"არ მეგონა, რომ როდესმე, თავისუფალ საქართველოში გოგებაშვილის "დედაენას" დაცვა დასჭირდებოდა"
18-07-2019
"არ მეგონა, რომ როდესმე, თავისუფალ საქართველოში გოგებაშვილის "დედაენას" დაცვა დასჭირდებოდა"
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე იაკობ გოგებაშვილის "დედაენასთან" დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"დედაენა! არ მეგონა, რომ როდისმე თავისუფალ საქართველოში გოგებაშვილის "დედაენას "დაცვა დასჭირდებოდა.

ამ თემაზე საუბარს მისი ისტორიით დავიწყებ: იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ დედაენას საუკეთესო დამცველი გამოუჩნდა: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. პიროვნება კი ლუარსაბ ბოცვაძე, მისი გარდაცვალების შემდეგ (1919 წელი) ეს საზოგადოებაც სულს ღაფავდა: სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ლამის თავის ფილიალად გადააქცია. დედაენაშიც ამ
პარტიის დროშა და პარტიული სარეკლამო ილუსტრაციები გაჩნდა. გასაბჭოების შემდეგ დედაენა ჯერ ავტორის გვარის გარეშე დაბეჭდეს, "შედგენილი ი.გ-ს მიერ" ასე ეწერა ყ
დაზე. შემდეგ კი საერთოდ აკრძალეს. სწავლა ანბანისა პლაკატებით დაიწყეს. ამ საქმეს რუსუდან ნიკოლაძე ჩაუდგა სათავეში. არშემდგარი პროექტი. ერთ პლაკატზე ქალი ეხატა, ქათმებს საკენკს რომ უყრიდა და ეწერა:ჯუ,ჯუ! ასე ასწავლიდნენ ასობგერა ჯ-ს. მაშინდელმა ინტელიგენციამ პროტესტი გამოთქვა, ბატონებმა აკაკი გვახარიამ და ვარლამ ძიძიგურმა ახალი წიგნი შესთავაზეს ბავშვებს, მასში ეს პლაკატებიც იყო და ტექსტებიც, ასე ნელნელა 1926 წლიდან 1936 წლამდე მიიყვანეს საზოგადოება კვლავ დედაენის დაბეჭდვამდე, რომელსაც ეწერა: დედაენა იაკობ გოგებაშვილის მიხედვითო.

ეს მაშინ დედაენის გაცოცხლება იყო, თუმცა ტექსტები საბჭოთა სინამდვილის ამსახველი, სტალინი მამლაქათთან ერთად, ლენინი, კოლმეურნეობა და ასო-ბგერა ჯ -ს შესწავლისას ეწერა: მათხოჯი. ეს ვარლამ ძიძიგურის დაბადების ადგილი იყო. ძვირად დაუჯდათ იაკობის გაცოცხლება. თუნდაც ამ ფორმით. აკაკი გვახარია დააპატიმრეს და დახვრიტეს. ვარლამ ძიძიგურმა კოლეგის ოჯახს ჰონორარი რომ აეღო და ასევე ავტორი რომ არ მოშორებულიყო წიგნს, მისი ძმა-ალექსანდრე გვახარია დააწერა ყდაზე: ა. გვახარია, მაინც აკაკი გვახარიას გულისხმობდნენ, როგორც აკაკის ოჯახში, ასევე კე-გეებეში. ამიტომ 1951 წელს ბიბლიოთეკებში რომ რეპრესირებული ავტორების სია მოვიდა და შიგნით აკაკი გვახარია ეწერა, ამოკრიფეს ყველა დედაენა ა.გვახარიას ავტორობით ბიბლიოთეკებიდან და დაწვეს.

ეს აკაკი გვახარიას ღირსეულმა შვილმა ბატონმა შურა გვახარიამ მომიყვა. მერე ქალბატონი ეკატერინე ბურჯანაძე და ნინო ბოცვაძე პატრონობდნენ დედაენას, ერთი ვარლამ ბურჯანაძის მეუღლე იყო, მეორე ლუარსაბ ბოცვაძის. ისინი დები ბაქრაძეები იყვნენ გათხოვებამდე. მერე კი ეკატერინე ბურჯანაძის გარდაცვალების შემდეგ1972 წ. უკვე 1973 წლიდან ვალერიან რამიშვილი, 1973-1984 წლამდე ორი ალტერნატიული სახელმძღვანელო იყო. ორივე გოგებაშვილის მიხედვით, ცვლილებები იმდენი იყო, რომ ბოლოს დედაენა ისე იყო გოგებაშვილის, როგორც საბჭოთა კონიაკი OS სარაჯიშვილისა. სსრკ-ს დროს OS "ოჩენ სტარს" ნიშნავდა, სარაჯიშვილის დროს კი ოლია სარაჯიშვილს.

დედაენა ჯერ ბრენდი იყო, სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი ფულის საბეჭდი მანქანა. იმდენად გათავხედდა გამომცემლობა "განათლება", რომ ახალი ფირმა შექმნეს: "ლამპარი" და განათლებიდან დედაენის ბეჭდვის და გავრცელების უფლება "ლამპარმა" აიღო. მერე კი დედაენის პირველი ნაწილი სამ რვეულად დაყვეს და თითოს მამასისხლის ფასად ყიდდნენ, შპალერის ქაღალდზე დაბეჭდილს. რატომ არ ეწერა წიგნს ავტორად გოგებაშვილი და რატომ იყვნენ მისი შემდგენლები?

გოგებაშვილმა ანდერძით წიგნი ძმისშვილებს არ დაუტოვა, გადასცა წერა-კითხვის საზოგადოებას, საზოგადოების მემკვიდრე განათლების სამინისტრო იყო. სამინისტროში კი სურდათ, დედაენა რაც შეიძლება მეტად შეეცვალათ , საქმეში ეთვლებოდათ. მასში საუკეთესო ლექსები ხშირად არ შედიოდა, შედიოდა ბევრი მდარე ლექსი საბჭოთა პოეტებისა.

დედაენის სახელმძღვანელოს დაბეჭდვაზე ოცნება გამომცემლებმა მხოლოდ 2000 წლიდან დაიწყეს. არადა ყველაზე ღირსეული ნაბიჯი ბატონმა ვახტანგ როდონაიამ გადადგა. მან გამოსცა და წარადგინა დედაენის სახელმძღვანელო არა გოგებაშვილის პრინციპების, არამედ დამოუკიდებელი ექსპერიმენტის მიხედვით. შედეგმაც არ დააყოვნა: ჯერ ლამის მიწაში ჩადეს, შემდეგ მოიწონეს სკოლებმა. ეს იყო რეალური ალტერნატიული სახელმძღვანელო. "ლამპარი" საბჭოთა დედაენის ატავიზმს ბეჭდავდა, არაერთი განათლბის სამინისტროს ყოფილმა ფუნქციონერმა მოინდომა გოგებაშვილის სახელმძღვანელოს გადამუშავება.

დღეს, როცა იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო ძეგლად გამოცხადდა და ყველაზე ნაკლები ცვლილებებით მომზადდა სულმნათი პედაგოგის სახელმძღვანელო წარწერით: იაკობ გოგებაშვილი. დედაენა . 2019 წელი. რა? არ აქვს მას უფლება ერთერთ ალტერნატიულ სახელმძღვანელოდ იყოს? როცა ლევილის ბიბლიოთეკაში სათუთად არის შენახული გოგებაშვილის დედაენები, როცა ბერლინში დავით ხელაძე 1931 წელს ბეჭდავს დედაენის 1912 წლის გამოცემის ასლს ქართული ემიგრაციისათვის,როცა 1976 წელს დედაენის ასი წლის იუბილეზე 1876 და 1912 წლების დედაენის ზუსტი ასლების 100000 ეგზემპლარის დაბეჭდვის შემდეგ ეს ასლები დღესაც თითქმის ყველა ოჯახში ინახება, როცა ღვთისმშობლის წილხვედრობაზე იჭაჭები და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეზე სახლში ხვრინავ 21-ე საუკუნეში, როცა გალში , ოჩამჩირეში , თურქეთის იმერხევში გოგებაშვილის დედაენით ჩუმად სწავლობენ ქართულს, როცა მასწავლებლები იმ ამოცანას ვერ ხსნიან , რომელსაც ბავშვებს ავალებენ, რა გოგებაშვილს მიადექი და თუ გოგებაშვილის მეთოდები მოძველებულია, ბატონ ვახტანგ როდონაიას რატომ გაუშრეთ სისხლი? რა გინდა ქართველო ერო? გითხრათ? პასუხი ბაგრატის ტაძარშია.

ბაგრატის ტაძარი არ უნდა აღედგინათო! რატომ? დაკარგა ქუთაისის ხელმძღვანელობამ ფულის შეჭმის შანსი. ყველა სამხარეო ხელმძღვანელობა მისი აღდგენის ფულს ჭამდა, დედაენის ასე გამოცემამაც საავტორო უფლებები გოგებაშვილისა შესაჭმელი არ გახადა. ეხლა უნდა დაწერონ ახალი სახელმძღვანელო.
ვინ არის დამწერი? არადა გვჭირდება ახალი საანბანო სახელმძღვანელო კომპიუტერული პროგრამით, არადა გვჭირდება ქართული ენის და წერის სასწავლებელი კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც უფასოდ განვათავსებდით ინტერნეტში. არადა, გვჭირდება ქართულლი ტექსტის წამკითხველი პროგრამა, სპილჩეკერით. კომპიუტერული ტექნოლოგიები და ელექტრონული სახელმძღვანელო ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენის სასწავლებლად. ქართული ემიგრაციისათვის, ო, რა ნიჭიერი და ზარმაცი არამზადები ვართ!

ერთი ამბავიც: იაკობ გოგებაშვილი სულთმებრძოლი რომ იწვა, მისი ახლობელი შევიდა და უთხრა: იაკობ, ყველას 100 მანეთი დაუტოვე, მე კი 50 მანეთიო, იქნებ გამიზარდოო. ცრემლი წამოუვიდა იაკობს. როცა მისი ძმიშვილი შევიდა, იაკობმა ლუღლუღით უთხრა: ამ კაცს 100 მანეთი დაუმატეთო. დღევანდელ დღეს რომ მოსწრებოდა, ნეტავ რას იტყოდა?"

უცნობი
19 ივლისი 2019 11:15
ვისაც როდის რა სჭირდება იმას იცავს, სასაცილოა პირდაპირ
თამარი
19 ივლისი 2019 08:22
ღირსეული ქართველი, და პატრიოტი ადამიანი.
iri ne
19 ივლისი 2019 03:39
დიდი მადლობა სტატიისთვის,ყველამ უნდა წაიკითხოს.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?