"კა­ბი­ნეტ­ში ვერ შე­გიშ­ვებთ, ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი პი­რა­დი სივ­რცეა...მდი­ვან­საც ვთხოვ, რომ ყავა არ გა­გი­კე­თოთ" - კვირის პალიტრა

"კა­ბი­ნეტ­ში ვერ შე­გიშ­ვებთ, ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი პი­რა­დი სივ­რცეა...მდი­ვან­საც ვთხოვ, რომ ყავა არ გა­გი­კე­თოთ"

"თქვენი კოლაბორაციონიზმი მიუღებელია და არ ვაპირებ თანამშრომლობას. მდივანსაც ვთხოვ, რომ ყავა არ გაგიკეთოთ. ახლა ვისაც გინდათ შეხვდი, მაგრამ ამ კაბინეტში ვერ შეგიშვებთ, ჯერჯერობით ჩემი პირადი სივრცეა", - ასე მიმართა "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის ახალ დირექტორ პაატა სალიას, რომელიც ტელევიზიაში მენეჯმენტთან შესახვედრად მივიდა.

თავის მხრივ, სალიამ აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-ში კაბინეტისთვის არ მისულა, რაზეც გვარამიამ შემდეგნაირად უპასუხა: "სჯობდა კაბინეტისთვის მოსულიყავით, აქ მოხვედით დემოკრატიის დასამარხად".

იქამდე კი, სალიამ აღნიშნა, რომ მენეჯმენტთან გასაუბრება სურდა, რათა სამომავლო საქმიანობის გეგმები დაესახათ.

"მინდა იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ჩართულნი არიან კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტში. მინდა გავიცნო ისინი. ვისაუბროთ და განვსაზღვროთ ხვალიდან რას ვაკეთებთ. ჟურნალისტების საქმიანობაში არ ვერევი", - განაცხადა სალიამ.

თავის მხრივ, აღნიშნულზე გვარამიამ უპასუხა:

"მე ვერ ვითანამშრომლებ კოლაბორაციონისტებთან. თქვენ სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ ხართ თანამონაწილე ამ ქვეყანაში მიმდინარე უკიდურესად მძიმე პროცესების.

თქვენ ახლა თუ გგონიათ, რომ აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ცდებით. ჩემთვის ის, რაც ხელისუფლებამ, მათ შორის თქვენი მონაწილეობით და თქვენი მარწმუნებლის მონაწილეობით გააკეთა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ციხეში, მიუღებელია. თქვენ დაეხმარეთ მას, ვინც გამოგაგდოთ თქვენი სახლიდან - აფხაზეთიდან... პირადად თქვენ გამოგაგდოთ აფხაზეთიდან", - მიმართა გვარამიამ სალიას, რაზეც ახალმა გენერალურმა დირექტორმა უპასუხა: "მე სხვა რამეზე სასაუბროდ მოვედი და არა პოლიტიკური განცხადებების მოსასმენად. ეს არის თქვენი აზრი".