"ჩემი სამზარეულოში ტრიალი კატასტროფაა, იქაურობა ჩერნობილს ემსგავსება" - ვინ არის "მასტერშეფის" "მანჯი" - კვირის პალიტრა

"ჩემი სამზარეულოში ტრიალი კატასტროფაა, იქაურობა ჩერნობილს ემსგავსება" - ვინ არის "მასტერშეფის" "მანჯი"

ჟურნალისტმა და "მასტერშეფის" მონაწილემ, გიორგი მანჯავიძემ მაყურებლების დიდი მოწონება და სიყვარული მოიპოვა. გიორგი ეკრანზე ხან ნეანდერტალელია ჭიათურიდან და მათ კვალს იკვლევს მღვიმეებში, ხან უცხოელი ტურისტია საქართველოში და აქაურების თაღლითურ სქემებს შიფრავს, ხან ცხელი წერტილებიდან უახლეს ინფორმაციებს გვაწვდის. როდესაც ინტერვიუზე შესათანხმებლად დავურეკე, დღეს ძიძის როლში ვარო, მითხრა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"უნდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროფესიაა ჟურნალისტობა, თუმცა, გაკილვის სამიზნეებიც ვხდებით. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები ავად ვართ ჩვენი საქმით. წლების განმავლობაში, გამოცდილების შედეგად, ბუნებით მონადირეებად ვყალიბდებით..."

"ჩემი პროფესიის წყალობით საფრთხეც არაერთხელ შემქმნია. ერთია, როდესაც სხვა ქვეყნის კონფლიქტს აშუქებ, მეორეა, როდესაც შენს ქვეყანაში აკეთებ ამას და თან იძულებული ხარ, სიმშვიდე შეინარჩუნო, ეს ადვილი ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ, მერე, როცა ყველაფერი გადაივლის, ერთიანად ვგრძნობ ემოციების მოზღვავებას..."

"ჩემი მეუღლისთვის ერბოკვერცხი მინდოდა შემეწვა, ოღონდ განსხვავებული და განსაკუთრებული რომ ყოფილიყო, ისე. მერე უკვე შვილებისთვის ვცდილობდი მომზადებას და კერძისთვის ისეთი ფორმის, ვიზუალის მიცემას, რომ მოსწონებოდათ. ასე "შევყევი" ნელ-ნელა და "მასტერშეფშიც" აღმოვჩნდი..."

"ჩემი სამზარეულოში ტრიალი კატასტროფაა, იქაურობა ჩერნობილს ემსგავსება. მეუღლე ამის წინააღმდეგი არ არის, პირიქით, უხარია კიდეც. ბიჭებიც მეხმარებიან ხოლმე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი