"სხვა ეროვნების ქალზე არც ვიფიქრებ. ვისზეც არჩევანს შევაჩერებ, აუცილებლად ქართველი იქნება..." - კვირის პალიტრა

"სხვა ეროვნების ქალზე არც ვიფიქრებ. ვისზეც არჩევანს შევაჩერებ, აუცილებლად ქართველი იქნება..."

"მე რომ დავიბადე, არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ და მასწავლეს ისევე, როგორც მამაჩემს ასწავლეს თავის დროზე..."

28 წლის ფერეიდნელ ნიკა რამიშვილს საქართველოში ჯერ ყველაფერი არ უნახავს, მაგრამ ამბობს, რომ სვანეთმა და მაღალმთიანმა აჭარამ განსაკუთრებით მოხიბლა. ფერეიდანში მას სინას ეძახდნენ, გვარად რაჰიმი იყო. შეუძლებელია, ემოციებისა და ცრემლების გარეშე უსმინო ამ ახალგაზრდა კაცს - განუზომელი ტკივილი იგრძნობა მის თითოეულ სიტყვასა და სამშობლოს სიყვარულში, სამშობლოდ კი საქართველო აურჩევია.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბავშვობიდანვე, როცა ქართველობასა და საქართველოზე მელაპარაკებოდნენ, სულ სხვანაირი ემოციები მქონდა. შეიძლება, ქართული კულტურა და ტრადიციები ზედმიწევნით ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ რაც მთავარია, ქართული სული და სამშობლოს სიყვარული არ დაგვიკარგავს. მე რომ დავიბადე, არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ და მასწავლეს ისევე, როგორც მამაჩემს ასწავლეს თავის დროზე..."

"მიუხედავად იმისა, რომ ყველა დედას უნდა შვილი ახლოს ჰყავდეს, დედას ერთხელაც არ უთქვამს, არ წახვიდე ან იქ რა გინდაო? თუმცა, როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, სულ მოწყენილი იყო. ჩემამდე მოსული ისტორია მე უნდა გამეგრძელებინა - ეს ზუსტად ვიცოდი და დედამაც იცოდა, რომ აუცილებლად ასე მოხდებოდა. ვფიქრობდი, თითქოს წინაპრები, საუკუნეების მანძილზე სამშობლოში დაბრუნებაზე რომ ოცნებობდნენ, ჩემს იმედად იყვნენ, მარტო მე არ მეკუთვნოდა ჩემი ცხოვრება..."

"რა თქმა უნდა, სხვა ეროვნების ქალზე არც ვიფიქრებ. ჯერჯერობით არავისზე ვფიქრობ, მაგრამ ვიცი, რომ ის, ვისზეც არჩევანს შევაჩერებ, აუცილებლად ქართველი იქნება..."

"საქართველო აღმოჩნდა ის ერთადერთი ქვეყანა, წარმოდგენილზე უფრო ლამაზად და თვალწარმტაცად რომ მომეჩვენა. ავტობუსით 36 საათი სჭირდება მგზავრობას და ვერც ვგრძნობდი დაღლას, როცა აქეთ მოვიჩქაროდი. აი, აქედან წასვლა კი არასდროს მინდოდა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 19 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი