"მიუხედავად ურთულესი რეჟიმისა, ოჯახისთვის ყოველთვის მაქვს დრო" - ულამაზესი ქართველი ქალი დოქტორის ხარისხით - კვირის პალიტრა

"მიუხედავად ურთულესი რეჟიმისა, ოჯახისთვის ყოველთვის მაქვს დრო" - ულამაზესი ქართველი ქალი დოქტორის ხარისხით

შეუძლებელია ერთხელ ნახო და მისმა მომაჯადოვებელმა სილამაზემ არ დაგატყვევოს. "სუხიშვილების" ნაციონალური ბალეტის სოლისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, თამარ დვალი ამბობს, რომ ცეკვა მისი ახდენილი ოცნებაა...

"საოცრად სწრაფად გაირბინა 13-მა წელმა", - მეუბნება ცეკვა "ჯეირანის" ერთ-ერთი უბადლო შემსრულებელი.

თამარ დვალი: - 3 წლის ვიყავი, როცა დედამ რკინიგზელთა სახლში კლასიკური ბალეტის წრეზე მიმიყვანა. მერე ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, გავიარე სწავლების სრული კურსი და გავხდი ბალეტის მსახიობი, მაგრამ სწავლა განვაგრძე ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

ცეკვა ისე მიყვარს, რომ ჩემი პროფესიაც მას დავუკავშირე და სადოქტორო დისერტაცია დავიცავი თემაზე "საეკლესიო ფერწერა, როგორც საისტორიო წყარო ქართული ეროვნული სამოსისათვის". უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ვცეკვავდი "სუხიშვილების" სტუდიაში ტატა გომელაურთან, სადაც წლის შემაჯამებელი კონცერტის შემდეგ ქალბატონმა ნინომ და ილიკომ ანსამბლის ძირითად შემადგენლობაში გადამიყვანეს.

- ყველაზე დიდი სირთულე მოცეკვავისთვის რა არის?

- საოცრად სწრაფად გაირბინა 13-მა წელმა. მიუხედავად ურთულესი რეჟიმისა, ოჯახისთვის ყოველთვის მაქვს თავისუფალი დრო. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა და ვცდილობთ, დრო ერთად გავატაროთ.

არასდროს დამავიწყდება, პირველად რომ მოვხვდი ხანგრძლივ გასტროლზე უკრაინაში.

მეუღლესთან - თორნიკე ბოლქვაძესთან ერთადძალიან ვნერვიულობდი კოსტიუმისა და აქსესუარების მორგებაზე - ცეკვებს შორის უმოკლეს დროში უნდა გამომეცვალა, ამის სწრაფად და კარგად გასაკეთებლად კი საჭირო იყო გამოცდილება, რომელიც ჯერ არ მქონდა და ისე განვიცდიდი, ვფიქრობდი, ვერასდროს შევეჩვეოდი, თუმცა ერთ კვირაში ძალიან სწრაფად მივეჩვიე.

- "ჯეირანი" ნინო რამიშვილის შემდეგ თეა დარჩიამ იცეკვა, მერე - შენ. - "ჯეირანი" ყველა მოცეკვავისთვის საოცნებო ცეკვაა. ამ უნიკალური ცეკვის ავტორი და განუმეორებელი შემსრულებელი ლეგენდარული ნინო რამიშვილია.

ერთ-ერთი კონცერტის დასრულების შემდეგ ნინო სუხიშვილმა და ილიკომ დამიძახეს. არასდროს დამავიწყდება ის დღე და ნინო სუხიშვილის სიტყვები: - თამუნა, შენ "ჯეირანი "უნდა იცეკვო და აბა შენ იცი, მოემზადე.

დაბნეულობისგან ხმას ვერ ვიღებდი. ნინო რამიშვილის შემდეგ ამ ცეკვას გამორჩეული და საოცარი თეა დარჩია ასრულებდა და წარმოიდგინეთ, რა სირთულის წინაშე აღმოვჩნდი! ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ძალა არ დავიშურე და მთელი ჩემი არსება მივუძღვენი ჯეირანის შესრულებას, რასაც განსაკუთრებული პლასტიკა და ემოცია, ასევე ძლიერი ფიზიკური მომზადება სჭირდება. მადლობელი ვარ ილიკოსი და ნინოსი, რომ მანდვეს ეს უკვდავი ცეკვა.

- ყველაზე ხშირად რომელ ქვეყანაში გიწევთ მოგზაურობა? - მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი ყველა ქვეყანაში დიდი ემოციით გვხვდება, გამოვარჩევდი უკრაინელ ხალხს. დაახლოებით 15 წელია, მათთვის ყოველწლიურად ორი თვის განმავლობაში ვმართავთ კონცერტებს ანშლაგით.

- ახლა თუ მუშაობთ ახალ ცეკვებზე და დიდ ხმაურს გამოიწვევს თუ არა ილიკოს ახალი სიტყვა ქორეოგრაფიაში? - ილიკო და ნინო სუხიშვილებმა დიდი ძალისხმევის შედეგად არა მხოლოდ შეინარჩუნეს, არამედ შექმნეს ქართულ ქორეოგრაფიაში ახალი ეპოქა, ახალი ცეკვები, რომლებიც დიდი გემოვნებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ჩვენი რეპერტუარის როგორც ტრადიციული, ანუ კლასიკური ნაწილი, ისე თანამედროვე ცეკვებიც უსაზღვროდ შეიყვარა მაყურებელმა. ჩემთვის, როგორც მოცეკვავისთვის, ილიკოს შექმნილი ახალი ცეკვები სავსეა თავისუფლებით, გემოვნებითა და განსხვავებულობით... როდესაც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ შემოქმედებას, ეს უკვე ნიშნავს, რომ ნამდვილად შეიქმნა სიახლე, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მაყურებლის განხილვის საგანია, მოგვიანებით კი - ყველასთვის საამაყო.

ახლა ვმუშაობთ ახალ პროექტზე "ცეკვა ქართული"", რომელიც სხვადასხვა ქორეოგრაფიული კომპოზიციისგან შედგება. მაყურებელს ახლაც ბევრი სიახლე ელის. როგორც ყველა ნოვაციას, ამასაც, ალბათ, მოჰყვება კრიტიკა, თუმცა ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ იქნება. მჯერა, რომ საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება, ყოველთვის დაიმსახურებს მაღალ შეფასებას და მაყურებლის სიყვარულს.