"გურამის ამბის გაგების შემდეგ მკვლელად ჩავთვალე თავი..." - ვინ იყო გურამ რჩეულიშვილის ცხოვრების საბედისწერო ქალი?
17-07-2019
"გურამის ამბის გაგების შემდეგ მკვლელად ჩავთვალე თავი..." - ვინ იყო გურამ რჩეულიშვილის ცხოვრების საბედისწერო ქალი?
ფოტო:გურამ რჩეულიშვილი
"ძალიან უხერხულობდა, მეგობრის და რომ უყვარდა, ამიტომ მე და კიდევ ჩვენი ორი ძმაკაცი წავყევით გურამ თიკანაძესთან ამ ამბის სათქმელად"

იგი 2019 წლის 4 ივლისს 85 წლის უნდა გამხდარიყო, თუმცა კი... მარადიულ ჭაბუკად დარჩა! არ ვიცი, რამდენ გოგონას უყვარდა, მაგრამ კარგად ვიცი, მე როდის შემიყვარდა, თანაც - ერთი ნახვით. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, გაზეთში ორი ულამაზესი ბიჭის ფოტო რომ ვნახე: ორივეს გურამი ერქვა, ერთი გვარად თიკანაძე იყო, მეორე - რჩეულიშვილი, განუყრელები
საინტერესო ცხოვრებით, ვაჟკაცობით, ტრაგიკული სიკვდილითა და მარადიული სიჭაბუკით... ჰოდა, ორივე შემიყვარდა. ის ფოტო ამოვჭერი და საწერი მაგიდის შუშის ქვეშ ამოვდე.
გურამ რჩეულიშვილი და გურამ თიკანაძე

მალევე წითელი წიგნი მაჩუქეს, კარგი მოთხრობებია, აუცილებლად წაიკითხეო. დავხედე და... გურამ რჩეულიშვილი ეწერა! მას შემდეგ ის წიგნი არც მომიცილებია და არც ის ბავშვური სიყვარული გამნელებია,
პირიქით - გამიძლიერდა, მაშინაც, ასაკით რომ "დავეწიე" და მერეც, რომ გავუსწარი. გურამ რჩეულიშვილი კი დღესაც ისეთივე წარმოსადეგი, მხარბეჭიანი, ლამაზი, მოღიმარი, ხან სევდიანი, მუდამ შეყვარებული და მეოცნებე ბიჭია. არც მისი მოთხრობები და ლექსები დაბერდა, არც მისი დღიურები და ჩანაწერები და, აბა, მარადისობაც სხვა არაფერია! მოგვიანებით ის წითელი წიგნი დავკარგე, წლების შემდეგ კი, მისმა უძვირფასესმა დამ, მარინე რჩეულიშვილმა თავისი შედგენილი 6-ტომეული - გურამ რჩეულიშვილის პირველი სრული ექსკლუზიური გამოცემა მისახსოვრა... ნამდვილი გურამი სწორედ იმ დღიურებითა და წერილებით გავიცანი, და კიდევ - მისი უახლოესი, უერთგულესი მეგობრისა და მემატიანის, მწერლისა და პუბლიცისტის, მისივე საზოგადოების პრეზიდენტის, ნუგზარ წერეთლის ცრემლითა და სიამაყით მოთხრობილი ამბებით.
ერთხელ ბატონ ნუგზარს ვკითხე, მაინც ვინ უყვარდა ამ ბობოქარ ადამიანს-მეთქი? - ნაწარმოებებში და ჩანაწერებში ირინასაც ახსენებს და მზიასაც. ბატონმა ნუგზარმა გამანდო, - უკვე ბებრები ვართ და რაღაა დასამალი. ირინად ნაწარმოებებში მოიხსენიებდა, თორემ სინამდვილეში გურამ თიკანაძის დას - რუსიკოს გულისხმობდა. არაჩვეულებრივი გოგო იყო, აუტანლად ლამაზი და გურამს შეუყვარდა. თუმცა მანამდე იყო სხვა გოგო - მზია ჩაჩავაო...
მზია ჩაჩავა მეგობრებთან ერთად
"...ოხ! რა მძაფრად ვგრძნობდი პირველ სიყვარულს, როგორ ვუფრთხილდებოდი და ვმალავდი ყველასგან, თვით ჩემი თავისაგანაც კი, ეხლაც მაჟრჟოლებს ის ალმური, რომელსაც მისი დანახვა მგვრიდა ხოლმე. სადაც ის გამოჩნდებოდა, სწრაფად ვცილდებოდი იმ ადგილს. არასოდეს წავიდოდი მისი სამყოფელისკენ, არ ავიდოდი ტრამვაიში, რომელშიაც ის იჯდა. ერთის სიტყვით, ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩემი თავისაც კი მრცხვენოდა, რომ სიყვარული გამომემჟღავნებინა, მაგრამ კაცს თავისი ასეთი დიდი გრძნობის მალვა, რომელიც მასში ასეთ განცდებს იწვევს, დიდხანს არ შეუძლია"... (დღიურიდან 21 მარტი. 1956 წ.)

ნუგზარ წერეთელი:
- მზია მისი პირველი სიყვარული იყო. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. ძალიან კარგი გოგო იყო და რა გასაკვირია, გურამი მისით აღფრთოვანებულიყო. ჩვენ კი ცელქი და აცვენილი ბიჭები ვიყავით და მზიამაც იფიქრა, ამას როგორ გავყვე ცოლადო და ცნობილი ექიმი-აკადემიკოსის, ანთელავას ასევე ექიმ შვილს მისთხოვდა. იცი, რა მოულოდნელად მოხდა ყველაფერი? ჩვენ თავს ვაწონებდით მზიას და ერთ საღამოსაც გურამი რაღაც იშვიათ წიგნს დაჰპირდა, დილით მოგიტანო. მზიამ კი იუარა, მაგრამ გურამმა მაინც წამოუღო ის წიგნი და დილის 6 საათიდან მზიას მოლოდინში მისი სახლის შორიახლოს, ბაქრაძისა და არაგვის ქუჩების კუთხეში, ორსაფეხურიანი სახლის წინ ვისხედით. მზია არ გამოჩნდა და მხოლოდ 12 საათისთვის გავიგე მისი დაქალებისგან, რომ გათხოვილა. გურამს რომ ვუთხარი, ერთიანად გაფითრდა. მერე დასალევად წავიყვანეთ ძმაკაცებმა. გამწარებული გურამი ჭიქებს არ დაჯერდა და პირდაპირ ბოთლით მოიყუდა კონიაკი... გურამი მესამე კურსზე იყო, მზია რომ გათხოვდა. კარგა ხანს დადიოდა გაგიჟებული, რაღაც საშველს ეძებდა და მერე შეუყვარდა რუსიკო თიკანაძე. რუსიკოსაც შეუყვარდა.
რუსიკო თიკანაძე ძმასთან და მის მეგობრებთან ერთად
1956 წლის დეკემბრის ბოლოს გურამი ბაკურიანში ყოფილა და იქ დამეგობრებია გოგონას, რომელიც შემდეგ მისი საეტაპო ნაწარმოების - "ირინა და მეს" მთავარი გმირის პროტოტიპი გახდა.

ნუგზარ წერეთელი:
- ისეთი სუფთა იყო საწყალი გურამი, ისეთი რაინდი, ძალიან უხერხულობდა, მეგობრის და რომ უყვარდა, ამიტომ მე და კიდევ ჩვენი ორი ძმაკაცი წავყევით გურამ თიკანაძესთან ამ ამბის სათქმელად. ძლივს უთხრა, რა ვქნა, გურამ, რუსიკო მიყვარსო. საწყალი თიკანაძე ჩაფიქრდა (ისიც ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, ცისფერთვალა ქერა თმით და გოგოები გიჟდებოდნენ მაგაზე) და მერე მძიმედ ამოთქვა: დრო გვიჩვენებსო. წლები გავიდა და დრომ მართლა გვიჩვენა...

1957 წლის ზამთარ-გაზაფხულ-ზაფხულისა და ადრეული შემოდგომა გურამს და რუსიკოს, ანუ როგორც ჩანაწერებსა და დღიურებში იხსენიებს - ირინას ერთად გაუტარებიათ, თუმცა, ზაფხულიდან მოყოლებული, სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს. გურამი დაეჭვებულა, რომ გოგონას აღარ უყვარდა და მისთვის უთქვამს, ერთმანეთს უნდა დავშორდეთო. არადა, მასთან განშორებას მაინც ძალიან განიცდიდა...

"…საოცარი რაღაც ემართება ისევ გულს, როგორც მზიას შემდეგ. ის ირინას სახეს დევნის ნელ-ნელა და ივსება ახლის შესაწოვად... გული სავსეა სიყვარულით, ეძებს იმას, ვინც უნდა უყვარდეს - აბა ვინ დაასწრებს! ნეტა შენ იყო ის, ირინა! ...საშინლად მიკვირდა როგორ გავხდი უცხო ირინასათვის, საყვარელი გოგოსათვის, რომელსაც ჩემთან უტირია, მეც მიტირია - როგორ გვიყვარდა ერთმანეთი! ...საწყალი ჩემი ირინა - დაიღალა, ან ამდენი როგორ გამიძლო, სულ შფოთი, უფულობა, ათასი სისულელე... მე მესმის მისი და იმიტომ მიყვარს, მაგრამ გაივლის - რა ცუდია, არ მინდა რომ გაიაროს, თან მართლა ვიტანჯები... მრჩება ტკივილი, შიში, ნდომა - ვნახო ის, ვისაც არ მოვბეზრდები, ვისაც ბრმად ვეყვარები ყოველთვის ან ვინც მართლა გამიგებს. ნეტა ყოფილიყო ის ვიღაც ირინა, ნეტა!..." (გურამის დღიურებიდან)
1958 წლის 23 იანვარს გურამი გაემგზავრა მოსკოვში და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, მარტში კი დაიწყო მუშაობა მოთხრობაზე "ირინა და მე"...

შემდეგ კი... გურამის 6-ტომეულში მარინე რჩეულიშვილი წერს, რომ მისი ძმა "ცისკრის" რედაქციამ ზღვაზე მეთევზეთა ცხოვრების შესასწავლად გაგზავნა. სექტემბერში იგი აფხაზეთში იმყოფებოდა.
გურამის მეუღლე ლინა ბეგიშვილი და მათი ქალიშვილი ია
სოხუმში იმ პერიოდში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა გურამის უახლოესი მეგობარი, მომავალში მისი მეუღლე და ქალიშვილის, ია რჩეულიშვილის დედა - ლინა ბეგიშვილი. ლინა უაღრესად განათლებული, გულისხმიერი და სიკეთით სავსე, გამორჩეულად ფაქიზი და მგრძნობიარე ადამიანი იყო... მან ჩემი ძმის სიცოცხლეშივე იგრძნო გურამში ის "რაღაც", რაც ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, მხოლოდ მერე გახდა გასაგები... ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან გურამის ცხოვრება სავსე იყო თავგადასავლებით, რომელიც ქალისათვის არ იყო ყოველთვის მიმზიდველი და მხოლოდ რომანტიკულიო. გურამი იმ პერიოდში ყოფილა მოსკოვში, ლინა კი - სოხუმში და მათი მიმოწერაც ადასტურებს ქალბატონი მარინეს შეფასებას.

და მაინც... წერილებიდან ჩანს და ბატონი ნუგზარიც ამბობს, რომ გურამს ერთადერთი ქალი უყვარდა - მზია და დანარჩენი სიყვარულები მხოლოდ იმ სიყვარულისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო...

1960 წელს, დაღუპვამდე გურამი ორჯერ შეხვედრია მზიას. პირველი შეხვედრა საკმაოდ უსიამოვნო ყოფილა. იმ დროს გურამს არ სცოდნია, მზია მეუღლეს რომ იყო გაშორებული. მეორედ ზაფხულში შეხვდნენ. გურამს უკითხავს, დასვენებას სად აპირებო და მზიას უპასუხია, გაგრაშიო. მოგვიანებით მზიას ქალბატონი მარინესთვის მოუყოლია: არასოდეს მითქვამს ტყუილი. რა დამემართა მაშინ, არ ვიცი: გურამს ვუთხარი, რომ მივდიოდი გაგრაში, იმ დროს, როცა ქვიშხეთში ბინა უკვე დაქირავებული მქონდა და, მგონი, მეორე დღესვე ვაპირებდი იქ წასვლასო. გურამის ამბის გაგების შემდეგ მკვლელად ჩავთვალე თავი - ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მე ვუბიძგე გაგრისაკენ. დედაჩემიც გაგიჟებული იყოო.

გამოდის, რომ იმ საბედისწერო ზაფხულს გურამი სწორედ მზია ჩაჩავას გამო ჩავიდა გაგრაში.

"...მთელი ჩემი ცხოვრება იყო ლოთობა ღვინით თუ უღვინოთ, რაღაცნაირი გაბრუება, გიჟური სირბილი უცნობი მიზნისაკენ - წინ! მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ეს იყო მხოლოდ ადგილზე მოძრაობა... მე მივრბოდი წინ ერთი აზრიდან მეორისაკენ, ძმაკაცების ერთი ჯგუფიდან მეორისაკენ, მთელი ჩემი ვნება, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის, დაიშალა ათას მსგავს ვნებათ და მე მიყვარდა, ბევრჯერ მიყვარდა და მეც მიხდიდნენ იმავე სიყვარულით... ამ ცოფიან ჭენებაში მიდიოდა ჩემი დრო... ვერაფრით ვერ გამოვდიოდი ამ წრიდან, ისე ძლიერად ვტრიალებდი შიგ და მე უცებ, ერთ წამში, ვიგრძენი, რომ შუბლით მივეხეთქე კედელს... ამ დაჯახების დროს ვიგრძენი როგორ გაიფანტა ყველაფერი და მე პირისპირ დავრჩი იმასთან, ვისაც ეკუთვნოდა სინამდვილეში ჩემი ვნება, მხოლოდ ამ წამის შემდეგ დამანება მე თავი გაორების შეგრძნებამ... მე მხოლოდ ერთი ვნებით ვარ შეპყრობილი გწერო შენ, გელაპარაკო შენ! - კიდევ ვტყუი - ვიყო შენთან! მხოლოდ ვიყო შენთან! გრძნობდე შენც იმავეს ჩემდამი, რასაც მე განვიცდი შენთან ყოფნის დროს... წერაც ეს გზაა შენთან მოსვლისთვის - ჩვენი ერთმანეთთან მისვლისთვის და ათასჯერ რომ ყველაფერი ეს ასე არ იყოს, ჩემი სიყვარული მაინც რჩება სიყვარულად და ის მე ვიცი, რომ შენ გჯერა, მხოლოდ შენ გეკუთვნის. გურამი" (წერილიდან მზია ჩაჩავასადმი).

სულ რაღაც 26 წლის იყო - "სიცოცხლესავით ლაღი" და ბობოქარი, რომელმაც შემოქმედებითა და კაცობით თავის ასაკსაც გაუსწრო და დროსაც. მან, ფაქტობრივად, 21-23-ე საუკუნეებში იცხოვრა და სიცოცხლეშივე თბილისის ლეგენდად იქცა. ბედნიერება კი ის არის, რომ ამ 26 წლის კაცს უკვე 4 ულამაზესი და უსაყვარლესი შვილიშვილი და შვილთაშვილებიც ჰყავს - ამ ქვეყნიდან უკვალოდ არ წასულა და გურამ რჩეულიშვილის გენი მაინც გრძელდება!



(სპეციალურად საიტისთვის)
ნატო
17 ივლისი 2019 11:45
ასე მოქცევა არ შეიძლება, არ უნდა ვეთამაშოთ ადამიანის გრძნობებს!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?