"ახლა პროცესი მეათე მიშას მოუგო პირველმა მიშამ" - რას აცხადებს "რუსთავი 2" -ის საქმეზე გია ხუხაშვილი
18-07-2019
"ახლა პროცესი მეათე მიშას მოუგო პირველმა მიშამ" - რას აცხადებს "რუსთავი 2" -ის  საქმეზე გია ხუხაშვილი
ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის საქმეზე სტრასბურგის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გადაწყვეტილება ცნობილია. აღნიშნულმა სასამართლომ ორ­წლი­ანი გან­ხილ­ვა დაას­რუ­ლა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღეს გამოქვეყნდა. სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტით, კანონიერად ცნეს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის  ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების თაობაზე.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

სტრასბურგის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2" -ის  საქმეზე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი:

"დროა გავიხსენოთ ისტორია. ვარდების რევოლუციის
შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა პირდაპირ კონტროლზე აეყვანა ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - რუსთავი-2. ამისათვის, უნდა ჩამოეშორებინა მისი დამფუძებლები და ტელევიზია ნომინალურ, "სანდო" ბიზნესმენზე გადაეფორმებინა. გადაწყდა, რეალური ფული გადაეხადათ მესამედი წილის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილისთვის, ხოლო დანარჩენი ორი დამფუძნებლისთვის ტერორის ქვეშ ფაქტობრივად კაპიკებად წაერთმიათ ტელევიზია. ასეც მოიქცნენ. აქიმიძეს და
დვალს კაპიკებად გადააფორმებინეს თავისი წილები "ვიღაცაზე" და ამ ვიღაცამ თითქმის იმავდროულად უკვე "ძვირად" გადაუფორმა ხალვაშს, როგორც ხელისუფლებისთვის სანდო ბიზნესმენს "ჩერეზ" ოქრუაშვილი. ეს ეპიზოდი ცალკე თაღლითობას გავს და გამოსაძიებელია. დასადგენია, იცოდა თუ არა ხალვაშმა, რაში იღებდა მონაწილეობას, თუ მხოლოდ ინსტრუმენტი იყო, გადახდილ იქნა თუ არა იმ ფლოსტებიანი კაცის მიერ შესაბამისი გადასახადები, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფულის გათეთრებას, ეს კაცი იმაში ხომ არ დასჭირდათ, რომ ხალვაში კეთილსინდისიერ მყიდველად დაფიქსირებულიყო, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად და ა.შ.

მე არაფერს ვამტკიცებ - ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რადგან დანაშაულის ნიშნები სახეზეა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხალვაში ბიზნესში მიშამდეც წარმატებული იყო. თუმცა ამ ისტორიიდან ჩანს, რომ ის იყო პირველი "მიშა" რუსთავი-2-ში. მერე ურთიერთობები აერიათ. ქიბარი ხორცის მანქანაში გაატარეს, რისთვისაც გულწრფელად თანავუგრძნობ და რუსთავი-2 შემდეგ ნომინალურ მიშაზე გააფორმეს და ა.შ. ახლა პროცესი მეათე მიშას მოუგო პირველმა მიშამ. თქვენი გადასაწყვეტია, ამას დაარქმევთ თუ არა სამართლიანობის აღდგენას. მე ვერ დავარქმევ, სანამ ტელევიზია დვალს და აქიმიძეს არ დაუბრუნდება, თუმცა მზად ვარ გავჩუმდე თუ ხალვაში მათთან საერთო ენას გამონახავს. სიმართლეს არაფერი ჯობია. კარგია, ხალვაში გამარჯვებას რომ ზეიმობს. თუ ცოტა სინანულითაც გააზავებს, შეიძლება დავივიწყოთ კიდევაც მისი მიშას კარის ბიზნესმენობის პერიოდი თავისი ტენდერებით", - წერს ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა და არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები