ქვეგრიალას ქრონიკები - კვირის პალიტრა

ქვეგრიალას ქრონიკები

თბილისის მეტროს ისტორიაზე "კვირის პალიტრას" ცნობილი არქიტექტორი და პროფესორი გიგა ბათიაშვილი ესაუბრა. მისი უშუალო მონაწილეობით ძველი თბილისის არაერთ უბანს რეკონსტრუქცია-რეგენერაცია ჩაუტარდა, მათ შორის - ქეთევან წამებულის პროსპექტს, ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიას, შარდენის, ლესელიძის, დუტუ მეგრელის ქუჩებს, ღვინის აღმართს და ა.შ.

- თბილისში მეტროს გახსნა ვასილ მჟავანაძის დიდი ძალისხმევის შედეგი იყო. მართალია, მაშინ თბილისი არ იყო იმხელა ქალაქი, რომ მეტრო აუცილებელი ყოფილიყო, მაგრამ მაინც მოხერხდა. ქვეყანას თავისი ფული არ ჰქონდა. ჩვენს ბედ-იღბალს კი განაგებდა რუსეთის იმპერია. ძირითადად, ისინი წყვეტდნენ, რა გვჭირდებოდა და რა უნდა მოეცათ. საბედნიეროდ, გაიზიარეს ეს პოზიცია და დაიწყო თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობა.

- როგორც ვიცი, სატრანსპორტო დანიშნულების გარდა, მეტრო თავდაცვის საშუალებაც იყო...

- დიახ. მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მაგრამ დაიწყო ცივი ომი აშშ-ის უშუალო ლიდერობით. საბჭოთა კავშირის საზღვრები ჩაიკეტა. მოლოდინი იყო იმისა, რომ დაიწყებოდა ახალი საომარი მოქმედებები. ამერიკელები ფსიქოზმა მოიცვა. თითოეული ოჯახი ცალ-ცალკე იკეთებდა ბომბსაცავს და იმარაგებდა პროდუქტს. ჩვენთანაც მოქალაქეების დაცვის ერთადერთი რეალური თავშესაფარი იყო მიწისქვეშა გვირაბები. ამ შემთხვევაში მეტრომ გარკვეული დადებითი როლი ითამაშა. ერთდროულად ორი რამ მოგვარდა: ის სატრანსპორტო პრობლემასაც წყვეტდა და იყო თეორიული შანსი თავდაცვისა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ყველა სადგურში ლითონის მსხვილი პორტალები კეთდებოდა. ესკალატორი რომ ჩამოდის, თუ დააკვირდებით, კედლებში ჩანს კონტური... საჭიროების შემთხვევაში ის ისე იკეტება, რომ შიგ ვერაფერმა შეაღწიოს. თავიდან ყველა პროექტში იყო გათვალისწინებული, მერე უკვე ნაკლებად. ამავე დროს, აღსანიშნავია საკმაოდ მძლავრი სავენტილაციო სისტემა...

მაშინდელ თბილისში მეტროსადგურები ერთგვარი თავშეყრის ადგილებიც იყო. მაგალითად, რუსთაველის მეტროსთან მთაწმინდელი ბიჭების "ბირჟა" იყო. შესანიშნავი იდეა არსებობდა, რომ თბილისელი ახალგაზრდების ქანდაკება გაეკეთებინათ, როგორ იდგნენ, საუბრობდნენ და თან ვიღაცას თვალს აყოლებდნენ...

- როგორც ვიცი, 300 არაგველი თქვენი პროექტის მიხედვითაა გაკეთებული.. - დიახ. 300 არაგველი ელექტრომომარაგების თვალსაზრისით საკვანძო სადგურია... ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა არსებობდა. მაგ ადგილზე იყო ე.წ. "გოგილოს" (გოგირდის) აბანოები. სხვათა შორის, ეს არის ერთადერთი აბანო მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დანარჩენი აქეთაა. როდესაც გვირაბი გაჭრეს, გადაიკვეთა მისი წყაროები და გოგირდის ძალიან მძაფრი სუნი დადგა. მოწონება-არმოწონებაზე აღარ იყო ლაპარაკი. ის ძალიან ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და საჭირო გახდა მძლავრი სავენტილაციო სისტემის დაყენება.

- ყველაზე ღრმა რომელი სადგურია? - მარჯანიშვილი და რუსთაველი - იმიტომ, რომ უკვე მტკვრის ქვეშ უნდა გამოიაროს მატარებელმა. მარჯანიშვილიდან 300 არაგველის გაჩერებამდე, 40 მეტრამდეა მეტროსადგურები გაჭრილი. სწორედ ამიტომ არის ამ გაჩერებებზე ყველაზე გრძელი ესკალატორები. გზა გადის მტკვარქვეშ და ამოდის მეორე სანაპიროზე.

- ყველა სადგური მარმარილოთია მოპირკეთებული? - პირველი რიგის სადგურებში იატაკებზე გრანიტია, კედლებზე კი - მარმარილო. ძირითადად, ადგილობრივი მარმარილოთია გაკეთებული. 300 არაგველზე ნაწილობრივ გამოყენებულია ურალის თეთრი მარმარილო; სალიეთის, წითელი მარმარილო კი გვხვდება რუსთაველზე.

- 2018 წლის 30 იანვარს ახალგარემონტებულ მეტროსადგურ "ვარკეთილში" სახურავი ჩამოვარდა და შედეგად 14 ადამიანი დაშავდა... რა იყო მისი ჩამოვარდნის მიზეზი? - ამას არ სჭირდება დიდი ცოდნა. ახალმა მთავრობამ და იმ კონტინგენტმა, ვისაც ჩააბარეს, შეცდომა დაუშვეს. კონსტრუქციასა და სახურავს შორის გაჩნდა ღრიჭო. მატარებელი რომ მოდის, ტუმბოსავით მოაქვს ჰაერი და თან ვიბრაციაც ახლავს. სწორედ ამიტომ ჩამოვარდა.

- ბოლოს აშენებულ მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტზე" რას ფიქრობთ? - საერთოდ, მეტროპოლიტენის მოძრაობას მოჰყვება ვიბრაცია, რაც ცუდად მოქმედებს იმ ზონაში განთავსებულ შენობებზე. "სახელმწიფო უნივერსიტეტის" გაჩერება გაჭრილია ვაჟა-ფშაველას პროსპექტის ქვეშ. კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ძალიან ღრმად არ გაიყვანეს გზა, რადგან გათხრისას გამოჩნდა შენობების საძირკვლები და შეიძლებოდა სახლები მთლიანად წაქცეულიყო.

მეტროს ქართული შესატყვისი "ქვეგრიალა" სამეტყველო ენაში ვერ დამკვიდრდა. თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის იდეა 1951 წელს გაჩნდა, მის სისრულეში მოყვანას კი 15 წელი დასჭირდა. 1966 წლის 11 იანვარს ექსპლუატაციაში შევიდა პირველი რიგის უბანი (6,3 კმ) ხუთი სადგურით. ესენი იყო: დიდუბე, ელექტროდეპო, ვაგზლის მოედანი, მარჯანიშვილი და რუსთაველი, მეორე ხაზი კი 1979 წელს გაიხსნა.

საბჭოთა კავშირის მასშტაბით, თბილისის მეტრო (მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის შემდეგ) მეოთხე ადგილზე იყო. დღეს პირველ ხაზზე 16, ხოლო მეორეზე 7 სადგური ფუნქციონირებს. ყველაზე ახალი მეტროსადგურია "სახელმწიფო უნივერსიტეტი", რომელიც 2017 წელს ამოქმედდა.

ნათია სიბაშვილი