"პატარა ვენეცია" შემოქმედში
"პატარა ვენეცია" შემოქმედში
ბოლოს პატარა ნავიც ავაწყვე, რომლითაც მეც გავიხარე და ჩემმა სტუმარმა ბაღნებმაც. შესკუპდებიან, გაცურავენ და აქვთ ერთი ჟრიამული. მათი შემყურე მეც ხომ ვხარობ?! ამას წინათ კიდევ, სულ უცნობმა კაცმა გამახარა დედაქალაქიდან. დამირეკა და მითხრა, თევზაობა მეც მიყვარს და ერთი კარგი ნავი უნდა გაჩუქოო. ასეა, ზოგს ჰგონია, სიკეთე დედამიწიდან გაფრინდა, ეგ ტყუილი ამბავია. ა, ბატონო, აგერ მაქვს ცოცხალი მაგალითი...

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გურულებს პოლიტიკა მეტისმეტად უყვართ, თუმცა ოზურგეთელმა ამირან პეშკოვმა ამ მხრივ
"იმედი გამიცრუა", - შემოქმედში მისი ეზოს ჭიშკრის შეღებისთანავე გამაფრთხილა: პოლიტიკაზე აფერი მკითხო, ბიძია, მაგაზე მე არ ვლაპარაკობო. მეც რომელი პოლიტიკოსი­ ვარ და დანარჩენ ყველაფერზე ძალიანაც სიამოვნებით ვესაუბრე. მე შენ გეტყვი­ და, სასაუბრო არ გვქონდა - ამ კაცმა მდინარე ბჟუჟიდან ერთი პატარა "მდინარე" შემოიყვანა და იქაურობა
ისე გაალამაზა, რომ შემოქმედელებმა "პატარა ვენეცია" დაარქვეს. ეგ რა არის, კარის მეზობელი, რეზო ქაჯაიაც აიყოლია და იმან საერთოდაც "ვიქტორიას ჩანჩქერი" მოაწყო ეზოში თავისი­ ფანჩატურებიანად. ბატონმა ამირანმა პირველად ამ მეზობელთან გამყოფ ღობისკენ გამახედა, ჩვენი საერთო ჭიშკარი არასოდეს იკეტება, იმიზა "სიყვარულის კარს" ვეძახით, აგი სიყვარულის კარია ჩემი პოლიტიკაო. მოკლედ, ჩამოვსხედით მე და ბატონი ამირანი "ვენეციის სანაპიროზე" და შინაური ჩანჩქერების ჩუხჩუხში გემრიელად ვისაუბრეთ.


- იმით დევიწყებ, რომ უკვე რვა ათეულ წელიწადს მივაღწიე და რას არ მივცემდი, უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, - ახლა იმფერი დროა, ალბათ, დედამიწას გადავატრიალებდი ჩემი მარჯვენით... მაგრამ ღმერთს მადლობა, ამ ასაკშიც ჯანმრთელად მამყოფებს და მაშრომებს. მაგიზა კი ერთი საუკეთესო წამალი მაქვს - ალიონზე ვდგები... ჯერ ვვარჯიშობ, ზედ უეჭველად ჩემს გამოხდილ 100 გრამ არაყს დავაყოლებს და ამის მერე მთელი დღე მუხლჩაუხრელად ვშრომობ. ადრე მეპურე ვიყავი, სოფლის პურის ქარხანაში 21 წელიწადს პურს ვაცხობდი და უცებ დამთავრდა ყოლიფერი. ერთი მხრივ, უმუშევრობა მკლავდა, მეორე მხრივ, ქარხნის განადგურების დარდი - ყველაფერი აგურ-აგურ გაზიდეს და პურის ქარხანასაც ეს ბედი ელოდა, არადა, კაპიტალური შენობა იყო. ქარხნის გადასარჩენად გუბერნატორსაც კი შევუვარდი კაბინეტში. მერე რიყის ქვის ხელობა შევისწავლე - ჩემი სახლიდან 200 მეტრში მდინარე ბჟუჟი ჩაედინება­ და მის ჭალაში ქვები მაინც იშოვებოდა!­ აგი ჩემი "ვენეციის" მოწყობა მაგ დალოცვილმა ბჟუჟმა მიკარნახა, მაგრამ თავიდან მარტო წყლის წისქვილის აშენებას ვაპირებდი.

- რამდენადაც ვიცი, ამ საქმეს ბევრი, თანაც ჩქარი დინების წყალი უნდა. ასე ადვილი იყო მდინარის კალაპოტის შეცვლა?
- ადვილი რაა, ეგ რომ იყოს, მით უფრო, რომ წყლის კალაპოტი მეზობლების ეზოებში უნდა გამომეტარებინა, წყალს რომ წნევა ჰქონოდა. რაფერი საქმეა, მეზობლებს უთხრა, შენს ეზოში მდინარე უნდა შემოვიყვანოო? ზოგი ხომ გეტყვის, ზედმეტი შარი არ მჭირდებაო! მაგრამ შეგნებულ კაცზე დიდი სიმდიდრე არაფერია. შეგნებული მტერიც სიმდიდრეა, დაელაპარაკები და ეგებ რაიმე გააგებინო! ჩემმა მეზობლებმაც, წყალს რა ჯობია, ქათამი მაინც დალევს, შენ დეიწყე და ჩვენც მოგეხმარებითო. მოკლედ, წყალი მოვიყვანე მდინარიდან და წისქვილიც ავაშენე, მერე უკვე იმაზე დავფიქრდი, კიდევ რაში გამომეყენებინა წყლის ენერგია. ბოლოს, ეზოში სამი ტბა ამოვჭერი ტრაქტორით. სამივე იმფერი ლამაზი გამოდგა, პირველად თავადაც ვერ ვაშორებდი თვალს. ამ ტბებში აჭარის საკალმახეებიდან წამოყვანილი ლიფსიტები დავზარდე და ასე დეიწყო ყველაფერი.

დასაწყისში ტბების პირას ღამეებს ვათენებდი. ამასობაში თევზები საკვებზე წიწილებივით შემეჩვივნენ და დრო რომ მოუვიდოდათ, წყლიდან ერთად ამოხტებოდნენ ხოლმე. მეზობლებიც კი მოდიოდნენ მაგათ საცქერლად. ბოლოს პატარა ნავიც ავაწყვე, რომლითაც მეც გავიხარე და ჩემმა სტუმარმა ბაღნებმაც. შესკუპდებიან, გაცურავენ და აქვთ ერთი ჟრიამული. მათი შემყურე მეც ხომ ვხარობ?! ამას წინათ კიდევ, სულ უცნობმა კაცმა გამახარა დედაქალაქიდან. დამირეკა და მითხრა, თევზაობა მეც მიყვარს და ერთი კარგი ნავი უნდა გაჩუქოო. ასეა, ზოგს ჰგონია, სიკეთე დედამიწიდან გაფრინდა, ეგ ტყუილი ამბავია. ა, ბატონო, აგერ მაქვს ცოცხალი მაგალითი...

- თურმე რამდენი რამის დაწყება შეიძლება 60 წლის ასაკშიც...
- მაგაში ეჭვი არავის შეეპაროს. ქვის ხელობა ნამეტანი გამომადგა. სულ პირველად ჩვენი სოფლის სალოცავი მოვკირწყლე ბჟუჟის ქვებით. ეს გურიის მაშინდელ გუბერნატორს მოსწონებია და გამგებლისთვის დაუვალებია, ეგ კაცი მოძებნე და ოზურგეთში ჯიხურები მოაკირწყვლინეო. ჯერ ვიუარე, ეკლესია საკუთარი გულის კარნახით გავაკეთე, რომელი მშენებელი მე მნახეთ-მეთქი, მაგრამ მოვიდა ჩვენი გამგებელი და მითხრა, კუსა ბიძია (შინაურები კუსას მეძახიან), ეგ საქმე უნდა გაგვიკეთო აუცილებლად, ნუ გეშინია, შეძლებო. მეც გავაკეთე და ამ ხელობაში პირველი ხელფასიც ავიღე.

კაცს თუ სურვილი აქვს, ყოლიფერს მიაღწევს, ოღონდ ცხოვრებასთან ომია საჭირო. აგი ომი ბევრჯერ გადამიტანია და, ალბათ, კიდევ ბევრი მომიწევს. ახლა მითხრეს, შენს გადარჩენილ პურის ქარხანას ისევ დასანგრევად და დასაშლელად უყურებენო და მაგას არავის შევარჩენ - მე ხომ ვიცი, რომ მსგავსს დღეს ვერავინ ააშენებს!

- ტურისტები თუ მოდიან თქვენი "ვენეციის" სანახავად?
- ისე მოულოდნელად გამოჩნდნენ, გავოცდი კიდეც... ერთ დღეს რაჭიდან მირეკავს კაცი, რაჭაში 7 ტურისტი მყავს ამოყვანილი, აქედან ბათუმში მივდივართ, თქვენს "ვენეციაში" რომ გამოვიაროთ, შუა ცეც­ხლზე მომზადებულ ღომს თუ დაგვახვედ­რებთ, თანაც მის მომზადებასაც თუ გვაყურებინებთო.


59 წელია მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ და მაგის გაკეთებულზე გემრიელი ღომი არ მინახავს, მარა ის არ ვიცოდი, ღომი ასე თუ დაფასდებოდა! ცოდვა გამხელილი ჯობს, წამით ისიც ვიფიქრე, ნეტა ვინმე ხომ არ მაშაყირებს-მეთქი, მარა მერე გადავიფიქრე, თუ ვინმე მაშაყირებს, 7 კაცის პურმარილი არ დამავსებს, მეზობლებს დავპატიჟებ და ვიქეიფებთ-მეთქი, მარა მართლა არ მოვიდნენ? გეიხარეს, ღომის გაკეთებაც ნახეს, მწვადიც მიირთვენ და წევიდენ, თანაც შემპირდნენ, აუცილებლად კიდო მოვალთო!

- აბა, რას იზამენ! თუ ბევრი ტურისტი­ გეწვევა, მეზობლებსაც დაასაქმებთ, საბედნიეროდ,­ თქვენს სოფელში ბევრი ხალხი ცხოვრობს.
- საბედნიეროდ. მაგ ხალხიდან ზოგის­ ქონება რამდენიმე წლის წინ წეიღო ბჟუჟის წყალდიდობამ. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი­ იყო პრემიერ-მინისტრი და კი მევიდა ზარალის სანახავად. ხალხი შემოეხვია, ზოგი რას სთხოვდა და ზოგი რას, აგი ღარიბაშვილი კი მე მომიბრუნდა, ამ პატიოსანმა კაცმა მომიყვეს სინამდვილეო. ტყვილს ვერ ვეტყოდი, კაცი ღვთის წინაშე მართალი უნდა იყოს. ვუთხარი, ტყვილია, რომ ვინმეს ფრინველ-საქონელი დეეხოცა, მაგრამ წყალმა ბევრი ქონება წეიღო, თუ მდინარეზე დამბები არ გააკეთეთ, აწი ხალხს სახლ-კარსაც წაართმევს-მეთქი. გევიხედოთ და, ცოტა ხანში დამბების ამოშენება მართლა დეიწყო, მარა ბოლოს იმფერი 70-მეტრიანი მონაკვეთი დატოვეს გასაკეთებელი, წყალი რომ მოდიდებულიყო, თან ყველა ამ ნაშრომს წეიღებდა. მევიდა მაშინდელი გურიის მთავრობა და მითხრა, ამირან ბიძია, ისევ შენ უნდა სთხოვო ღარიბაშვილს ამ ადგილის გაკეთებაო. მოკლედ, შევეხვეწე, ირაკლი, ბიძია, გურულებმა წყევლაც ვიცით და ლოცვაც, სუყველა დანიშნულებით მიდის, შენ ხალხმა ამ დამბებისთვის დაგლოცა და აწი ნუ დააწყევლინებ თავს-მეთქი. რატომ, რას მერჩიანო? ჯერ არაფერს, მაგრამ იმფერი მონაკვეთი დაგრჩათ გოუკეთებელი, წყალი ისევ წეიღებს აქაურობას-მეთქი. მოკლედ, გააკეთებინა იგი ადგილიც.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანებს ენა მოგვცა ღმერთმა და ერთმანეთის სატკივარი ჩხუბით კი არა, ლაპარაკით უნდა გევიგოთ. სხვათა შორის, მერე კიდევ მითხრა მთავრობამ, აი, ირაკლი ღარიბაშვილი აწი სტუმრადაც უნდა მოგიყვანოთო. მეც ვუთხარი, მაგიც მოიყვანეთ და მიშა სააკაშვილიც მოაყოლეთ, ჩემი ეზოდან ხელიხელგადახვეულებს გოვუშვებ-მეთქი...
კუსა ბიძიIას სიტყვა მეზობლის შემოსვლამ შეაწყვეტინა, - როგორც თვითონ ეძახის, "სიყვარულის კარიდან" რეზო ქაჯაია შემოვიდა. მეც რა გამაჩერებდა და "ვენეციიდან" უკვე მეზობლის "ვიქტორიაში" გადავინაცვლე. იქაც კარგა ხანს ვტკბებოდი წყლის ჩხრიალითა და ფანჩატურების სიგრილით და კიდევ იმის შეგრძნებით, რომ კაცმა მართლაც თუ მოინდომა, წინ ვერაფერი დაუდგება!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა