"ბავშვს მოძღვარი ზრდიდა. მშობლებს ვუთხარი, იქნებ წამოვიყვანოთ და ჩვენთან გავზარდოთ-მეთქი" - რაზე ოცნებობს უკრაინული "ვოისის" გამარჯვებული? - კვირის პალიტრა

"ბავშვს მოძღვარი ზრდიდა. მშობლებს ვუთხარი, იქნებ წამოვიყვანოთ და ჩვენთან გავზარდოთ-მეთქი" - რაზე ოცნებობს უკრაინული "ვოისის" გამარჯვებული?

"ღმერთი მაძლევს ძალას, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო"

2019 წლის უკრაინული საბავშვო "ვოისის" მონაწილე 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი საზოგადოების დიდმა ნაწილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საშუალებით გაიცნო. მისმა ხმამ და საშემსრულებლო მანერამ, არა მხოლოდ პროექტის ჟიურის, არამედ ბევრი მსმენელის აღფრთოვანება გამოიწვია. ფინალში გადასულ უკრაინელ მონაწილეთა შორის, ქართველ კონკურსანტსაც მოუწია გამარჯვებისთვის ბრძოლამ და უკრაინული მუსიკალური შოუს - საბავშვო "ვოისის" გამარჯვებული ქართველი ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა!

უკრაინულ მედიაში წერენ, რომ 12 წლის ქართველი მომღერალი მაყურებლის შეფასებით უდავო ლიდერი იყო. სუპერფინალის პირველ ეტაპზე მან ნინო ქათამაძის სიმღერა "ქუჩაში ერთხელ" შეასრულა. ამის შემდეგ ქართველმა მომღერალმა მენტორებთან, ჯგუფ "ვრემია ი სტეკლოსთან" ერთად, მომღერალ კუზმა სკრიაბინის საკულტო სიმღერა - "ლიუდი, იაკ კარაბლი" უკრაინულ ენაზე იმღერა. სუპერფინალის მეორე ეტაპზე, ქართველმა მომღერალმა სელინ დიონის ცნობილი ჰიტი, "ოლ ბაი მაისელფ" შეასრულა, რის შემდეგაც მას უკვე უწოდეს შოუს გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოს მასშტაბით პროექტ "ვოისის" საუკეთესო მომღერლების რეიტინგში შეიყვანეს. ბევრს ის საქართველოს პირველი არხის მუსიკალური საბავშვო პროექტიდან - "რანინა" ახსოვს, რომელშიც 2018 წელს მონაწილეობდა.

- ჩემი ოცნება იყო "ვოისში" მოხვედრა. მოგეხსენებათ, ეს პროექტი არაერთ ქვეყანაში ტარდება და დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდი, თუ რომელ ქვეყანაში მიმეღო მონაწილეობა. უკრაინაში ერთ-ერთ ფესტივალზე ყოფნისას, როცა გავიმარჯვე, მის ორგანიზატორს, გრიგოლ ჟღენტს ძალიან მოვეწონე. უკრაინელი ხალხი საოცრად თბილია, ბევრი თვისებით ჰგვანან ქართველებს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე უკრაინულ "ვოისში" მონაწილეობა, რაშიც დიდი დახმარება გამიწია გრიგოლ ჟღენტმა.

- ბევრი პროექტის მონაწილე იყავი. პირველად რა ასაკში წარდექი მსმენელის წინაშე? - მცირე ასაკიდან ვმღერი. 3-4 წლის ვიყავი, როცა პირველად ფესტივალზე "ოქროს თევზი" გუნდთან ერთად ვიმღერე... მანამდე, ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა მოსმენილს მალევე ვითვისებდი, ამიტომ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ჩვენს სოფელში, რუისში გუნდში მივეყვანე. 7 წლის გახლდით. გუნდიდან რომ გამოვედი და გორში, ქალბატონ ნანა სამხარაძესთან დავიწყე მომზადება. ასევე, ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლაში ვსწავლობ, კლასიკური მუსიკის განხრითაც ვცდილობ განათლების მიღებას. იქ ჩემი პედაგოგია მაყვალა ხორბალაძე. ამ მიმართულებითაც მაქვს წარმატება, 20 სექტემბერს ამერიკაში მივდივარ და კარნეგი ჰოლში ვიმღერებ. თუმცა, ზუსტად რას შევასრულებ, არ ვიცი, უახლოეს მომავალში გადაწყდება.

- წელს უკრაინულ "ვოისში" შესარჩევ ტურზე შენ გარდა, იყო ვინმე ქართველი? - არა, მხოლოდ მე ვიყავი.

- შენს ოჯახში მღერიან? როგორი მუსიკალური ტრადიცია გაქვთ?

- ჩემს ოჯახში სამოყვარულო დონეზე თითქმის ყველა მღერის, მაგრამ არა ისე, რომ ვინმეს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონოდა.

- რუისის სკოლაში სწავლობ? შენს ოჯახზეც მოგვიყევი... - დიახ, რუისში ვსწავლობ. მყავს და და ასევე, ვზრუნავთ ოთხ ბავშვზე.

- შენს შეძენილ და-ძმაზე რისი თქმა შეგიძლია, როგორ მოხვდნენ ისინი თქვენს ოჯახში? - მათზე დაწვრილებით საუბარი არ შეიძლება. მგონი, სახელების თქმაც არ შეიძლება. თუმცა გეტყვით, ეს როგორ მოხდა: ყინწვისის მონასტერში მამა შიოსთან რომ დავდიოდი, მასთან იყო ერთი ბავშვი, რომელსაც მოძღვარი ზრდიდა. მასთან კარგად ვერთობოდი და მინდოდა, ხშირად ვყოფილიყავით ერთად. ამიტომ მშობლებს ვუთხარი, იქნებ წამოგვეყვანა შინ და ჩვენთან გაგვეზარდა. ჩემმა მშობლებმა ამ კეთილ განზრახვაზე უარი ვერ მითხრეს, უფრო მეტიც, წამოვიყვანეთ ისიც და მისი დედმამიშვილიც. ახლა უკვე მეშვიდე წელია, 4 ბავშვი ჩვენს სახლში იზრდება. 1 ბიჭია და 3 გოგონა: 14, 12, 10 და 7 წლის.

- ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს... - (იღიმის) ჰო. ახლა დედა მათზე ზრუნავს და იმიტომ ვერ შეძლო ჩემთან უკრაინაში წამოსვლა. პროექტის მსვლელობისას ჩემთან ერთად იყო მამა და ასევე, ჩამოვიდა გრიგოლ ჟღენტი, ჩემი მასწავლებელი ნანა სამხარაძე.

- ალექსანდრე, როცა "ვოისის" პირველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, მგონი, ადამიანი არ დარჩა, ვისაც შენი ნამღერი არ ჰქონდა მოსმენილი. როცა ეს სურათი დაგხვდა, როგორი იყო შენი ემოცია? - ამხელა მხარდაჭერას არ ველოდი. მით უმეტეს, რომ გაცივებული ვიყავი, "ყელი წესრიგში" არ მქონდა, სანამ სცენაზე გავიდოდი, კულისებში პატარა მონაკვეთი წავიმღერე და ხმა ვერ ავწიე. ვიფიქრე, სცენაზე ასეთი რამ რომ დამემართოს, რა უნდა გავაკეთო-მეთქი? მაგრამ სცენაზე რომ გავდივარ, ენერგია მემატება, ღმერთი მაძლევს ძალას, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო. რაც შეეხება გამოხმაურებას, ეს მართლა ძალიან მოულოდნელი იყო. მაქსიმუმ ველოდი, წამეკითხა ფრაზა: "ქართველი ბიჭი უკრაინულ "ვოისში" წარმატებით გამოვიდა", მაგრამ გავხსენი "ფეისბუკი" და რას ვხედავ?! იმდენი გაზიარება ჰქონდა ჩემს ვიდეოს, შოკში ჩავვარდი, არაფრის თქმა არ შემეძლო. თბილისში რომ ჩამოვედი, ქუჩაში ხალხი მიყურებდა და მეუბნებოდნენ, შენ ის ბიჭი არ ხარ, "ვოისში" რომ მღერისო? ხალხმა იმდენი სითბო დამანახვა, ძალიან შევიცვალე უკეთესობისკენ. პროექტში გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს წარმატება მსოფლიო სცენაზე გზას გამიკვალავს. მინდა ეს საქმე გავაგრძელო და დავეხმარო ბევრ ბავშვს, რომ მათ ლაღი ბავშვობის წლები ჰქონდეთ.

- სამომავლოდ კიდევ რას გეგმავ? - მომწონს რეჟისორისა და მსახიობის პროფესიები. თავისუფალი დრო რომ მაქვს, ტელეფონით პატარ-პატარა ვიდეოებს ვიღებ. ჟურნალისტობაც მომწონს, მაგრამ არჩევანს მაინც სიმღერას, მსახიობობასა და რეჟისორობაზე შევაჩერებ, რადგან მგონია, ეს სამივე პროფესია კარგად "ეწყობა" ერთმანეთს.

- დარწმუნებული ვარ, წინ წარმატებული მომავალი გელის. დაბოლოს, ალბათ გიფიქრია რომელიმე მომღერალთან დუეტზე, ვისთან ერთად ისურვებდი სიმღერის შესრულებას? - ცოცხალი რომ იყოს, ძალიან დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი მაიკლ ჯექსონთან (იღიმის). ახლა ცოტა რეალურს ვიტყვი, დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი ორ მომღერალთან და ესენი არიან: ჯესი ჯეი და ჯენიფერ ჰადსონი.

ანა კალანდაძე ჟურნალი "გზა"