"ყოველ ნაბიჯზე შურს, ბოღმას ვგრძნობ... ყველაზე მეტად მადლიერების გრძნობა გვაკლია" - კვირის პალიტრა

"ყოველ ნაბიჯზე შურს, ბოღმას ვგრძნობ... ყველაზე მეტად მადლიერების გრძნობა გვაკლია"

"გვიყვარდეს ერთმანეთი - ამის თქმა ძალიან მინდა... დაბოღმილები ნუ ვართ ქუჩაში, მარკეტში, ტრანსპორტში... ერთმანეთის მიმართ სიყვარული უფრო მეტად გამოვხატოთ და უბრალოდ, რაღაცნაირად, ერთმანეთი გავამხნევოთ, რადგან დღეს გამხნევება, ერთმანეთის გვერდში დგომა ნამდვილად გვჭირდება", - გვითხრა ახალგაზრდა მომღერალმა სოფო საჟინიანმა. ბოლო დროს, სოფო ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ამბობს, რომ შოუბიზნესში არსებულ ინტრიგებს, შურსა და მტრობას ჩამოშორდა, თავის საქმეს აკეთებს თავდაჯერებული, რეალიზებული და ბედნიერი...

- ჩემი აზრით, ძალიან ცუდისკენ მივექანებით - ერთმანეთის სიყვარული აღარ ვიცით. ბანალური ფრაზაა, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე შურს, ბოღმას ვგრძნობ. ჩემი აზრით, მეტი სიყვარული, ურთიერთგაგება, პოზიტივია საჭირო. ყველაზე მეტად მადლიერების გრძნობა გვაკლია. რაც გვაქვს, იმის გამო მადლიერი არასოდეს ვართ. საკუთარ თავში მადლიერების გრძნობის გაძლიერება ახლა უფრო მეტად ვისწავლე. მადლიერი უნდა ვიყო, რადგან ჩვენი ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. უნდა ვეცადოთ, განვლილი გზა სიკეთით სავსე იყოს და არა - ბოროტებით. ჩემი აზრით, თუკი ერთმანეთი გვეყვარება და ერთმანეთისთვის სიკეთის გაკეთებას ყოველდღე ვეცდებით, ცხოვრება უფრო გაიოლდება. ეს საკითხი ძალიან მაწუხებს. განსაკუთრებით, ბოლო დროს, ერთმანეთის მიმართ ხალხის დიდი აგრესია იგრძნობა, რაც უკან გვხევს...

- სიყვარულის ნაკლებობის პრობლემის შესახებ ბევრი რესპონდენტისგან მომისმენია. შენი აზრით, რატომ გახდა ეს საკითხი ასეთი შესამჩნევი? - საერთოდ, ყოველთვის აპოლიტიკური ვარ. არასოდეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვემხრობოდი. რაღაცები ვიცი, მაგალითად - ვინ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და ა.შ. მაგრამ ვცდილობ, პოლიტიკისგან შორს ვიყო, თუმცა ბუნებრივია, აუცილებლად იქნება ისეთი საკითხები, რაც ადამიანს გულს გტკენს, რადგან ეს შენი ქვეყანაა, აქ დაიბადე, გაიზარდე, ცხოვრობ, შენი სამშობლოა... ცუდი თვისებები საზოგადოებაში ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ამის აღმოფხვრის გზებზე მინდა გითხრათ: რესპონდენტებისგან კი გსმენიათ და ყველა ამბობს ამ ბანალურ ფრაზას, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ თვითონ ამას არ ცდილობენ, ზუსტად ვიცი. უბრალოდ, ვიღაცებისთვის თვალის ასახვევად, საზოგადოებაზე კარგი შთაბეჭდილების დასატოვებლად ამბობენ, მაგრამ რეალურად, ნათქვამს პრაქტიკაში არ ახორციელებენ, ცარიელი სიტყვები გამოსდით. ყოველთვის გულწრფელი, პოზიტიური უნდა იყო. თუ გრძნობ, რომ მათზე ძლიერი ხარ და რაღაც კუთხით, მათი ცხოვრების შეცვლა შეგიძლია, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. 25 წლის ვარ. ცხოვრების ყველა ეტაპზე ყოფილან ადამიანები, ვისი ცხოვრებაც სიკეთისკენ, უკეთესობისკენ შემიცვლია. დღემდე ასე ვარ. ვინც მიცნობს, ალბათ, აბსოლუტურად ყველა დამეთანხმება (იღიმის).

- ერთმანეთის მიმართ აგრესია ახსენე. თავად რამ შეიძლება, წონასწორობა დაგაკარგვინოს?

- ჰოროსკოპის ძალიან მჯერა. ზოდიაქოს ნიშნით კურო ვარ, ამიტომ ძალიან მშვიდი გახლავართ. წონასწორობას იშვიათად ვკარგავ. სიყალბეს ვერ ვიტან. ადამიანების ენერგეტიკას სასწაულად ვგრძნობ და ენერგეტიკის დონეზე, ადამიანის "მეს" ვხედავ. ხანდახან უბრალოდ, მინატრია, რომ ვერ ვხედავდე... რატომღაც, ბავშვობიდან აბსოლუტურად ყველა ადამიანთან (მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან...) ურთიერთობისას ფრთხილი ვარ, დისტანციას ვიცავ. ვცდილობ, ჩემს პირად სივრცეში არავინ შემოვუშვა. ვგრძნობ, როცა ენერგეტიკა მიბინძურდება, ამიტომ ყალბ ადამიანებს ვერ ვიტან...

- გაბრაზებული როგორი ხარ? - გაბრაზება არ მიყვარს. ხომ ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ვარ? აი, როცა ვბრაზდები, ხშირად თავს ვერ ვაკონტროლებ - აფექტის მდგომარეობაში გახლავართ. ბოლო დროს საკუთარი ემოციების გაკონტროლება ვისწავლე. მიხარია, რომ ამ მიმართულებითაც გავიზარდე, რადგან დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემი სასცენო კარიერის, პროექტების განმავლობაში, ბევრ ისეთ პიროვნებასთან მქონდა ურთიერთობა, ვინც ადამიანს პიროვნულად გზრდის, ტკივილით თუ სიხარულით, ცუდით თუ კარგით... საკუთარ თავზე ყოველთვის ვმუშაობ, როგორც მუსიკალური განვითარების, ასევე პიროვნული თვისებების ჩამოყალიბების მიმართულებით. ჩემს ცხოვრებაში ეს საკითხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მინდა, ჩემი ადამიანური თვისებები სრულყოფილი თუ არა, გარკვეულ დონეზე დახვეწილი მაინც იყოს.

- შენს სამუშაო სფეროში რამდენად იგრძნობა შური, მტრობა, სიყვარულის ნაკლებობა?.. - დაახლოებით 7 თვეა, რაც მუსიკალური სტუდია გავხსენი. მოსწავლეები 4 წლის ასაკიდან (მათ შორის - უფროსი ასაკის ქალბატონებიც) მყავს. ჩემი საქმით ისეთი დაკავებული ვარ, ტვინი სტუდიისკენ ისეთი "გადართული" მაქვს, რომ უარყოფით ემოციებზე საერთოდ არ ვფიქრობ. დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მშობლები გენდობიან, საკუთარ შვილებს განდობენ, რათა მუსიკალურად სწორად აღზარდო, განავითარო... ჩემთვის ჩემი სტუდია ახლა პირველ ადგილზე დგას. შოუბიზნესში რა ხდება, არ მაინტერესებს. ზოგადად, ინფორმირებული ვარ, სად რა და როგორ ხდება, მაგრამ კულუარებში გათვითცნობიერებული არ ვარ. ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და აბსოლუტურად კარგად ვგრძნობ თავს. შესაბამისად, შურს და ბოღმას აღარ ვგრძნობ, რადგან რეალურად, ეს ჩემამდე ვეღარ აღწევს... როცა საკუთარი საქმე გაბედნიერებს, თავდაჯერებული ხარ, ზედმეტი რაღაცები აღარ გაინტერესებს.

- სტუდიაში თავად რა ამპლუაში ხარ? - ვოკალის პედაგოგი ვარ. ბავშვებს ვურჩევ, რომელი ჟანრი მოუხდებათ. საბედნიეროდ, ძალიან კარგი მუსიკალური ხედვა მაქვს. 4 წლიდან სცენაზე ვდგავარ, ყოველთვის ობიექტური ვარ. სულ მინდოდა, რომელიმე მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრი ვყოფილიყავი, შეფასებისას სიტყვებსაც სწორად შევარჩევდი - ამ მხრივ, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. ზუსტად ვხვდები, ვის როგორი შესაძლებლობა აქვს.

- ხანდახან მშობლებს შვილის შესაძლებლობების შესახებ გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ ხოლმე. როგორ ახერხებ, მათ რეალობა დელიკატურად აუხსნა? - თურმე შემძლებია. საერთოდ, სტუდიის გახსნასთან დაკავშირებით, ყოველთვის სკეპტიკურად განწყობილი გახლდით. მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობის შემდეგ, ყოველთვის იყო სურვილი, სტუდია შემექმნა. სხვათა შორის, ამაში ნუცა ჯანელიძემ დიდი როლი შეასრულა, მისი აღზრდილი ვარ. რეალურად, დღევანდელი ჩემი საქმიანობა მისი დამსახურებაა. ეს არის ადამიანი, ვინც ჩამომაყალიბა, როგორც მუსიკალურად, ასევე პიროვნულად. დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მისგან რჩევებს სულ ვიღებ. როცა ჩემი სტუდიის შესახებ შეიტყო, ძალიან გაუხარდა, რა თქმა უნდა.

- როგორც მომღერალი, მუშაობას აგრძელებ? - შეძლებისდაგვარად. საერთოდ, ხელოვანი ადამიანები საქართველოში კონცერტებით განებივრებულები არ ვართ. ამიტომ ჩვენი სასცენო მოღვაწეობა ძალიან მწირია. შეიძლება, წელიწადში 2-3 სამთავრობო კონცერტი იყოს. ასევე, არის კორპორაციული საღამოები, სხვადასხვა ღონისძიება... ასე შეგვიძლია, ხალხს თავი არ დავავიწყოთ. ტელეშოუებიც შესაძლებლობას გვაძლევს, სიმღერის პრემიერა "გავაკეთოთ". შარშან ჩემი სიმღერის პრემიერა სწორედ "პრაიმ შოუში" მქონდა (სიმღერის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი გახლავთ, რისთვისაც მადლობას ვუხდი). ძალიან მაგარი სიმღერა გამოვიდა - "გულთან ახლოს" მაქვს. თან, ჩემი პირველი ქართულენოვანი სიმღერაა. საზოგადოებამაც კარგად მიიღო: ვიდეოებს დღემდე მიგზავნიან, თუ როგორ უსმენენ მგზავრობისას (იცინის). ეს დიდი ბედნიერებაა. ძალიან მინდა, მალე მეორე სიმღერაც ჩავწერო...

ეთო ყორღანაშვილი