"ჩემი ნახვით გახარებული ვერ იქნებოდა" - არის თუ არა მომხრე პაატა სალია, რომ გიორგი გაბუნიამ "რუსთავი 2"-ზე მუშაობა გააგრძელოს - კვირის პალიტრა

"ჩემი ნახვით გახარებული ვერ იქნებოდა" - არის თუ არა მომხრე პაატა სალია, რომ გიორგი გაბუნიამ "რუსთავი 2"-ზე მუშაობა გააგრძელოს

მე მომხრე-მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში არაფრის არ ვარ, - ასე გამოეხმაურა "რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მომხრე, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ტელევიზიაში მუშაობა განაგრძოს, როცა ორთვიანი სანქციის ვადა გავა.

პაატა სალიას განცხადებით, როგორც მისი, ასევე ქიბარ ხალვაშის პოზიცია იყო, რომ ყველა რჩება დაკავებულ თანამდებობებზე, გარდა არხის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასი.

"მე მომხრე-მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში არაფრის არ ვარ. მე ვთქვი, დავაფიქსირე პოზიცია, რომ ყველა რჩება თავის ადგილას. ქიბარ ხალვაშის პოზიცია იყო ეს, რომ ყველა რჩება თავის ადგილას. ეს ეხებოდა უკლებლივ ყველას, გარდა ნიკა გვარამიასი. დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა არ იცის გიორგი გაბუნია აპირებს თუ არა მასთან თანამშრომლობას, ასევე ის აღნიშნავს, რომ "პოსკრიპტუმის“ წამყვანი "მისი ნახვით გახარებული არ იყო.“

"ჩემი ნახვით გახარებული ვერ იქნებოდა და არ იყო, თუმცა რეალობა ეს არის,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

"ინტერპრესნიუსი"