"აზერბაიჯანულმა მხარემ კელიებიდან ხატები მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გამოიტანა" - საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანულმა მხარემ კელიებიდან ხატები მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გამოიტანა" - საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა

უახლოეს დღეებში, ვგულისხმობ ამ კვირას, ჩვენი მომლოცველები, ასევე ტურისტები გადაადგილებას მოახერხებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც გადადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე. ეს ეხება ჩიჩხიტურს, აღდგომის მონასტერს და სხვა დანარჩენ ტერიტორიებს,- ამის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეიმურაზ კუპატაძემ განმარტა, იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი და თავიდან იქნას აცილებული პროვოკაციები და დაძაბულობა, ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "რამდენიმე დღე მოქალაქეები ზემოთ არ ავიდნენ".

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რამდენიმე დღის შემდეგ აღდგომის მონასტერზე მისვლა შესაძლებელი იქნება. კუპატაძის თქმით, აზერბაიჯანული მხრისგანაც "არის მზაობა, რომ დაბრუნდეს ის რეჟიმი, რაც იყო წინა დღეებში".

ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს 14 ივლისს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და საქართველოს ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი ინციდენტი.

"შეხვედრა დასრულდა. ჩვენ განვიხილეთ გუშინდელი ინციდენტი აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. გავცვალეთ ინფორმაცია, ასევე განვიხილეთ ის პერიოდი, რა პარიოდშიც იქნება აკრძალვა ამ საზღვრის შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება ახსნილი და დაუბრუნდება ძველ რეჟიმს სიტუაცია. მოქალაქეები და ასევე მომლოცველები, ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე. რაც შეეხება ინციდენტს, გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან. მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი, თუმცა სიტუაცია მათ შორის ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად დროულად იქნა განმუხტული. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. არის მშვიდი ვითარება", - განაცხადა კუპატაძემ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის გადმოცემით, მათი თვითმიზანი არ ყოფილა ხატების კელიებიდან გამოტანა იმ მიზნით, რომ ამ ხატებს იქ არაფერი ესაქმება.

"მათ განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ხატები ზიანდებოდა, როგორც ქარის, ასევე წვიმის შემთხვევაში და ბრალდებები რომ არ ყოფილიყო მათი მისამართით, რომ ეს მათ დააზიანეს, ამიტომ ამოიტანეს ხატები აღდგომის მონასტერში და გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს", - განაცხადა კუპატაძემ.

მისი თქმით, შსს მოუწოდებს საზოგადოებას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აყვებიან პროვოკაციებს და სადელიმიტაციო კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცენ, ვინაიდან დროულად გადაწყდეს არსებული პრობლემა და ეფექტური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

იხილეთ ასევე: "მერწმუნეთ, მსგავსი რამ არ ხდება" - რას ამბობს კუპატაძე გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კელიების საპირფარეშოებად გამოყენებაზე

"ინტერპრესნიუსი"