ბრიგადა #0911 - ჟურნალისტი პროფესიას იცვლის - კვირის პალიტრა

ბრიგადა #0911 - ჟურნალისტი პროფესიას იცვლის

"დედა, რომელიც 11 წელია, კომაში მყოფ შვილს უვლის, იმედს არ კარგავს, რომ მისი შვილი გამოჯანმრთელდება"

ჩემი და სასწრაფო დახმარების ექიმების ურთიერთობა ძველებურად გრძელდება და ახლა ბოლო ამბებს მოგიყვებით: 112-მა შეტყობინება გადმოგვცა, რომ ნაავარიევ ქალბატონს პრობლემები ჰქონდა. ადგილზე მისულები მომღერალ ჯაბა ბოჯგუას სახლში აღმოვჩნდით. კარი დედამისმა, ქალბატონმა მანანამ გაგვიღო. ციცქნა ოთახში სპეციალურ საწოლზე ჯაბა იწვა, კუთხეში მიდგმულ საწოლზე კი მოხუც ქალს ეძინა.

ჯაბას მზერა იმ კუთხისკენ ჰქონდა მიმართული, საითაც ბებიას საწოლი იდგა, იფიქრებდი, თვალს არ აცილებსო. ქალბატონ მანანას ჯაბას ანალიზები გერმანიაში გაუგზავნია, დღე-დღეზე ველი პასუხებსო. დედას, რომელიც 11 წელია, კომაში მყოფ შვილს უვლის, იმედი აქვს, რომ მის შვილს აუცილებლად ეშველება.

გიორგიმ და მაიამ მოხუცს წნევა გაუზომეს, ვენის კათეტერი ჩაუდგეს და გადასაყვანად მოამზადეს. როდესაც ქალბატონი მანანა ჯაბაზე ან მის ბებიაზე გველაპარაკებოდა, ჯაბას ხველა აუტყდა, თითქოს რაღაცის თქმას ლამობდა, თუმცა ბგერებს ვერ გამოსცემდა.

- მგონი, ყველაფერი ესმის, მაგრამ ვერ გამოხატავს, - გვითხრა დედამ.

სანამ ექიმები მოხუცს კლინიკაში გადასაყვანად ამზადებდნენ, იმ ტაქსის მძღოლი მოვიდა, რომელიც მოხუცის დაშავების მიზეზი გახდა.

მამაკაცი ძალიან განიცდიდა მომხდარს: "მუხიანის "კრუგზე" ვიყავი, იქ სწრაფად ვერ ივლი, ძალიან ნელა მივდიოდი. მოხუცი ბორდიურზე იდგა და ის იყო, გავუსწორდი, რომ ფეხი დაუცდა, უცებ გადმოქანდა და ჩემი მანქანის კაპოტს დაემხო. გადმოვხტი მანქანიდან, დავიწყე ყვირილი, "სასწრაფოს" ვითხოვდი. მალე მოვიდა "სასწრაფოც" და პატრულიც. ქალს გონი არ დაუკარგავს, ექიმები და პატრულის თანამშრომლები ეხვეწებოდნენ, გადაგიყვანთ კლინიკაშიო, მეც ვევედრებოდი, რომ წაჰყოლოდა, მაგრამ არ გაჰყვა. მერე შვილს დაურეკა, ქალბატონმა მანანამ მოაკითხა და ტაქსით წაიყვანა. მას მერე ყოველდღე ვაკითხავ. ერთხელ კიდევ ჰყავდათ სასწრაფო გამოძახებული, ისინიც ეხვეწნენ კლინიკაში გადაგიყვანთო, მაგრამ არც მათ გაჰყვა. ახლა ცოტა დაუმძიმდა მდგომარეობა და იმედია, კარგად იქნება".

მოხუცს შუბლი და თვალი ჰქონდა ჩალურჯებული. მაია ექიმმა მიზეზი იკითხა, აღმოჩნდა, რომ ავარიის წინადღეს საწოლიდან გადმოვარდნილა. შესაძლოა სწორედ ამის ბრალი იყო, რომ ბორდიურზე წაბორძიკდა. მეზობლებისა და ინციდენტის მონაწილე მძღოლის დახმარებით მოხუცი ფარზე დავაწვინეთ და "სასწრაფოს" მანქანაში მოვათავსეთ.

მოგვიანებით გავიგეთ, რომ კლინიკაში მიყვანილი მოხუცი გარდაიცვალა. მას მოტეხილ ფეხზე ოპერაციას უკეთებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფარული სისხლდენა ჰქონია და ოპერაციის დროს დალია სული. ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მოწყალების სათხოვნელად დადიოდა, რომ ჯაბასთვის ელემენტარული პირობები შეექმნა და თავი და შვილიც ერჩინა. ავარიის ადგილზე მისულ ექიმების ბრიგადას რომ დამორჩილებოდა, შესაძლოა გადარჩენილიყო. სამწუხაროდ, ექიმებს არა აქვთ უფლება, რომ პაციენტი მისი ნების გარეშე გადაიყვანონ კლინიკაში.

5 ადამიანი მოწყალების მთხოვნელი ბებოს იმედად

ბარემ აქვე განვავრცობ თემას და მოგიყვებით ოჯახზე, სადაც 5 ზრდასრული ადამიანი ერთი მოხუცი ქალის იმედადაა - ის მოწყალებას ითხოვს.

"სასწრაფოს" გამოძახების საბაბი მისი შვილიშვილის გულის პრობლემები გახდა.

ოჯახის ყველა წევრი შინ დაგვხვდა - დედა, 4 შვილი და ბებია.

სახლში სიღარიბე, მაგრამ წესრიგი დაგვხვდა. მომეჩვენა, რომ ოჯახის წევრებიც ერთმანეთის მიმართ თბილად იყვნენ განწყობილი. მომეჩვენა-მეთქი, რატომაც დავწერე, ბოლოს მოგახსენებთ.

ბებია მხიარულად შემოგვეგება, ექიმებს ასწავლა, როგორ ეშველათ მისი შვილიშვილისთვის და წინაპრებისგან გადმოცემული და აპრობირებული მეთოდის შესახებ მოგვიყვა. შემდეგ ისიც გვითხრა, როგორ ეჩხუბა ავტობუსის ბილეთების კონტროლიორს.

- რას ერჩოდით? - მომადგა, ბილეთი მაჩვენეო, მე ვუთხარი, შე ოხერო და მუხთალო, დავდივარ, მოწყალებას ვითხოვ და როგორ მიბედავ, რომ ბილეთს მთხოვ? 5 ადამიანი მყავს შესანახი, 50 თეთრი ჩემთვის დიდი ფულია-მეთქი. მე თავიდანვე დიდი ხულიგანი ვიყავი, ვერავინ მომერეოდა. ამათ რომ უყურებ, ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან, ჩემი შვილი უვარგისი რომ აღმოჩნდა, შინიდან გავაგდე.

- არც ერთი არ მუშაობს? - არა, აბა, სამსახურები სადაა, რომ იმუშაონ? მე ვინახავ ამათ.

შვილიშვილი, რომლის გამოც "სასწრაფოს" გამოძახება გახდა საჭირო, აბიტურიენტია. - ორ დღეში გამოცდა მაქვს და მანამდე ხომ გამოვჯანმრთელდებიო? - გვეკითხებოდა, თან ბებიას მორიდებით სთხოვდა, ცოტა ხანს გაჩუმდიო. ბოლოს, რომ ვერ გააჩერეს, ერთ-ერთმა შვილიშვილმა დაუყვირა, მერე ამას დედამ დაუყვირა, დედას კი მეორე ვაჟმა. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთში აირია და მივხვდი, რომ ოჯახის წევრებს შორის იდილია მართლაც მომეჩვენა.

- ამ სიტუაციაში მეცადინეობას როგორ ახერხებ? - ვკითხე აბიტურიენტს. - ესაა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, - თვალები აუწყლიანდა, - ერთი სული მაქვს, სტუდენტი გავხდე, განათლება მივიღო და აქედან წავიდე. ცალკე გადავალ და შორიდან დავეხმარები ოჯახს. აქ სულ ჩხუბი და აყალმაყალია, ბებიას მიაჩნია, რომ რადგან გვარჩენს, ოჯახის უფროსია. ადრე თავისი შეცდომების გამო ციხეშიც მოხვდა და ჭკუა მაინც ვერ ისწავლა.

- ციხეში რის გამო მოხვდა? - ტყუილი არ უთქვამს, რომ გითხრათ, მთელი ცხოვრება ვხულიგნობდიო, გზაზე გადაუდგა ქალს, ფული წაართვა და მაგის გამო იყო დაპატიმრებული. მამა იყო ჩვენი მარჩენალი, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ბებომ იმის გამო აითვალწუნა, რომ რაღაცებს უშლიდა, და შინიდან გააგდო. ახლა თავის ჭკუაზე დადის, დამშლელი აღარავინ ჰყავს. ჩვენ რომ მამას თან არ გავყევით, ამის გამო ისიც აღარ ურთიერთობს ჩვენთან. არადა, როგორ გავყვებოდით, ქირით ციცქნა ოთახში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ ერთი საწოლი და გარდერობი ეტევა, აქ კი ყველას ჩვენი საწოლი მაინც გვაქვს, არც წყალი ჩამოგვდის, ზამთარში სითბოც გვაქვს.

ყმაწვილი კლინიკაში გადავიყვანეთ და იმედია, გამოცდამდე ექიმები აუცილებლად გამოაჯანმრთელებენ.

ვის აქვს ორი თავი?

უკვე რამდენჯერმე ვიყავით ქალაქის გარეუბანში ერთ ქალთან, რომელიც "სასწრაფოს" იმისთვის იძახებს, რომ "პახმელია" აწუხებს, თუმცა გამოძახების ოფიციალურ მიზეზად სუნთქვის უკმარისობას ასახელებს.

კერძო სახლის პირველ სართულზე საოცარ სიბინძურეში ცხოვრობს 50 წლამდე ქალი. ორსართულიანი სახლის სხვა ოთახებში არც იატაკია და არც ფანჯრები, ჭერიდან წყალი ჩამოდის \და ამის გამო ერთ ოთახში ცხოვრობს ორ მამაკაცთან ერთად. ოთახში ორი საწოლი დგას, შარდის, სასმლის სუნი დგას, თევზის კონსერვების ქილები და ბოთლები ყრია. ერთი მამაკაცი ლოგინად ჩავარდნილია. როგორც ქალი ამბობს, ეს მისი ყოფილი ქმარია. ჩვენი მისვლისას მეორე საწოლზე ასე, 30-32 წლის მამაკაცი იწვა. ეს ჩემი ახალი ქმარიაო, გაგვაცნო ქალმა.

ექიმებმა ქალს ჰკითხეს, რას უჩიოდა.

- წუხელ დავლიე და ცუდად ვარო, - მოგვახსენა. ამასობაში მისმა "ახალმა ქმარმა" მეზობელზე რაღაც გვითხრა, ასე ვთქვათ, "ენა მოგვიტანა" და ცოლი გადაირია, ხელი მოწყვეტით მოიქნია და ხელი ნიკაპის ქვეშ ამოსცხო, როდის აქეთ დაიწყე ენის ტლიკინიო.

- ვის აქვს ორი თავი, შემეკამათოს, მამა მოვკალიო, - ჩაილაპარაკა ქალმა. გამაბრაზა, რომ ვერ გავაგებინე ვერაფერი, დანა ავიღე და მუცელში გამოვუსვი. მერე ნაწლავები ჩემი ხელით ჩავულაგე უკან და "სასწრაფო" გამოვიძახე. წაიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს, გადაარჩინეს, მაგრამ საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, ორ თვეში მოკვდა, მე მაგ დროს "სროკზე" ვიყავი და ეტყობა, უპატრონობით მოკვდაო.

ისე გულგრილად გვიყვებოდა, სისხლი გამეყინა ძარღვებში და მივხვდი, რომ ლოგინად ჩავარდნილი ქმარი იმიტომაც ეგუებოდა მის გვერდით ცოლისა და ახალი ქმრის ცხოვრებას.

ქალს ექიმებმა შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს და იქაურობა დავტოვეთ.

P.S. მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად მიწევს გამოძახებებზე სიარული, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ შოკში ვარ - ის, რასაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახე, ყველანაირ ფანტაზიას სცილდება. სასწრაფო დახმარების ექიმები ნამდვილი გმირები არიან, რომ ამ ყველაფერს ყოველდღე უყურებენ, ისმენენ და მაინც ერთგულად ემსახურებიან ყველას. არასდროს შემინიშნავს, რომ ის, რაც მე ზიზღსა თუ აღშფოთებას მგვრის, რომელიმე ექიმშიც იმავე რეაქციას იწვევდეს. მათ ქცევებს და სანდომიან ღიმილს რომ შევხედავ, ხანდახან ჩემი ფიქრებისაც კი მრცხვენია და ვცდილობ, ისე აღვიქვა სურათი, როგორც ისინი ხედავენ.

მარი ჯაფარიძე