"თვალებს არ ვუჯერებდი, აქციაზე კიტოვანი რომ დავინახე" - კვირის პალიტრა

"თვალებს არ ვუჯერებდი, აქციაზე კიტოვანი რომ დავინახე"

"ქართულ სახელმწიფოს დიდი რეაქცია აქვს იმაზე, რომ ვიღაც ჟურნალისტმა პუტინს აგინა, და არა აქვს რეაქცია იმაზე, რომ პუტინმა მთელ საქართველოს აგინა"

"საქართველოში სამოქალაქო ომი კი არა, რუსეთ-საქართველოს ომი იყო. ჩვენ გვინდოდა თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდოდა იმას, ვისგანაც ვთავისუფლდებოდით", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბარში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე, რომელიც ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას აფასებს და დღევანდელსა და 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოს მოვლენებს შორის პარალელებს ავლებს.

- ისინი, ვინც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ, ქართველი ერის ნებას დაუპირისპირდნენ. რუსეთ-საქართველოს ომში მეხუთე კოლონა მონაწილეობდა. დღესაც იგივე მეორდება, უკვე აშკარაა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება, რუსეთი ვერ თმობს საქართველოს, მაშინ თავის ისტორიაზე უნდა თქვას უარი. მისი ისტორია ხომ თავიდან ბოლომდე ყველაფრის დაპყრობაა?!

1977 წელს სსრკ-ში დიდი ზეიმი იყო - ოქტომბრის რევოლუციის მე-60 წლისთავი... კრემლის ყრილობათა სასახლეში გამოვიდა ბრეჟნევი და თქვა, სსრკ-ში 80-ზე მეტი ერი და ეროვნება გაქრა და ახალი ისტორიული ერთობა - საბჭოთა ხალხი წარმოიშვაო. იმპერიის მესვეურებმა იცოდნენ, ხალხისგან წინააღმდეგობა იქნებოდა და დაიწყეს იმაზე მუშაობა, რომ ყველაფერი რუსულ ენაზე გადასულიყო. ამას თუ დავუკავშირებთ პუტინის გამოსვლას, ფაქტობრივად, ანალოგიურია - 1918 წლამდე მთელი ჩვენი ისტორია თბილისის გუბერნია ყოფილა და უცებ გავხდით სახელმწიფო, იმ წუთშივე დავიპყარით სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთიც და ა.შ. ასე რომ, ეს ხელწერა უცვლელია.

ხშირად ამბობენ, ზვიადს პოლიტიკა არ ესმოდა, თორემ ისე კარგი ბიჭი იყოო. მე პირადად ზვიადისთანა მეორე პოლიტიკოსი არ მეგულება. ეროვნული მოძრაობა დიდხანს გრძელდებოდა და მას ისე მშვიდობიანად მიჰყავდა პროცესები, აქციებზე დედა არავის შეუგინია. ხე ნაყოფით იცნობაო და, ნაყოფი ის იყო, რომ იმ წელიწად-ნახევარში, რაც რეალურად სახელმწიფოს ვმართავდით, მთლიანი და დამოუკიდებელი საქართველო დავტოვეთ. დღევანდელი მთავრობა კი რუსეთის ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია. მან იმით დაიწყო საქმიანობა, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე ყველასთან - რუსებთან, ოსებთან, აფხაზებთან, ვართ აგრესორები, ვიწყებთ ომს...

- 1991 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. დღესაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა. პარლამენტთან გამართულ აქციებს ულტრაკონსერვატიული ფრთა დაუპირისპირდა, გვაქვს კონტრაქციები... - კონტრაქციიდან ერთ-ერთი სასულიერო პირის გამოსვლას ვუსმინე, რომელმაც უცხოელ დიპლომატებს მიმართა, ჩვენს შიდა საქმეებში ნუ ერევით, თქვენს გაუბედურებულ ევროპა-ამერიკას მიხედეთო. საინტერესო ის იყო, რომ ყველამ ტაში დაუკრა. ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტს ჩვენ გვაბრალებენ, მიუხედავად იმისა, რომ კომპრომისებზე წავედით.

რუსეთი აშკარა დაპირისპირებას ცდილობდა, ჩვენ კი როგორღაც მოვახერხეთ, რომ ცხინვალის რეგიონში არსად აღარ ყოფილიყო კონფლიქტი. კონტრაქციაც რუსეთის ხელწერაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს წარმოშვას შიდა დაპირისპირება. მისი მიზანია საქართველო აღარ იყოს. რუსეთის დუმაში ცნობილი დეპუტატების გამოსვლებს თუ გადავხედავთ, ზოგი ბომბავს საქართველოს, ზოგი ჩვენს ტერიტორიებს ანაწილებს, ზოგიც აქედან გვასახლებს და ამას თურმე "ქართველი ხალხის პატივისცემით" აკეთებენ.

ქართულ სახელმწიფოს დიდი რეაქცია აქვს იმაზე, რომ ვიღაც ჟურნალისტმა პუტინს აგინა, და არა აქვს რეაქცია იმაზე, რომ პუტინმა მთელ საქართველოს აგინა.

ჯო ბაიდენის მრჩეველმა მაიკლ კარპენტერმა ამას წინათ თქვა, 20% გაქვთ ოკუპირებული და თქვენმა ხელისუფლებამ თუ ასე გააგრძელა, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ 100%-ია ოკუპირებულიო.

გავიღვიძე 20-ში და პარლამენტის შენობა დამხვდა ოკუპირებული. ამაზე რეაქცია რომ ჰქონდა ხალხს, ვინმესთვის გასაკვირი უნდა ყოფილიყო? თვითონ ხელისუფლებას უნდა მოეწოდებინა, გამოდით, ხალხო, პარლამენტი წაგვართვა რუსეთმაო.

ის სავარძელი საქართველოს ხელისუფლების სიმბოლოა. პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა არა რუსი ერის, არამედ დამპყრობელი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელმა, თან იმ პარტიის წევრმა, რომელმაც საქართველო დაიპყრო. მეორე სასაცილო ამბავი ის არის, რომ კომპარტიის წევრი ჩამოვიდა მართლმადიდებლის მანტიით. შეიძლება კომუნისტი და მართლმადიდებლობა? ეს ის პარტიაა, რომელმაც საერთოდ გააუქმა რელიგია, ერთ დღეში დახვრიტა 19 ათასი მღვდელი. რუსეთი მართლმადიდებლობას საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა, ჩვენი ეკლესიაც "ერთმორწმუნემ" არ გააუქმა?A ერთმორწმუნეებმა პირველი, რაც აგვიკრძალეს, ლოცვა იყო, დაგვინგრიეს ეკლესიები, დაგვიხოცეს პატრიარქები და ესენი მართლმადიდებლობის სახელით გველაპარაკებიან?

- აქცია-კონტრაქციებზე სისხლიან დაპირისპირებას რომ ვირიდებთ, ისეთივე ექსცენტრიკული და ეგზალტირებული რომ არ არის ხალხი, როგორც უწინდელ აქციებზე, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოება გაიზარდა? - რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში, რაც მომწონს, ახალგაზრდობაა. ვუყურებ, როგორ აგინებენ და ლანძღავენ მათ - რომ არაფერი იციან, კომპიუტერის გარდა, არაფერი აინტერესებთ, არ იციან ისტორია, 9 აპრილის, 31 მარტის ამბები და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება მაცოფებს. ჯერ ერთი, ამხელა მტერთან დაპირისპირებულ ქვეყანაში საკუთარი შვილების მეტი საგინებელი ვერაფერი ნახეს? მეორეც, თუ ასეა, ვის ვაბრალებთ? კარგად იცით, ჩვენი დამხობის მერე ჩვენს მხარეს 12 წელი ლაპარაკის უფლებაც არ ჰქონდა, არც მედია გვქონდა, უახლესი ისტორიის ყალბი სახელმძღვანელოები იწერებოდა, პრესა-ტელევიზიაში ყველაფერი გადაბრუნებული იყო. ამ თაობას ახლა საყვედურობენ, არაფერი იცითო. ვისაც აინტერესებს, ძალიანაც კარგად იცის, ინფორმაციის საუკუნეა და მტყუან-მართალს არჩევს. მაგრამ ჩვენ ხომ მათ დავუმალეთ და არ ვასწავლეთ რეალური ისტორია?

მიუხედავად იმისა, რომ მათ ტვინი ამოუტრიალეს, ახალგაზრდობამ მაინც იფეთქა და გამოვიდა საქართველოს შეურაცხყოფისთვის და არა პოლიტიკური მემარჯვენე-მემარცხენეობისთვის.

- შს მინისტრმა აღიარა, აქციის დაშლის ბრძანება მე გავეციო, თუმცა სპეცრაზმი დაშლიდან დევნაზე გადავიდა. ამაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? - შს მინისტრმა აღიარა დანაშაული, მაგრამ პასუხისმგებლობას არ იღებს. ისე, გულწრფელად გითხრათ, არ ჰგავს ეს გახარიას ხელწერას. ალბათ, მან თავისი უფროსისგან მიიღო ბრძანება, იმ უფროსმა კიდევ თავისი უფროსისგან. ან რა მნიშვნელობა აქვს, გასცა თუ არა ბრძანება? თქვა, ვიღებ პასუხისმგებლობასო და ფაქტია, არ იღებს.

ჯერ მარტო შედეგის გამო უნდა გადამდგარიყო, თანაც მყისიერად. გამოვიძიებ და თუ დამნაშავე ვარ, გადავდგებიო, რას ნიშნავს? თუ ბრძანება გასცა, ესე იგი, უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. 9 აპრილს გვიკვირდა, "ივერიამდე" რომ მოგვდიეს რუსმა სპეცრაზმელებმა... ზურგში მტერსაც არ ესვრიან და ერთ ახალგაზრდას 12 ტყვია აქვს ნასროლი.

ის 9 აპრილიც და ეს 20 ივნისიც, ორივე სადამსჯელო ოპერაციაა და ერთი და იმავე ძალამ ჩაატარა. ჩვენი ხელისუფლება კი დამპყრობელი ქვეყნის ხელისუფლების ნების აღმსრულებელია.

- "რუსთავი 2"-თან მიმდინარე აქციაზე თქვენი ხელისუფლების გადატრიალების მთავარი აქტორი, თენგიზ კიტოვანი გამოჩნდა და შეკრებილები დამოძღვრა, საქართველოში არ ვარგა დაპირისპირებაო. - არა მგონია, მისი აზრი ვინმეს აინტერესებდეს. ისე, თვალებს არ ვუჯერებდი.

კიტოვანის დანახვასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფონზე ის ასოციაცია გამიჩნდა, მაშინდელივით ახლაც ხომ არ მიაგზავნეს-მეთქი. კიტოვანი ხომ გამარჯვებული რუსული ფარია. ის დასაჭერი მაშინდელი დანაშაულისთვის არის, თორემ ახლა რას წარმოადგენს?

- რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რაშია გამოსავალი? - 1993 წლის გაზაფხულზე შევარდნაძემ მოსკოვში ჟურნალისტ კარაულოვს მისცა ინტერვიუ.

კითხვაზე, თანახმა ხართ, რომ საქართველო დსთ-ში შევიდესო, შევარდნაძემ უპასუხა: რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, მაგრამ ქართველი ხალხი ამისთვის ჯერ მზად არ არისო. მომზადება ნიშნავდა ომს აფხაზეთში, კონფლიქტის განახლებას სამაჩაბლოში, ყაჩაღობა-ძარცვა-დარბევას, სხვადასხვა კუთხის განადგურებას... შევარდნაძემ ამ უბედურებით გაამზადა ქართველი ხალხი დსთ-ში შესასვლელად.

რაც დღეს ხდება საქართველოში, ესეც გამზადება და იმის დასტურია, რომ რუსეთის გარეშე არ შეგვიძლია, ქართული ეკონომიკა, ექსპორტ-იმპორტი მთლიანად რუსეთს მიება...

რუსეთს ომი რაღაში სჭირდება, მასთან მიერთებას რაღა უკლია? რაც ახლა ხდება საქართველოში, ამას მარტივი რამ უშველის - სამართლიანი არჩევნები, რასაც რუსეთი ყველანაირად შეეწინააღმდეგება ჰიბრიდული ომის შემადგენელი საქართველოს მთავრობის დახმარებით. ხალხის არჩეული ხელისუფლება ვერასოდეს წავა ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი საშველი ჩვენშია. ხელისუფლების გადატრიალებას ტერიტორიების დაკარგვა, 30 ათასი კაცის სიკვდილი, 300 ათასის აყრა და შიდა ემიგრაცია მოჰყვა. აღარ მინდა იგივე განმეორდეს. გამოსავალი ჩვენს აქტიურობასა და თავისუფალ არჩევნებშია...