"სიკვდილის მთა" დალაშქრულია - კვირის პალიტრა

"სიკვდილის მთა" დალაშქრულია

დედამიწიდან 8826-მეტრზე ქართული დროშა აფრიალდა

ქართული მთამსვლელობის ისტორიაში კიდევ ერთი გამარჯვება ჩაიწერა: ზღვის დონიდან 8826 მეტრზე მდებარე ნანგა-პარბატი ქართველმა სპორტსმენებმა: არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ პირველად დალაშქრეს და ქართული დროშაც აღმართეს. საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციაში ამ ურთულეს ექსპედიციაზე მოწიწებით ლაპარაკობენ - ბიჭებმა უძნელესი გზით, მაგრამ მაინც მიაღწიეს მიზანს. თუმცა გასაკვირი რა არის - 2017 წელს ჰიმალაის მწვერვალ ლარკიაზეც სრულიად გაუკვალავი ბილიკით სწორედ ისინი ავიდნენ მსოფლიოში პირველად.

ნანგა-პარბატი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალთა შორის რიგით მეცხრეა. 1953 წლამდე, სანამ იქ პირველი ექსპედიცია ავიდოდა, ასვლისას 32 მთამსვლელი დაიღუპა. იყო მსხვერპლი შემდეგაც. მაგალითად, წელს ნანგა-პარბატიდან ინგლისელი და იტალიელი ალპინისტები ვეღარ დაბრუნდნენ, ჩვენ კი ჩვენს ბიჭებს მშვიდობით დაბრუნება მივულოცეთ და არჩილ ბადრიაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუც ვთხოვეთ.

- მართალია, ნანგა-პარბატის მკვლელ მთას ეძახიან, მაგრამ მე და გიორგის მასზე ასეთი შთაბეჭდილება არ დაგვრჩენია. არანაკლებ რთული ექსპედიციებიც გვქონია. მაგალითად, რთული იყო ჰიმალაიზე გაუკვალავი კედლით ასვლა, სადაც ჩვენამდე არავინ ასულა. ამაზე მეტად რთული კი შხარას დაპყრობა იყო, რომელზეც სამხრეთ კედლიდან ავედით, არადა, ის მიუღწეველ გზად ითვლებოდა. 13 დღე დაგვჭირდა, რომ მწვერვალიდან ცივილიზაციაში დავბრუნებულიყავით. ბოლო 3 დღე, ჩამოსვლისას, საკვებისა და წყლის გარეშეც დავრჩით.

- ასეთ დროს წყლის ნაცვლად თოვლის გამოყენება არ შეიძლება? - ძალიან უნდა იფრთხილო, რადგანაც შეიძლება ყინულმა ყელის შეშუპება გამოიწვიოს, რასაც სისუსტე მოსდევს.

ნანგა-პარბატზე ასვლა ჯერ კიდევ შარშან, სექტემბერ-ოქტომბერში გვინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით, გამუდმებით თოვდა. ასვლისას ყველაზე სარისკო თოვაა, ბევრი თოვლი მთაზე ვერ ჩერდება და ზვავებად ეშვება. ამიტომაც უკან გამოვბრუნდით და რვა თვის შემდეგ ისევ დავბრუნდით. იქ კი თვე-ნახევარი მოგვიხდა ლოდინი, სანამ ავიდოდით.

სანამ მწვერვალამდე მივაღწევდით, ნანგა-პარბატზე ამ თვე-ნახევარში სააკლიმატიზაციოდ სამჯერ ავედით და ჩამოვედით - 8000-იან მწვერვალებზე ჟანგბადი 2-3-ჯერ მაინც არის გაიშვიათებული, რის გამოც სუნთქვა ძალიან ჭირს, აკლიმატიზაცია კი გაიშვიათებულ სუნთქვასთან გაჩვევს. სულ ბოლოს, 7000 მეტრამდე მივაღწიეთ, კარავი გავშალეთ და დავიძინეთ, დილას კი უკანვე დავეშვით. ესე იგი, თუკი 7000 მეტრზე ღამე გავათიეთ, 8126 მეტრზეც შევძლებდით გაჩერებას. მოკლედ, მეოთხე ასვლაზე უკვე ბოლომდე ავედით. ისე კი, მწვერვალამდე ბოლო ნაბიჯები მართლა უძნელესი იყო, სუნთქვა იმდენად გვიჭირდა, რომ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ვისვენებდით.

- ასეთ დროს მთაში განსაცდელისას რა გამხნევებთ? საუბრობთ? - საუბარიც ძალიან ჭირს, უფრო ერთმანეთის გვერდით ყოფნა, შეძახილი ან რაიმეს წამღერება. ასეთ დროს მარტო მშობლიური ხმები გმატებს ძალას. მოკლედ, მწვერვალის ახლოს სუნთქვა ისე გაძნელდა, რომ აღარც გვეგონა, მწვერვალზე მისვლისას რაიმე ემოცია თუ მიგვყვებოდა, მაგრამ როგორც კი მივაღწიეთ, ძალიან გავიხარეთ და საქართველოს დროშა გავშალეთ.