"ქალს თუ თვალში ინტელექტის ნაპერწკალი არ უბრწყინავს, საშინელებაა. დადიან პლასტმასის თოჯინები..." - რას ჰყვება თემიურ წიკლაურის ქალიშვილი? - კვირის პალიტრა

"ქალს თუ თვალში ინტელექტის ნაპერწკალი არ უბრწყინავს, საშინელებაა. დადიან პლასტმასის თოჯინები..." - რას ჰყვება თემიურ წიკლაურის ქალიშვილი?

მომღერალი ქეთი წიკლაური კულინარიის, ბავშვობის დროინდელი "ივერიის" ბანკეტებისა და შთაბეჭდილებების, ოჯახის, მოგზაურობის, დიეტებისა და თავის მოვლის, შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება. აღნიშნავს, რომ კვებასთან დაკავშირებული საკითხები მისთვის მნიშვნელოვანი არ არის და მისი ინტერესები ხელოვნების სფეროებისა და შინაგანი განვითარებისადმი უფროა მიდრეკილი, ვიდრე ჭამა-სმის, ხმაურიანი წვეულებებისა თუ ვიზუალური ეფექტების მიმართ.

რა ერჩივნა სამზარეულოში ფუსფუსს?

- ვერ ვიტყვი, რომ კულინარიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, საშუალო, ფანატიზმის გარეშე, თუმცა, კერძების კეთება, ცხადია, მეხერხება და რაც ვიცი, გემრიელი გამომდის. გადამეტებული ინტერესი არც მაქვს, არც ჰობი და საყვარელი საქმეა ჩემთვის. დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც ამით დაინტერესებულია და რაღაც საოცრებებს ამზადებს ხოლმე. დედა, მამა, ბებიები არაჩვეულებრივი მზარეულები იყვნენ და როცა ვუყურებდი, ვინ რას აკეთებდა, თავისთავად მამახსოვრდებოდა. მე სხვა რაღაცები უფრო მაინტერესებდა, მაგალითად, მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ხელოვნებასთან დაკავშირებული სფეროები, ვიდრე სამზარეულოში ფუსფუსი, არ ვარ იმ ტიპის ქალი, რომ ამისგან სიამოვნებას ვიღებდე.

ამბობენ, ორი ტიპის ქალი არსებობსო - დამლაგებელი და მზარეული, მე სახლის დალაგება უფრო მომწონს, ვიდრე მზარეულობა. ზოგს უყვარს სუფრისა და სამზარეულოსთვის ჭურჭლის საყიდლად სიარული, მე ესეც ნაკლებად მაინტერესებს. თუმცა, გემოვნებიანი ყველაფერი მომწონს. არც გურმანი ვარ, ვჭამ იმას, რაც არის, მარტივი რაღაცები მიყვარს, თუნდაც, შემწვარი ან მოხარშული კარტოფილი. ხარისხს კი ნამდვილად დიდ ყურადღებას ვანიჭებ, ჯანსაღი აუცილებლად უნდა იყოს. მოკლედ, საკვებს ვერ ვაფეტიშებ.

ბანკეტები და წვეულებები

- მოგეხსენებათ, ჩემი ოჯახის სტატუსი და დიდი წვეულებები ოჯახში ხშირად გვქონდა-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ, რადგან ჩემი მშობლები ძალიან დაკავებულები იყვნენ, "ივერია" წარმატებისა და პოპულარობის პიკში იყო და დიდხნიანი ტურნეები ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, სახლში წვეულებების მოსაწყობად დრო ნაკლებად რჩებოდათ. როცა მათთან ერთად სადმე დასასვენებლად მივდიოდი, ზაფხულის არდადეგებზე, კონცერტების შემდეგ, სულ ბანკეტები იმართებოდა და იმის გამო, რომ პატარა ვიყავი, ძალიან ვიღლებოდი, მაგიდასთან ვიჯექი და ხან მიმეძინებოდა, ხან გამეღვიძებოდა, ისინი კი ისხდნენ და ქეიფობდნენ. ამიტომ, იქიდან მოყოლებული, ბანკეტები და წვეულებები არ მიყვარს, ვცდილობ, სახლში არ გავმართო (იცინის). საჭმელ-სასმელი იქ ყოველთვის ბევრი იყო, მაგრამ დიდი მჭამელი ბავშვობაშიც არ ვიყავი. ხიზილალა და ზეთისხილი რომ არ გეყვარება ბავშვს...

იმ ადამიანების მიმართ, დიდი პატივისცემა მქონდა და დღესაც მაქვს, იმასაც კარგად ვიაზრებდი, რასთან და ვისთან მქონდა საქმე - ცოცხალ ლეგენდებთან. ერთად ისხდნენ უაღრესად განათლებული, უდიდესი იუმორის მქონე ადამიანები, ნიჭიერები, ლამაზები, არტისტულები და მოსიყვარულეები. მართლა ძალიან საინტერესო და დადებითი ენერგიით იყო დამუხტული მათი შეკრებები.

"ვისხედით და ვსწავლობდით"

- საზღვარგარეთ ბევრგან არ ვარ ნამყოფი, რადგან იმ პერიოდში ასე თავისუფლად არ უშვებდნენ, აქეთ-იქით სიარული მიღებული არ იყო, ჩვენ ვისხედით და ვსწავლობდით. აქედან გამომდინარე, მხოლოდ არდადეგებზე დავყავდით სადმე, მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში. მერე უკვე, როცა გავიზარდე, რამდენიმე ქვეყანაში ვიყავი. რაც შეეხება მათ კულინარიას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ინტერესის სფერო არ არის, მაინცდამაინც არც მამახსოვრდება ხოლმე. ერთადერთი, რასაც ყველგან მივირთმევ, პიცაა, იტალია იქნება თუ საფრანგეთი. ხალხურ ტრადიციებთან შეხება არ მქონია, ჩვეულებრივ სიტუაციებში ვიყავი მიწვეული, სადაც სტანდარტული, ევროპული კერძები იყო. ალკოჰოლს საერთოდ არ ვსვამ, ამიტომ, ღვინოსთან დაკავშირებული ამბები არც მაინტერესებს. როცა რომელიმე ქვეყანაში ჩავდივარ, ჩემს ყურადღებას იქაური განწყობა, აურა, ენერგია, ხალხი, სიტუაცია იქცევს.

ჩვენთან, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნაციონალური ოჯახი გვაქვს, რამდენიმე კულტურის რეცეპტებს ვიყენებთ - ქართული, რუსული, უკრაინული და სხვა, ის, რაც ძირითადადაა მიღებული თბილისში.

წარმატებული მამა

- მამა უგემრიელესად ამზადებს, კაცები ხომ ყველაზე კარგი მზარეულები არიან, შეფმზარეულებადაც ხომ ძირითადად, სულ მამაკაცები გვხვდებიან და თემურიც ამის კლასიკური მაგალითია. შეფმზარეულობა რომ აერჩია, ამ სფეროშიც ძალიან წარმატებული იქნებოდა, კაცურ საჭმელებს აკეთებს ხოლმე - ხორცეულს და თევზეულს, ყველაფრის კეთება იცის და ძალიან მაგარი გამოსდის. დედაც საოცარი მზარეული იყო, მთელი ცხოვრება უგემრიელეს კერძებს აკეთებდა, მურაბებს, ბლომანჟეებს, ნამცხვრებს. ერთადერთი, ტორტებს არ აცხობდა.

ტყუილი - სხეულისთვის

- თინეიჯერობისას ვდიეტობდი. ეს ხომ ისეთი ასაკია, როცა საკუთარ გარეგნობაში რაღაცები არ მოგწონს და გგონია, რომ წონაც ზედმეტი გაქვს, თუმცა, ახლა ვხვდები, რომ სადიეტო მაშინ ნამდვილად არაფერი მჭირდა და რატომ ვდიეტობდი, არ ვიცი. მეტსაც გეტყვით, ვშიმშილობდი კიდეც, 2-3 დღე და ახლა რომ ვუფიქრდები, ეს როგორ შეიძლებოდა... დიეტა ფაქიზი თემაა, შიმშილს და არასწორ დიეტას ზიანის გარდა არაფერი მოაქვს, დაუშვებელია. ოდნავ ხდები და მერე, როგორც კი ჭამას ჩვეულ რიტმში იწყებ, უარესად იმატებ, თანაც, ნერვებსა და ჯანმრთელობას იზიანებ.

ახლა დიეტას არ ვიცავ. ყველაზე კარგია ულუფების შემცირება და საღამოს მსუბუქად ჭამა, ჯანსაღი საკვების მიღება ყოველ სამ საათში, ცომეულისა და პურის შეზღუდვა. შენი სხეული უნდა "მოატყუო", რომ დიეტაზე ხარ, თორემ ვერ გახდები. ამასთან ერთად, აუცილებელია მოძრაობა და ბევრი წყალი. როცა მჭირდება, ამ ყველაფრის შესრულებას იდეალურად ვახერხებ, ნებისყოფა მყოფნის. ასეთი ადამიანი ვარ, თუ რამე მინდა, აუცილებლად გავაკეთებ. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, ვცეკვავ, ვმოძრაობ. ასე რომ, ეს პრობლემა არ მაქვს.

ინტელექტის ნაპერწკალი

- ვთვლი, რომ ყველა კულტურული ადამიანი უნდა იყოს დაკავებული თავის მოვლით. პლასტიკური ქირურგიის, ბოტოქსის, ნემსების მომხრე არ ვარ, იმის, რაც თანამედროვე კოსმეტოლოგიამ შემოიტანა. პირადად მე, მსგავსი არაფერი გამომიყენებია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები მაქვს. მსუბუქად რომ ვთქვათ, კარგი არ არის. ადამიანმა უნდა მოუაროს თავს, პირველ რიგში, ჰიგიენის დაცვით და ჯანმრთელობა მოიწესრიგოს, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ჯანმრთელი არ ხარ, როგორც უნდა გაიდიდო ტუჩი და მეხუთე წერტილი მიიკერო, შედეგი მაინც არ გექნება. სილამაზისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა, შინაგან განვითარებას აქვს. ქალს თუ თვალში ინტელექტის ნაპერწკალი არ უბრწყინავს, საშინელებაა. დადიან პლასტმასის თოჯინები, რობოტები... მე ეს არ მომწონს.

არიან ადამიანები, ვისაც მოსწონს ეს თანამედროვე ინიექციები, ფილერები და მათი უფლებაა, თუმცა ჩემს გემოვნებაში არ შედის, მირჩევნია, კოსმეტოლოგთან მივიდე, კანი გავიწმინდო, ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეს, კრემი ვიყიდო, დამატენიანებელი და სხვა; კარგი მასაჟი გავიკეთო; მიყვარს ცურვა, ვარჯიში, სიარული, სუფთა ჰაერი, ჯანსაღ ადამიანებთან ურთიერთობა, კარგი ლიტერატურა, მუსიკა, ხელოვნება, პოზიტიური განწყობა, საკუთარი თავის შემეცნება, ჩაღრმავება და ა.შ. ეს მირჩევნია ისეთი ზედაპირული რაღაცების გაფეტიშებას, როგორიცაა ცხვირი, ტუჩი, თვალი, საჯდომი, მკერდი. როცა ადამიანი ცარიელია და მხოლოდ ამითაა დაკავებული, ეს არის გზა ქვესკნელისკენ (იცინის).

არა - ექსჰიბიციონიზმს

- შემოქმედებითი კუთხით დიდი ხანია არაფერი ხდება, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი საღამოები მქონდა, მათ შორის, რომანსების. ერთადერთი ბედნიერება გვქონდა შარშან - "ჩხიკვთა ქორწილი" "ბლექ სი არენა"-ზე, რომელმაც საოცარი ანშლაგით ჩაიარა. იმედი მაქვს, "ივერიასთან" დაკავშირებული კონცერტი კიდევ გვექნება.

ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძვირია, შოუბიზნესი არ არსებობს, ისეთი შეგრძნება მაქვს, ქართული სიმღერები აღარ იწერება, მხოლოდ სტანდარტების გადამღერება მიდის - ევროპულისა და ამერიკულის. შოუებია, სადაც მღერიან ახალგაზრდები, რომელთა უმეტესობა მერე აღარსად ჩანს. მე იმის თანხები არა მაქვს, რომ ალბომები ჩავწერო და ახალი სიმღერები შევიძინო, კონცერტის ჩატარება და ფილარმონიის დაქირავება, ფაქტობრივად, გამორიცხულია, ტიტანებისთვისაც კი და ჩემზე საუბარი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, ტელეშოუებში პირადი ცხოვრების აღსაწერად მე არ დავდივარ, ექსჰიბიციონიზმით არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული. შესაბამისად, ეკრანზეც არ ვჩანვარ. შემოქმედება არ არის, სხვა რაღაცებში ვპოულობ თავს.

იხილეთ ასევე: "1983 წელს წავიდა ჩემი ბიჭი, გიორგი... მას მერე მისი სულის ძებნა დავიწყე..."

თამთა დადეშელი ჟურნალი "გზა"