"თავიდან ექიმები რომ ამბობდნენ, არაფერი სჭირსო, უნდა გენახათ, ჩემს ბიჭს როგორ უხაროდა, მოვრჩებიო..." - კვირის პალიტრა

"თავიდან ექიმები რომ ამბობდნენ, არაფერი სჭირსო, უნდა გენახათ, ჩემს ბიჭს როგორ უხაროდა, მოვრჩებიო..."

"უკვე სამი წელი გავიდა, რაც ჩემი ერთადერთი შვილი უგონოდ მყავს"

სოფელ ხოდაშენში იმედაშვილების ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა მანამ, ვიდრე ოჯახის რძალმა, ნინო მორჩაძემ თავის შვიდი თვის ბიჭუნას წითელას გამონაყარი არ შენიშნა. ბავშვი ექიმთან წაიყვანეს, რომელმაც დაამშვიდა ყველაფერი კარგად იქნება, ბავშვს საშიშროება არ ემუქრება, გამონაყარი მცირეა და ტემპერატურაც არ არის მაღალიო. მაგრამ თურმე არც არაფერი იქნებოდა კარგად, აღმოჩნდა, რომ დაავადებამ მხოლოდ ჩაიძინა პატარას სხეულში და 10 წლის შემდეგ ტვინში ვერაგულად გაიღვიძა - უმძიმესი დაავადება პანენცეფალიტად იქცა.

ეს დაავადება მაშინ ვითარდება, როცა წითელა წლამდე ასაკის აუცრელ ჩვილებს ემართებათ, მერე კი ინფექცია ტვინში 10-11 წლის ასაკში იღვიძებს. უბედურების ნიშანი ეპიზოდურად გონების დაკარგვაა, რომლის შემდეგ კომა ვითარდება. ამ დროს უკვე ბავშვი ყველა ფუნქციას კარგავს, გარდა ზრდისა.

ნინო მორჩაძე, ზურაბ იმედაშვილის დედა:

- უკვე სამი წელი გავიდა, რაც ჩემი ერთადერთი შვილი უგონოდ მყავს და ისევ ასე მგონია, რომ საშინელ სიზმარს ვხედავ და როცა გავიღვიძებ, ყელაფერი შეიცვლება. რატომ უნდა მომხდარიყო ასე? ჯანმრთელი შვილი რომ მყოლოდა, ყველა წესს ვიცავდი. ისედაც სოფელში ვცხოვრობთ, ბავშვი სუფთა ჰაერზე იზრდებოდა, მეც ძალიან ფრთხილად ვიყავი, მაგრამ ეს უბედურება მაინც დაგვემართა; დღემდე არ ვიცი საიდან და როგორ. ბავშვს როგორც კი გამონაყარი შევნიშნე, მაშინვე წავიყვანე ექიმთან, მიუხედავად იმისა რომ ტემპერატურა მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა და არც ძალიან მაღალი. იმიტომაც დამამშვიდა მაშინ ექიმმა, მაგრამ თურმე სინამდვილეში ვიღუპებოდი, - წითელას ვირუსს თავის ტვინში ჩაუძინებია და 10 წლის ასაკში დამიღუპა შვილი. არადა, სიცოცხლით სავსე მყავდა, ისეთი ცელქი იყო რომ წამით რომ ჩამოჯდებოდა, გული გადამიტიალდებოდა , - ნეტა რატომ ისვენებს, ცუდად ხომ არ არის-მეთქი.

- როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? - სოფელში ორსართულიანი სახლი გვიდგას და ოჯახი მეორე სართულზე ვიძინებთ. ასე რომ, საღამოს ბავშვი ჩვეულებისამებრ დავბანე და კიბეზე ამყავდა დასაძინებლად. ის წინ მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი და უეცრად დავინახე რომ ბავშვს თავი მოწყვეტით ჩამოუვარდა, წაიბორძიკა და წაიქცა. თუმცა გონზე ძალიან სწრაფად მოვიდა... თვალი რომ გაახილა, შეშინებულმა ჩავკითხე, - ზურა, შვილო, რა მოგივიდა-მეთქი, მან კი მშვიდად მიპასუხა, - დედა, ნუ გეშინია, კიბეზე ფეხი დამიცურდაო. არადა, მე ხომ ვნახე ფეხი რომ არ დაცურებია. ენა ვერ იტყვის, რა სიმწრით გავათენე ის ღამე, სანამ ექიმთან წავიყვანდი და ტომოგრამას გადავუღებდი. ექიმმა სურათს დახედა და ნუ ღელავთ, აბსოლუტურად არაფერი აქვს, როგორც ჩანს, მართლაც ძალიან ცელქია, ამიტომ ცოტა დაასვენეთო.

ეს დაავადება უბოროტესია იმ მხრივ, რომ პირველ ხანებში ტვინს ცვლილება არ ეტყობა. ჩემს შვილს გულის წასვლები უფრო რომ გაუხშირდა და არაადეკვატური მოქმედებებიც დაეწყო, ექიმიდან ექიმთან დავიწყე სიარული, მაგრამ ყველა მხრებს იჩეჩდა. ეპილეფსიის წამლებიც კი გამოუწრეს. ბოლოსდაბოლოს ერთი ექიმი მიხვდა, რაც გვჭირდა და იმდენად ინერვიულა, როგორც ჩანს, ვერანაირ შეკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა. ვეკითხებოდი, ჩემი შვილი როგორ იქნება-მეთქი, ის კი გაჩუმებული იყო. მერე ბიძაჩემი შევიდა და მისთვის უთქვამს სიმართლე. ბიძამაც ვერ გამიბედა სიმართლის თქმა, მხოლოდ მამშვიდებდა - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო.

-  ბავშვს მდგომარეობა თანდათან გაურთულდა? - დიახ... და ბოლოს იაშვილის კლინიკაში წავედით. იქ ბავშვს ორჯერ აუღეს სითხე ზურგის ტვინიდან და გერმანიაში გაგზავნეს. პასუხი რომ მოვიდა, ისევ ბიძაჩემმა დაგვასწრო, - მე წავალ და პასუხს მოგიტანთო. ყველაფერი რომ იცოდა, ალბათ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მე და ჩემი მეუღლისთვის სათქმელი როგორღაც რბილად ეთქვა. მოვიდა, პასუხები მოიტანა და ისე მშვიდად გვითხრა, ზურას წითელას სხეულები ჰქონია ბევრიო, მაშინაც კი ვერ მივხვდი, რა საშინელება მელოდა წინ...

- ბავშვი როგორ რეაგირებდა ამ ყველაფერზე? - თავიდან, ექიმები რომ ამბობდნენ, არაფერი სჭირსო, უნდა გენახათ, როგორ უხაროდა, მოვრჩებიო. მერე კი იმდენად ხშირად ითიშებოდა, მისთვის სულ ერთი გახდა ყველაფერი. საბოლოოდ, კომაში ჩამივარდა. ერთი წელი სახლში ვუვლიდი, მაგრამ დამიმძიმდა და იაშვილის საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ. მე და ჩემი მეუღლეც წამოვყევით, პატარა ბინა ვიქირავეთ და იმით ვცოცხლობთ, მისი ნახვის საათები როდის მოაღწევს და ბავშვთან როდის შეგვიშვებენ. ყოველ დღე თითო საათი გვაქვს ნახვის უფლება...

ფინანსურადაც ძალიან გაგვიჭირდა, სულ უფრო და უფრო ბევრი სჭირდება, სულ სხვადასხვა რაიმეზე... ამ წუთში ჩემს ზურას თვალები სტკივა და ორნაირ წამალს ვაწვეთებ. პამპერსის ფულიც ძალიან გვიჭირს. ბავშვი იზრდება და სულ უფრო და უფრო მეტი პამპერსი სჭირდება.

- ეს ამ ტრაგედიის კულმინაციაა... ყველა ფუნქცია იკარგება, გარდა ზრდისა.... - ხანდახან, როცა თვალს შევავლებ ჩემი შვილი როგორ გაიზარდა, ინსტიქტურად გამეფიქრება ხოლმე, რომ აუცილებლად გამოჩნდება რაიმე წამალი, რომელიც ზურას გამომიჯანმრთელებს. იმ დღეს პალატაში შევალ, თვალს გააახელს და ჩამეხუტება. ახლა კი მე თავად ვიხუტებ ჩემს შვილს გულში; მგონია, რომ ჩემს სითბოს გრძნობს და აღარ სტკივა. მე კი ეს სითბო მაცოცხლებს. ამ სითბოს ვერ დავკარგავ, უნდა ვაცოცხლო ჩემი ზურა. აქამდე ამისთვის ყველა საშუალებას ვცდილობდი, რომ ხალხი არ შემეწუხებინა. მაგრამ ახლა ისე გამიჭირდა, რომ უკვე ადამიანების შეწუხება მიხდება, - თუკი შესაძლებლობა იქნება, იქნებ მცირედით მაინც შემეწიონ, რომ შვილს წამლები და პამპერსი ვუყიდო... ვისაც ცოტაოდენი საშუალება აქვს თორემ, მე ხომ ვიცი, რომ ძალიან ბევრს პურის ფულიც უჭირს.

პ.ს. ზურას დასახმარებლად, შეგიძლიათ შესაწირი ამ საბანკო რეკვიზიტზე გადარიცხოთ:

საქართველოს ბანკი GE62BG0000000017284900

მიმღები: ნინო მორჩაძე

ქალბატონი ნინოს საკონტაქტო ნომერი: 597 76 48 87

(სპეციალურად საიტისთვის)