როგორია ბათუმის-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ბათუმის-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა?

ბათუმის-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მცირეწლოვანი გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა, მისი ძმა კი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა. მისი თქმით, მეორე მცირეწლოვნის თბილისში ტრანსპორტირება შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ზაალ მიქელაძის თქმით, ამ დროისათვის ქობულეთის საავადმყოფოებში ავარიის შედეგად დაშავცებული 9 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ავარიის დროს სულ ორი მოზარდი დაშავდა. ერთ-ერთი თბილისში გადავიყვანეთ, ხოლო მეორე ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ამიტომ შეუძლებელი იყო თბილისში გადაყვანა. მას თავის არეში მძიმე ტრავმები აქვს მიღებული. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, 9 ადამიანი ქობულეთის ორ საავადმყოფოშია მოთავსებული, რომელთა ნაწილს ოპერაცია ამ წუთებში უტარდებათ. უმრავლესობა პოლონეთიდან ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ. დაშავებულთა შორის ორი ქართველია, ისინი მძღოლები არიან. ავარიის დროს მამაკაცი ადგილზე დაიღუპა , ხოლო ქალი ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპული ცოლ-ქმარი ამ ბავშვების მშობლები არიან. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად", - აცხადებს ზაალ მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთი ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ორი კი გარდაიცვალა. დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვანი და-ძმა, რომელთა ასაკი 5 და 6 წელია.

"ინტერპრესნიუსი"