მალე მიმოქცევაში განახლებული 10-ლარიანი შემოვა - კვირის პალიტრა

მალე მიმოქცევაში განახლებული 10-ლარიანი შემოვა

ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ლარის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2015 წელს ბანკნოტების განახლების პროექტი წამოიწყო. შეგახსენებთ, 1995 წლის 2 ოქტომბერს მიმოქცევაში გავიდა - 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100-ლარიანები. "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას, ხოლო "თეთრი" XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განმარტებით, განახლებული ბანკნოტების დიზაინში ასახულია საქართველოს ის კულტურულ-ისტორიული და ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც თითოეულ ნომინალზე თემატურადაა წარმოდგენილი. განახლებულ ვარიანტებზე დატანილია ძველ ნიმუშებზე არსებული სურათები, თუმცა განსხვავებული პორტრეტებითა და რაკურსებით. ასევე შეიცვალა დიზაინის ცალკეული ელემენტებიც, კერძოდ, რადგან ერთი და ორლარიანები ქაღალდის ფულის სახით აღარ გამოდის, მათ დიზაინში არსებული ძირითადი მოტივები 5 და 100-ლარიანებს დაემატა.

2016 წელს განახლდა 20, 50 და 100-ლარიანები, 2017 წელს - 5-იანი, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი დაემატება 10-იანი, რითიც დასრულდება ლარის განახლების პროცესი. ახალი ნიმუშების დიზაინი ქართველმა მხატვარმა, ბაჩა მალაზონიამ შექმნა, ესკიზების სრულყოფის პროცესში კი მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: Giesecke + Devrient Currency Technology (გერმანია), Oberthur Fiduciaire (საფრანგეთი), De La Rue (დიდი ბრიტანეთი).

2019 წელს დავით კაკაბაძეს დაბადებიდან 130 წლისთავი უსრულდება. ამდენად, სიმბოლურია, რომ განახლებული 10-ლარიანი სწორედ მის საიუბილეო წელს გამოვა. წინა მხარეს გამოსახული იქნება აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი, გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე აყვავებული რტო, მერცხალი და ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან "გაზაფხული", მისივე ავტოგრაფით. უკანა მხარეს კი წარმოდგენილი იქნება ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოს დავით კაკაბაძის ცნობილი ნახატი "იმერეთი-დედაჩემი", ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბი.

ახალი ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

განახლებული ნიმუშები:

5-ლარიანის წინა მხარეს გამოსახულია ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკანა მხარეს სახელმწიფო გერბი, ფიროსმანის ნახატი "კალო" და ფრაგმენტი ტილოდან "მეთევზე წითელ პერანგში".

20-ლარიანის წინა მხარეს: ილია ჭავჭავაძე, გაზეთი "ივერია", ჟურნალი "საქართველოს მოამბე" და ილიას პირადი ნივთები. უკანა მხარეს: ძველი თბილისის პანორამა, მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შესრულებული მე-18 საუკუნის საქართველოს გეგმა და გერბი.

50-ლარიანის წინა მხარეს: თამარ მეფე, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი და ბარელიეფი ფიტარეთის ტაძრიდან, უკანა მხარეს: საქართველოს გერბი, მე-12 საუკუნის ხელნაწერთა კრებულიდან ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშნის, მშვილდოსნის მინიატიურა და ხელნაწერი.

100-ლარიანის წინა მხარეს: შოთა რუსთაველის პორტრეტი, ილუსტრაცია "ვეფხისტყაოსნიდან", პირველნაბეჭდი გვერდი და ორნამენტი მე-17 საუკუნის ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნიდან", ასევე მე-7 საუკუნის ბარელიეფი მარტვილის ტაძრიდან. უკანა მხარეს: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ნაწყვეტი ჰიმნის პარტიტურიდან და გერბი.

ნათია სიბაშვილი