"დენი დე ვიტოს რომ მივესალმე, შეშინებული­ მიყურებდა..." - კვირის პალიტრა

"დენი დე ვიტოს რომ მივესალმე, შეშინებული­ მიყურებდა..."

"გავოგნდი, როცა ქუჩაში სრულიად შიშველი გოგონები დავინახე, წინ ამერიკის დროშა ეხატათ და შემომთავაზეს, ჩვენთან ფოტოს გადაღება ხომ არ გინდა, ხუთ დოლარადო. მე კი ვეუბნებოდი, ხომ არ გინდათ, ჩოხა მოგახუროთ-მეთქი?!"

გიორგი გილიგაშვილი თავგადასავლებითა და საინტერესო შემოთავაზებებით ახლახან დაბრუნდა ჰოლივუდიდან. როგორც ამბობს, დენი დე ვიტოსა და მაიკლ დუგლასზე დიდი ყურადღება დაიმსახურა, თუ როგორ, ამას თავად გვიამბობს:

- "Welcome to Hollywood!" - ასე დაგვხვდა ჰოლივუდი ქართულ ეროვნულ სამოსში ჩასულებს. გვინდოდა სამოსით დაგვეწყო ჩვენი ისტორიის, კულტურის წარდგენა. ეს იყო ჩვენი უპირველესი მიზანი.

- რატომ იყავით ჰოლივუდში? - ჩემმა ძმამ, ნიკოლოზ ხომასურიძემ წარგვადგინა, ის ქართული იდეის მატარებელ ფილმებს იღებს. გვსურდა, მეტად დაგვეინტერესებინა ჩვენი ქვეყნით ჰოლივუდი. "უორნერ ბრაზერსის" დიდ პავილიონში ვიყავით. "მსოფლიო პროდიუსერთა გილდიის კონფერენცია", ასე ჰქვია იმ შეკრებას.

- დააინტერესეთ საქართველოთი?

- ჩვენი ჯგუფი ყურადღების ცენტრში მოექცა. ფილმის პერსონაჟები ვეგონეთ, მაგრამ რომ ვუხსნიდით, ეს ქართული ჩოხაა, პაპაჩემის დანატოვარი ქამარ-ხანჯალი-მეთქი, არ სჯეროდათ. ეს წვერიც რა მაგრად გაქვს მიწებებული, გრიმიორსაც კარგად უმუშავიაო, სანამ წვერს არ შეეხნენ, არ სჯეროდათ, რომ ნამდვილი იყო. წვერით რწმუნდებოდნენ, რომ ნამდვილები ვიყავით და "გუგლში" ეძებდნენ საქართველოს. მეორე კონფერენციაზეც მიგვიწვიეს, ჩვენ კი საქართველოში მოვიწვიეთ, რომ ნახონ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.

- ჰოლივუდის ვარსკვლავები თუ გაიცანით? - დენი დე ვიტო და მაიკლ დუგლასი... იქ ჰოლივუდია, ყველა თანაბარია და არავის არაფერი უკვირს. დენი დე ვიტოს რომ მივესალმე, შეშინებული მიყურებდა... მერწმუნეთ, ჩვენ უფრო დიდი ინტერესი გამოვიწვიეთ ჰოლივუდში, ვიდრე მან და მაიკლ დუგლასმა. უამრავი ხალხი იკრიბებოდა ჩვენ გარშემო. ჰოლივუდში უპრობლემოდ დავდიოდი პაპაჩემისეული ხანჯლით, რადგან ყველას ბუტაფორია ეგონა... იქიდან მალიბუს პლაჟზე გავედით, ლას-ვეგასში გავისეირნეთ, ნიუ-იორკშიც ვიყავით.

- ქალაქშიც ჩოხით დადიოდით? - კი, ნიუ-იორკში, ბევერლი ჰილზზეც, ლას-ვეგასშიც, მაიამიშიც. ისე მოხდა, რომ ფაქტობრივად, მთელი ამერიკა მოვიარეთ... იქ ხანჯლით სიარული არ შეიძლება, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ნამდვილი არავის ეგონა, თორემ არავინ გამატარებდა. იქ ქუჩებში დადიან სპაიდერმენები, სუპერმენები... მეც ხალხს ალბათ ფილმის პერსონაჟი ვეგონე.

გავოგნდი, როცა ქუჩაში სრულიად შიშველი გოგონები დავინახე, წინ ამერიკის დროშა ეხატათ და შემომთავაზეს, ჩვენთან ფოტოს გადაღება ხომ არ გინდა ხუთ დოლარადო. მე კი ვეუბნებოდი, ხომ არ გინდათ, ჩოხა მოგახუროთ-მეთქი?!

- პოლიციას არ გაუჩერებიხართ? - ერთხელ ერთმა პოლიციელმა სიცილით მითხრა, ფრთხილად, მეგობარო, მაგ ხანჯლით არავინ მოკლაო. დარწმუნებული ვარ, იმასაც ფილმის პერსონაჟი ვეგონე და აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს ხანჯალი ნამდვილი იყო, თორემ აუცილებლად დამაკავებდა... ერთხელ ქუჩაში ცნობილი მოდელი ალესანდრა ამბროსიო დავინახე. მივედი და ვკითხე, თქვენ ხართ-მეთქი? დიახო, მითხრა. ძალიან თავმდაბალია, ბუტიკში შედიოდა, კეპით, თავდახრილი...

- ალბათ პაპარაცებს რომ არ დაენახათ...

- შეიძლება მართლაც პაპარაცებს ემალებოდა. არადა, მე ვაჟას ლექსი გამახსენდა: "ქალავ, ის მიყვარს მე შენი, თავს რომ დაჰკიდებ მელადა, პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ, ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა"...

- როგორც ვიცი, ამერიკაში კლიპიც გადაიღეთ.. - დიახ, მოცეკვავე კატია კლიშნასთან ერთად ჩემს სიმღერაზე - "მიყვარდა", კლიპი გადავიღეთ. საინტერესო კადრები გამოვიდა, რომელიც უკვე მონტაჟდება და მალე მზად იქნება.

- ამერიკელი გოგონების ყურადღება თუ მიიქციეთ? - ერთხელ ქუჩაში ერთ მშვენიერ გოგონას გავუღიმე და მივესალმე. წვერს რომ შეხედა, მკითხა, მღვდელი ხარო? არა-მეთქი. აბა, ამხელა წვერი რად გინდაო? ვფიქრობ, მიხდება-მეთქი. არა, არ გიხდებაო. მერე მითხრა, მინდა, სასმელზე დაგპატიჟოო. ვუთხარი, ჩვენს ქვეყანაში ქალები არ ეპატიჟებიან კაცებს, მე დაგპატიჟებ-მეთქი. დაინტერესდა, რომელი ქვეყნიდან ხარო? საქართველოდან-მეთქი. ვერ მიხვდა. ეს გოგონა სომელიე ყოფილა და ხვანჭკარა რომ ვუხსენე, გაუხარდა, მისი საყვარელი ღვინო ყოფილა. მერე მეხვეწებოდა, 100 დოლარს მოგცემ, ოღონდ წვერი გაიპარსე, ძალიან სიმპათიური ხარ და სახეს წვერში რატომ მალავო.

- პირად ცხოვრებაზეც მინდა გკითხოთ, თუ არის რაიმე სიახლეები? - დიდი ბიჭი ვარ და არასდროს ვყოფილვარ შეყვარებული. სიყვარული ხომ მარადიულია. სამწუხაროდ, კვლავ არავის მოვწონვარ.

- თუ თქვენ გაქვთ დაწესებული რაღაც კრიტერიუმები ქალბატონების შეფასებისას? - არანაირი კრიტერიუმები არ მაქვს, უბრალოდ, თავისუფალი უნდა იყოს ზეცამდე. თავის თავს უნდა ჰგავდეს და არა სხვას.

- "თავისუფალში" რას გულისხმობთ? - იმას, რომ თავის უფალი თავად იყო და არასდროს მოგბეზრდეს საკუთარ თავში ღმერთის ძიება. ეს უნდა იგრძნობოდეს მის ქცევაში, საუბარში, ღიმილში, გულის ძგერაში...

- რომანტიკული ხართ? - ის, რასაც თქვენ რომანტიზმს ეძახით, ჩემთვის რეალობაა. უბრალოდ, ჩემი რეალობა ძალიან რომანტიკულია.

- რადგან სიყვარული მარადიულად არ გაგრძელებულა, ამიტომ მიგაჩნია, რომ არ გყვარებია? - არა... ერთხელ გზაზე გადავდიოდი, ტროტუარზე მოდიოდა გოგონა ძაღლით, ისეთი მშვენიერი იყო, შუა გზაზე გავჩერდი და ტაქსი დამეჯახა. მე არაფერი დამემართა, ტაქსი დაიმტვრა ცოტა, მე მხოლოდ მუხლი ჩამახრევინა. ეს ამბავი მახსენდება ლამაზ ისტორიად...

- ის გოგო მოგეშველა მაინც? - იმ გოგოს არც დავუნახავვარ. ჩაიარა...

თამარ ბერიძე