აქციის 3 მონაწილიდან ერთი, რომელიც გუშინ დააკავეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს
18-07-2019
აქციის 3 მონაწილიდან ერთი, რომელიც გუშინ დააკავეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის სამი მონაწილიდან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვის დროს ცუდად გახდა. ის ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ.

აქციის აღნიშნული სამი მონაწილე გენერალურმა პროკურატურამ გუშინ დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვა
დასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

"კერძოდ: 1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, კერძოდ აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა
სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში", - აცხადებენ შსს-ში.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემულია 12 პირი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები