"სანამ დროა, დაამარცხეთ С!"
15-07-2019
"სანამ დროა, დაამარცხეთ С!"
C ჰეპატიტის ახალი საინფორმაციო კამპანია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს­ მოუწოდებს, მოვინდომოთ და ერთად დავამარცხოთ ვირუსი, რომელიც კლავს!

საქართველოში 2015 წლიდან დღემდე­ მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში უპრეცედენტო პროექტი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოქმე­დებს. მისი მიზანია თითოეული ადამიანის­ უფასოდ გამოკვლევა და მკურნალობა.­ საქართველოს ტერიტორიაზე, 600-მდე დაწესებულებაში უფასოდ გაიკეთებთ ე.წ. სწრაფ ტესტს და დაადგენთ, სისხლში C ჰეპატიტის ანტისხეულები გაქვთ თუ არა. თუ გაქვთ, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ინფი­ცირებული ხართ. შესაძლოა C ჰეპატიტი­ ისე გადაიტანოთ,
არც იცოდეთ, მაგრამ, რადგან ვირუსმა ორგანიზმში გაიარა, ანტისხეულები რჩება და ამიტომ საჭიროა უფრო ღრმა კვლევა. თუ კვლევის შედეგად დაავადება დადასტურდა, დაუყოვნებლივ მიმართავთ მკურნალობას - რა თქმა უნდა, უფასოდ! გახსოვდეთ, უფასო პროგრამა მარადიულად არ იქნება. ამასთან, მკურნალობა საშურია, რათა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს... საქართველოში 2015
წლიდან დღემდე 1 500 000 კაცმა გაიარა სკრინინგი, მათგან 52 053 მოქალაქეს უმკურნალეს და 98.1% განიკურნა. სამწუხაროდ, 1 300 000-ს ჯერაც არ მიუმართავს სკრინინგისთვის, თუმცა, ვინც მიმართა და სისხლში ანტისხეულები დაუფიქსირდა, მათგან რამდენიმე ათეული ათასი არც ღრმა კვლევაზე­ მისულა და მკურნალობაზეც არ უფიქრია. რატომ? მიზეზები განმაცვიფრებელია. ზოგიერთი მკურნალობისგან­ თავს იმიტომ იკავებს, რომ სასმელზე­ უარის თქმა უჭირს. რადგან დღეს ღვიძლი არ აწუხებს, ჰგონია, რომ არაფერიც არ სჭირს, არადა, C ჰეპატიტი ვერაგი დაავადებაა, შესაძლოა 15-20 წელი ისე ატარო, არანაირი სიმპტომი არ გქონდეთ და უცებ დაგარტყათ ღვიძლზე, რასაც ხშირად მოჰყვება ციროზი და ღვიძლის კიბო...

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: - საბედნიეროდ, დღეს C ჰეპატიტის­ განკურნება შესაძლებელია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში მოქმედი­ ელიმინაციის პროგრამა. ჯერჯერობით მსოფლიოში სრულად აღმოფხვრილია მხოლოდ ერთი ინფექციური დაავადება - ყვავილი. მისი ვირუსის ცირკულაცია მსოფლი­ოში 1980 წლიდან აღარ არის და რადგან ლიკვიდირებულია, აცრაც აღარ მოითხოვება. მეორე დაავადება, რომელიც სულ მალე აღმოიფხვრება, პოლიომიელიტია,­ მხოლოდ სამ ქვეყანაშია დარჩენილი. შემდეგ რიგში იყო წითელა, მაგრამ აცრების მოდუნების გამო ისევ იჩინა თავი. მალე გასაქრობ ვირუსთა­ რიგშია ცოფი და სხვ. მათი აღმოფხვრა და ელიმინაცია ვაქცინაცი­ით ხდება. მედიკამენტის საშუალებით აღმოფხვრის პრეცედენტი კი შესაძლოა გახდეს C ჰეპატიტის დამარცხება. B ჰეპატიტის პრობლემა თითქმის გვარდება. მისი გავრცელების რისკები­ 3-4-ჯერ დიდია, მაგრამ არსებობს B ჰეპატიტის ძალიან ეფექტიანი ვაქცინა, რომლითაც მსოფლიოს მოსახლეობა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან, საქართველოს მოქალაქეები კი 2001 წლიდან იცრებიან და დაავადების რაოდენობა იკლებს. C ჰეპატიტის ვაქცინა ჯერ არ არსებობს, მაგრამ 2013 წელს გამოვიდა ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო პრეპარატი "სოფოსბუვირი", რომლის უახლესი­ გენერაციის პრეპარატები ჩვენთან ხელმისაწვდომია და განკურნების 95%-ზე მეტ შანსს იძლევა. ეს პრეპარატი მედიცინის ისტორიაში გარღვევად ითვლება, რადგან მან უმოკლეს დროში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ვისაც ღვიძლი დაზიანებული არა აქვს და მხოლოდ ვირუსის მატარებელია, ეს პრეპარატი 100%-ით კურნავს, ხოლო იმ პაციენტების განკურნების შანსი, რომელთაც­ ღვიძლი დაზიანებული აქვთ, 95%-ზე მეტია. ამ შემთხვევაში ვირუსი კვდება, ნულდება, მაგრამ ღვიძლის დაზიანება მაინც რჩება... ამიტომ, რაც უფრო ნაკლები გართულების ფონზე იწყება მკურნალობა, მით მეტია აბსოლუტური განკურნების შანსი.

- შეიძლება ვირუსი თავიდან დაგვემართოს?
- თუ კვლავ შევეხებით დაინფიცირე­ბის­ წყაროს, ისევ შეგვეყრება. ჩვენთან C ჰეპატიტის გადადების ყველაზე დიდი ალბათობა საინიექციო ნარკომანიის შემთხვევ­აშია... სამწუხაროდ, ხალხის დიდი ნაწილი რატომღაც ვერ ხვდება, რა მნიშვნელოვანი პროგრამა მოქმედებს და მიაჩნიათ, რომ 10-15 წელი მაინც არაფერი დაემართებათ. ეს შეცდომაა. არავინ იცის, ზუსტად როდის შეეყარა ვირუსი და მდგომარეობის დამძიმებამდე რა დრო დარჩა.
უკვე 1 500 000 კაცმა გაიარა სკრინინგი, მათგან სწრაფ ტესტზე დაახლოებით 125 000-ს ანტისხეულები დაუფიქსირდა, ღრმა, მოლეკულური კვლევა მხოლოდ 90 000-მა­ კაცმა ჩაიტარა. მათგან 79 000 ინფექციის მქონე აღმოჩნდა, მაგრამ სამკურნალოდ მხოლოდ 2/3 მივიდა. არადა, C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირების რისკი მანამ იარსებებს, ვიდრე იარსებებს თუნდაც ერთი დაავადებული ადამიანი. ვიწყებთ მიდევნებისა და ძებნის პროგრამას. ჩვენ ვიცით იმ ხალხის ვინაობა.­ შესაძლებელია მათი იდენტიფიკაცია-კომუნიკაცია. ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასაყოლიებლად, მაგრამ ჩვენზე დიდი როლი შეიძლება შეასრულოს საზოგადოებამ, მედიამ. მას, ვინც ვერ ხვდება, რა საფრთხე ემუქრება მკურნალობისგან თავის არიდების გამო, უნდა გავაგებინოთ, რატომ უნდა იმკურნალოს დღეს. ერთ-ერთ ბარიერად თურმე ღრმა კვლევის და მონიტორინგის პროცესში თანაგადახდა, ფინანსური საკითხი იყო. ესეც მოგვარდა - ღრმა კვლევა უკვე უფასოა. მთავრობის დადგენილებით ყოველგვარი ხარჯი ნულდება. ამასთან, სოციალურად დაუცველთათვის ყველაფერი ისედაც უფასო იყო. წამალი რამდენიმე ათი ათასი დოლარი ღირს. თუ ელიმინაციის პროგრამა დასრულდება, ვეღარ შეძლებთ უფასო პროგრამით სარგებლობას. დაგვიანება შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს
თქვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, სანამ დროა, დაამარცხეთ С!

სტატისტიკური მონაცემებით:

მსოფლიოში დაახლოებით 71 მილიონ ადამიანს აქვს ქრონიკული
C ჰეპატიტის ინფექცია, მათგან ყოველწლიურად 399 000 ადამიანი იღუპება C ჰეპატიტით.
C ჰეპატიტი მსოფლიოში გავრცელებული ინფექციაა, თუმცა მისი მოქმედების უმწვავესი ზონაა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა და ევროპის რეგიონები. მათ შორის არის საქართველოც. საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის თანახმად, 2020 წლისთვის ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ჩატარებული სკრინინგი, ერთხელ მაინც და განსაკურნებელ პაციენტთა რაოდენობა აბსოლუტურ მინიმუმზე დავიდეს. შედეგის მისაღწევად პირველ რიგში საჭიროა სკრინინგი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
01-06-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
01-06-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
01-06-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები