაში გადაიზადა...

რაც შეეხება საქართველოსთვის სანქციების დაწესებასა და ფრენების აკრძალვას, ეს რუსეთის ცნობილი დასჯის მეთოდია. ამასთან,

მიმდინარეობს საინფორმაციო ომი და ვისაც ქართველებთან ურთიერთობა არა აქვს, და ასეთი უმრავლესობაა, სჯერათ, რასაც რუსული მედია იუწყება... აცხადებენ, რომ მათთვის საქართველოში ყოფნა საშიშია, რომ რუს ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლისას პრობლემებს უქმნიან, დამატებით გადასახადს ახდევინებენ კვების ობიექტებში, უწვავენ მანქანებს, ქუჩაში თავს ესხმიან... მე მიწევს ახსნა, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და ქართველები კეთილი მიზნებით მოსულ სტუმარს ყოველთვის კეთილად ვხვდებით.

ერთი კვირის წინ სტუმარი მყავდა. რუსეთში დაურიგებიათ, ქუჩაში თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდება, ადგილობრივები რომ არ გააღიზიანო, რუსულად კი არა, ინგლისურად იკითხეო. ისიც ასე მოქცეულა. ლესელიძის ქუჩას ამოჰყოლია, რუსთაველზე მომიტინგეებთანაც შეჩერებულა, ტრანსპარანტები დაუთვალიერებია, შემდეგ ოპერასთან, გაჩერებაზე, ქართველ ქალთან გაუბამს ლაპარაკი, რომელიც ინგლისურად დაწყებულა და რუსულად გაგრძელებულა. მთაწმინდაზეც ასულა - მისი საყვარელი მსახიობის, ნოდარ მგალობლიშვილის საფლავის მონახულება განუზრახავს. მღვდლისთვის უკითხავს, სად არის მისი საფლავიო. მას კი აუხსნია, რომ მსახიობი დიდუბის პანთეონში განისვენებს და არა მთაწმინდის. მერე მთაწმინდაზე განსვენებული საზოგადო მოღვაწეების შესახებ ბევრი საინტერესო ამბავი მოუყოლია და ერთად მოუვლიათ საფლავები. ისეთი კმაყოფილი დაბრუნდა, აქეთ მიმტკიცებდა, დავრწმუნდი, რომ ჩვენ შორის გაუგებრობა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის აგორებული კამპანიააო.

რაც შეეხება ლგბტ აქტივისტებს, წინააღმდეგი ვარ მათი შევიწროებისაც და აგიტაცია-პროპაგანდისაც. მათი მოწოდებები ჩვენზე გავლენას ვერ იქონიებს, მაგრამ მაინც წინააღმდეგი ვარ, რომ საჯარო გამოსვლები გამართონ, საკუთარ ჭერქვეშ, ვისაც როგორ და ვისთანაც უნდა, ისე იცხოვროს...

მეტი დაფიქრება გვმართებს. შეუძლებელია რუსთაველზე ძახილით, პუტინი ცუდი ადამიანიაო, დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ყველამ ვიცით, პუტინი როგორიცაა, ახალს ვერაფერს ვიტყვით. შეიძლება გაბუნიას შეხედულებასაც ვიზიარებთ, მაგრამ გააჩნია, როგორი ფორმით ვიტყვით - მილიონობით მაყურებელი რომ გიყურებს, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს.

2008 წლის აგვისტოში ქართულ ჯარში ვმსახურობდი და კარგად მახსოვს ის უმრავლესობა, ომამდე რომ გაჰყვიროდა, პირველები ჩვენ ავიღებთ იარაღს და სამშობლოს დავიცავთო, მთებში როგორ გაიხიზნენ. ის პოლიტიკოსებიც კარგად ვიცით, უსაფრთხო ქვეყნებს რომ შეაფარეს თავი. ასე რომ, გამომწვევი ტექსტებით, საოკუპაციო ხაზთან მისვლითა და ერთი ადგილის ჩვენებით ვერაფერს შევცვლით, პირიქით, გააზრებული და კარგად აწონილი ქმედება გვმართებს, რომ სწორად წარვმართოთ პროცესები, თუ გვინდა, რომ მოგებული დავრჩეთ.