"კავკასიის თავისუფლების საწინდარი საქართველოა" - ვინ არის ქისტი ქალი, ვინც კადიროვს საკადრისი პასუხი გასცა - კვირის პალიტრა

"კავკასიის თავისუფლების საწინდარი საქართველოა" - ვინ არის ქისტი ქალი, ვინც კადიროვს საკადრისი პასუხი გასცა

"პანკისელებს, როგორც საქართველოში დაბადებულ-გაზრდილებს, გვევალება ამ ქვეყნის დაცვა"

ვისაც მისი ხელნაკეთი სამკაულები ნანახი აქვს, შეიძლება არ გაუკვირდეს თუ გაიგებს, რომ ექიმ-სტომატოლოგია, თუმცა ნამდვილად გაოცდება, როდესაც მის პროფესიათა ჩამონათვალში სამართალმცოდნეობას ამოიკითხავს. ლიტერატურითა და კულტურით დაინტერესებული საზოგადოება მწერლის სტატუსით იცნობს. ასევე ხელმძღვანელობს სათემო კავშირს "პანკისის კეთილდღეობისთვის". არის სამაგალითო დედა და მეუღლე. ჩემთვის, როგორც ერთი ჟურნალისტისთვის თუმი დიშნი (ნონა ხანგოშვილი) სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, მებრძოლი ქალბატონია. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს საქართველოს მიმართ გაკეთებულ მუქარის განცხადებაზე პასუხი მისწერა.

"რამზან კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე სულ ორასი კილომეტრია, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მისივე ხალხი ცხოვრობს ორას წელზე მეტია და სულ რაღაც ერთი წლის უკან პანკისში მანქანაზე გაკრული მისი პლაკატები ჩამოგლიჯეს და ფეხქვეშ გათელეს. ისინი პირველები იქნებიან საქართველოში, ვინც პირველები დაუდგებიან წინ საბრძოლველად, თუ ერთი გოჯითაც გადმოლახავს საქართველოს საზღვარს. კადიროვს ნუ ავიწყდება, რომ ჩეჩნეთისათვის რუსეთის იმპერია ისეთივე ოკუპანტი ურჩხულია, როგორც საქართველოსთვის", - წერდა ქისტი ქალბატონი კადიროვის საპასუხოდ.

თუმი დიშნი:

- ამ წერილით ჩემი ემოცია გამოვხატე, პანკისელებს, როგორც საქართველოში დაბადებულ-გაზრდილებს, გვევალება ამ ქვეყნის დაცვა. ჩემი ფესვები ჩეჩნეთ-ინგუშეთშია, საქართველომ გამზარდა. ორივე სამშობლო ერთნაირად მიყვარს და მტკივა. როგორც კადიროვმა თქვა, ჩეჩნეთს და საქართველოს მხოლოდ 200 კილომეტრი ჰყოფს, ორივე ქვეყნის ბედი და ისტორია ერთნაირია. კადიროვმა თავისი განცხადება მოგვიანებით განმარტა, თქვა, რომ სხვა გაგებით ვთქვი, ვიგულისხმე, რომ ჩეჩნებს და ქართველებს ერთმანეთთან კულტურა და ტრადიცია გვაკავშირებსო. ძალიან მინდა ამის დაჯერება. გულიც მეუბნება, რომ კადიროვი საქართველოს წინააღმდეგ ცუდს არაფერს გააკეთებს. აფხაზეთის ომში მონაწილე ჩეჩნებს თანამემამულეები დღემდე არ პატიობენ ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას. თავადაც ძალიან ნანობენ.

- მსმენია, რომ თითქოს ჩეჩენმა მამამ აფხაზეთში მებრძოლი შვილის ცხედარი ოჯახში არ დაასვენა, ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა მკვდარსაც არ აპატიაო. ეს სიმართლეა?

- დიახ, სიმართლეა. ჩეჩნები ამბობენ, თუ ცხედარი საკუთარ სახლში მიიტანეს, ე.ი. ის არც მომკვდარაო. ახლა თავად განსაჯეთ, როგორი სასჯელი გამოუტანა მამამ საკუთარ შვილს. ბევრმა ქართველმა იცის, იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ომის დროს ჩეჩნებს ბევრი ქართული ოჯახი ჰყავთ აწიოკებას გადარჩენილი, ბევრი ახალგაზრდა კი წამებისა და დამცირებისგან იხსნეს. ჩეჩნებსა და ქართველებს შორის ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემა.

- თქვენ, ისევე როგორც თქვენი და, ქალბატონი მექა, საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავთ. ეს თქვენი მამის, ბატონი ხასოს დამსახურებაა, თუ ზოგადად გარემო პირობებმა განაპირობა საქართველოს მიმართ თქვენი ასეთი დამოკიდებულება?

- მამა თავისი მაგალითით გვიჩვენებდა, როგორ უნდა გვყვარებოდა ქვეყანა, რომელმაც ჩვენ, ქისტი ხალხი შეგვიფარა და 200 წლის განმავლობაში გვასაზრდოვა, ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მოგვცა. მამასთვის კი მაგალითი მისი მამა იყო. ჩემი მამა-პაპა გამონაკლისები არ ყოფილან, ქისტებს უყვართ და სტკივათ თავიანთი სამშობლო-საქართველო. ქისტები ხომ ვაჟას, ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებზე გავიზარდეთ. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ორი სამშობლო გვქონდა საქართველო და ჩეჩნეთი.

- როგორი იყო, გარემო სადაც თქვენ ბავშვობა გაატარეთ, სადაც პიროვნებად ჩამოყალიბდით?

- ბავშვობა პანკისის მთებში ბებიასთან მაქვს გატარებული. როგორც კი მაისი დადგებოდა, ბებია მოგვკიდებდა ხელს შვილიშვილებს და მთებში, ჩვენს საზაფხულო ბარაკებში მივყავდით. სექტემბრამდე არ ვბრუნდებოდით დუისში. ალბათ ამ ფაქტმაც განაპირობა, რომ ბიძაშვილებს განსაკუთრებულად გვიყვარს ერთმანეთი. ბებია იყო ჩემი იდეალი. დიდებული, ნამდვილი მთის ქალი გახლდათ, თავისი მკაცრი, მაგრამ ამავდროულად თბილი ხასიათით. მგონია, რომ სწორედ მან ითამაშა დიდი როლი ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

- ერთი ადამიანის პირობაზე საკმაოდ ბევრი პროფესია გაქვთ. საკუთარ შესაძლებლობებს ცდით თუ უბრალოდ ძიებაში ხართ?

- ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა მამა. ოთხი და-ძმა ისე გავიზარდეთ, მამისგან მოფერება არ გვახსოვს, მაგრამ მე როგორც ნაბორალა, მისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. ახლა ისეთ ასაკში ვარ, ორივე მშობელი ძვირფასია ჩემთვის, თუმცა მამა მაინც განსაკუთრებულია.

ერთხელ მამა თუთის ხიდან ჩამოვარდა და ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო, ხერხემლის მალები ჰქონდა ჩამტვრეული. ოპერაციის შემდეგ ექიმებმა გვითხრეს, რომ ვეღარასდროს გაივლიდა. იმ პერიოდში, გროზნოდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, (ჩეჩნეთ-რუსეთის მეორე ომის დაწყების გამო იძულებული გავხდი, სწავლა მიმეტოვებინა. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობდი), სამი წლის ქალიშვილიც მყავდა უკვე. მამას სასთუმალს არ ვშორდებოდი. ხშირად ამბობდა, თუმიშას ექიმის ხელი აქვს, განსაკუთრებულად მსიამოვნებსო. მისმა სიტყვებმა ისე იმოქმედა, რომ გადავწყიტე ექიმი გავმხდარიყავი. სამედიცინოზე ჩავაბარე, მაგრამ შემეშინდა, ჩემს უნებურ შეცდომას ადამიანის სიცოცხლე არ შეეწირა და სტომატოლოგობა ავირჩიე. სხვათა შორის, მამამ ერთ წელიწადში ეტლით გადაადგილება შეძლო, მერე ყავარჯნებზე დადგა და ბოლოს მანქანის საჭესთანაც დაჯდა. ექიმები გაოცებულები იყვნენ... მისი საოცარი შინაგანი სიძლიერე ჩემთვის დღემდე, სხვა ღირებულებებს შორის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

თუმი დიშნის ხელნაკეთი სამკაულები

ძალიან მიყვარს ჩემი ყველა პროფესია, განსაკუთრებით მხატრული რესტავრაცია. ისე მოხდა, რომ ხელოვნებაში სერიოზულად გადავერთე. ეს დარგი ბავშვობიდან მიყვარდა. როცა საკუთარი ხელით შედევრს ქმნი, თავად პროცესიც და შექმნილის ხილვაც განსაკუთრებული სიამოვნებაა. სამკაულების კეთება დავიწყე, გამოფენებიც მოვაწყვე... წიგნი-ალბომებზე მუშაობა და წერა კი ვაინახების ისტორიის, კულტურისა და ისტორიის მიმართ საზოგადოების ინტერესმა განაპირობა. მინდოდა, როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვისაც გამეზიარებინა ვაინახების მეორე მხარე – კულტურა, ხელოვნება და ამით მეჩვენებინა, რომ ჩვენ მხოლოდ ბძოლებისთვის არ ვართ დაბადებული, მშვიდობაც გვიყვარს, თავისუფლებასთან ერთად. გვაქვს კულტურა, ხელოვნება, ვართ შემოქმედი ხალხი და ვაფასებთ სიცოცხლეს.

- როგორც თავად თქვით, ერთხანს გროზნოში ცხოვრობდით. იქ დაბრუნებას თუ აპირებთ?

- 17 წლის ვიყავი, როდესაც სასწავლებლად წავედი. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ჩემს ისტორიულ სამშობლოს. ჩეჩნეთის მიწაზე ფეხი რომ დავადგი, მაშინ გავიაზრე რას გულისხმობდნენ ქართველები, როდესაც ამ მხარეს მზეთა ქვეყანას ეძახდნენ. მაშინ ჩეჩნეთი დამოუკიდებელი იყო... 20 წელია იქ აღარ ვყოფილვარ. მინდა ჩემს მეხსიერებაში ისევ ისეთად დარჩეს, როგორიც დამოუკიდებლობის პერიოდში იყო. როდესაც ჯოხარ დუდაევი ცოცხალი იყო, როდესაც ზვიად გამსახურდია იქ ცხოვრობდა თავისი ოჯახით. ჩეჩნეთ-რუსეთის პირველი ომის შემდეგაც ვიყავი. იცით რა ამაყი ვიყავი, რომ ჩემმა პატარა სამშობლომ ამხელა რუსეთი დაამარცხა?! მთელი ქალაქი დაბომბილი იყო, შენობების ნანგრევებზე ბალახი იყო ამოსული, მაგრამ მერე რა? ის ხომ თავისუფალი იჩქერია იყო. იქ აღარ ჩავალ, სანამ დამოუკიდებლობას არ მოვიპოვებთ.

- ამის იმედი ისევ გაქვთ?

- დიახ, მაქვს! თბილისში ჯოხარ დუდაევის მეუღლესთან, ალა დუდაევასთან და მის ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობდი. პარალელურად ერთად ვმუშაობდით ტელეკომპანია "პიკზე" (საზოგადოებრივი მაუწყებლის არხი) გადაცემის "პირველი კავკასიურის" ასისტენტი ვიყავი, ქალბატონი ალა კი წამყვანი გახლდათ. ძალიან საინტერესო გადაცემა იყო. ქალბატონს თან გადაცემა მიჰყავდა, თან რესპონდენტებს ხატავდა. იმ პერიოდში ძალიან ბევრ ისტორიულ მასალას გავეცანი, ძალიან ბევრ ხალხს შევხვდი... რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებდი უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, ახლა კიდევ უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ კავკასია აუცილებლად გათავისუფლდება რუსეთისგან. თუმი დიშნი ქალიშვილთან ერთად

კავკასიის თავისუფლების საწინდარი კი საქართველოა. ტყუილია, იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ერთმორწმუნე რუსეთის გარეშე არსებობა არ შეუძლია. მსოფლიომ დაინახა და აღიარა, რომ როდესაც რუსებმა საქართველოს ეკონომიკური ემბარგო დაუწესეს, სწორედ მაშინ გაძლიერდა და განვითარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენ კავკასიელებს საერთო კულტურა, იდენტობა და გენეტიკა გვაქვს. როდესაც საქართველო გაძლიერდება პროცესები თავისით წავა... საქართველო, ჩეჩენ-ინგუშეთი, ჩერქეზეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი... ერთ ძლიერ კავკასიურ ოჯახს შევქმნით. ჩვენი მენტალობიდან, ფესვებიდან, ისტორიიდან გამომდინარე ყოველთვის შევძლებთ საერთო ენის გამონახვას.

- თუმცა დღეს, კავკასიურ ქვეყნებს შორის რუსეთს ყველაზე ღრმად სწორედ ჩეჩნეთში აქვს ფესვები გადგმული.

- ეს არ არის ღრმად გადგმული ფესვები, რუსეთის ფესვები ჩეჩნეთში ისეთივე "მყარია", როგორც ნაზი ლარნაკი. ის ერთ დღეს აუცილებლად დაიმსხვრევა. ძალადობით ვერაფერს გახდები, ფესვების ღრმად გადგომა მხოლოდ თავისუფლებას და სიყვარულს შეუძლია...

- რამზან კადიროვის რუსეთისადმი ერთგულებას რას მიაწერთ? მით უფრო ცნობილია, რომ მისი მამის მკვლელობა სწორედ კრემლში დაიგეგმა.

- კადიროვი ჩეჩენია და მე გულის სიღრეში მჯერა, რომ ბოლო მომენტში ის ჩვენ არ გაგვწირავს. რუსეთთან ორი ომის შემდეგ ჩეჩენი ხალხი გადაშენების გზაზე იდგა, მაგრამ მაინც იბრძოდა. ვფიქრობ, იმ პერიოდში სწორედ კადიროვის მსგავსი ლიდერი გვჭირდებოდა, რომ გადავრჩენილიყავით. რუსებმა მხოლოდ მამაკაცები კი არა, ქალები და ბავშვებიც დაგვიხოცეს. ჩვენც უბიხებივით, გაწყვეტის პირას ვიდექით... კადიროვი რუსეთისადმი ერთგულების გამოხატვით, ჩეჩენი ხალხის ფიზიკურად გადარჩენას ცდილობს. სხვა გამოსავალი ახლა უბრალოდ არ არის!

იხილეთ ასევე: "კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე ორასი კილომეტრია" - რას პასუხობს ქისტი ქალი კადიროვს?

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)