მაშველებმა ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს - კვირის პალიტრა

მაშველებმა ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა 3200 მეტრის სიმაღლეზე, ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში, ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი. ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 3200 მეტრზე მყოფი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

"შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფის მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით. მაშველების დახმარების შედეგად ორივე მოქალაქე ამ დროისთვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,"-აცხადებენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში.

"ინტერპრესნიუსი"