"მერწმუნეთ, მსგავსი რამ არ ხდება" - რას ამბობს კუპატაძე გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კელიების საპირფარეშოებად გამოყენებაზე - კვირის პალიტრა

"მერწმუნეთ, მსგავსი რამ არ ხდება" - რას ამბობს კუპატაძე გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კელიების საპირფარეშოებად გამოყენებაზე

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ გარკვეულ კელიებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საპირფარეშოებად იყენებენ.

როგორც კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ქაღალდებს და ნაგავს, როგორც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განმარტავენ, იქ ყრიან მომლოცველი ტურისტები.

როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ტერიტორია თავად აზერბაიჯანელებმა დაასუფთავეს და პირობა მისცეს ქართულ მხარეს, რომ იქ, სადაც კელიებია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ ივლიან.

"მერწმუნეთ, მსგავსი რამ იქ არ ხდება. ქაღალდებს და ნაგავს, როგორც თვითონ განმარტავენ, იქ ყრიან მომლოცველი ტურისტები, რომლებიც იქ ჩადიან. ეს იყო ძველი დარჩენილი ნაგავი, როცა მათ (ტურისტებს) გადადგილების საშუალება ჰქონდათ. თვითონვე დაასუფთვეს ეს ადგილები და პირობა მოგვცეს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც კელიებია აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ გადადგილდებიან, ამიერიდან ივლიან მხოლოდ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე", - განაცხადა კუპატაძემ.

"ინტერპრესნიუსი"