"ამ ოჯახ­ში ტრა­გე­დია აქამ­დეც მოხ­და... დედის რჩენას გიორგი ცდილობდა" - ვინ არის თბილისში, მშენებლობაზე დაღუპული 17 წლის ბიჭი - კვირის პალიტრა

"ამ ოჯახ­ში ტრა­გე­დია აქამ­დეც მოხ­და... დედის რჩენას გიორგი ცდილობდა" - ვინ არის თბილისში, მშენებლობაზე დაღუპული 17 წლის ბიჭი

16 ივლისს, მშენებლობაზე მომხდარ კიდევ ერთ უბედურ შემთხვევას მუშა ემსხვერპლა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო - 17 წლის გიორგი ბეშკენაძე, რომელიც ლაგოდეხიდან თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდა, მშენებლობაზე ლიფტის შახტაში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ლაგოდეხში, იმ სოფლის ბინადრები, სადაც გიორგი ცხოვრობდა, ამბობენ, რომ ბეშკენაძეების ოჯახი მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდა და არასრულწლოვანი ბიჭი იძულებული იყო სკოლა მიეტოვებინა, რათა ოჯახი ერჩინა:

"ჩემი მეზობელი იყო ეს ბიჭი... ამ ოჯახში ტრაგედია აქამდეც მოხდა - დაახლოებით 7 წლის წინ გიორგის ძმამ თავი მოიკლა, მაშინ ისიც არასრულწლოვანი იყო. შვილის სიკვდილი უმძიმესი დარტყმა იყო ოჯახისთვის და 4 წლის თავზე, მამამ შვილის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი... მას შემდეგ ოჯახის რჩენას გიორგი ცდილობდა. როგორც ვიცი, სკოლაშიც აღარ დადიოდა ამის გამო... დღიურად ეხმარებოდა ადგილობრივებს, მიზერული თანხა 15-20 ლარი რომ ეშოვა და საკუთარი თავი და დედა ერჩინა", - განუცხადეს ადგილობრივებმა AMBEBI.GE-ს.

ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ბეშკენაძეები ხშირად სარგებლობდნენ სოციალური დახმარების პროგრამებით. თუმცა, ბოლოს ერთი წელი მათ სოფლის რწმუნებულის აპარატისთვის აღარ მიუმართავთ:

"ოჯახი სოფელ გვიმრიანიდანაა, ეს სოფელი აფენის თემში შედის. მამის სიკვდილის შემდეგ, ბეშკენაძეებს ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ და ჩვენ რაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით. მივდიოდით ოჯახში, ვიცოდით მათი მდგომარეობა. ეს ბიჭიც სულ შრომობდა, მაგრამ ერთი წელია ოჯახი სოფელ გვიმრიანში აღარ ცხოვრობდა, გვერდით სოფელში გადავიდნენ დეიდის სახლში საცხოვრებლად. მას შემდეგ დახმარებისთვისაც აღარ მოუმართავთ", - აღნიშნა სოფლის რწმუნებულმა გია გაფრინდაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში. გაგრძელება