"უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს" - რა მოხდა დავით გარეჯში და რას ამბობენ შსს-ში? - კვირის პალიტრა

"უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს" - რა მოხდა დავით გარეჯში და რას ამბობენ შსს-ში?

დავით გარეჯში, უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით გარეჯის გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა განუცხადა.

აღნიშნულის საპროტესტოდ და ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად გიდები დღეს დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავენ.

"როგორც ვიცი, მომხდარის გამო გუშინ ადგილობრივ მოსახლეობას და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც ადგილზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩავიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ შეგვხმიანებია. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კვლავ განაგრძობენ პატრულირებას. გზების გაყვანა ჯერჯერობით არ განუახლებიათ", - განაცხადა ზვიად ანანიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სიწმინდეები ტაძრებიდან 4 დღის წინ გამოიტანეს და ქართველ სასულიერო პირებს გადასცეს იმ მიზეზით, რომ ტაძრები მათ ტერიტორიაზე მდებარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.

"მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შსს-ში.

გატანილია თუ არა უდაბნოს მონასტრიდან ხატები, ამ ინფორმაციაზე კომენტარს არც შინაგან საქმეთა და არც საგარეო საქმეთა სამინისტროები არ აკეთებენ.

იხილეთ ასევე: "დავით გარეჯში აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა ვეღარ ხერხდება" - რას ამბობს გიდი?

"ინტერპრესნიუსი"