"უკვე იმდენი მამაკაცი იკეთებს ეპილაციას, ქალბატონებს გაუტოლდნენ" - კვირის პალიტრა

"უკვე იმდენი მამაკაცი იკეთებს ეპილაციას, ქალბატონებს გაუტოლდნენ"

"ბიჭებს შეყვარებულები მოჰყავთ, ზედმეტი თმა მოიშორე, თორემ ჩემს ცოლობას ვერ ეღირსებიო"

კოსმეტოლოგის რიგში ვარ. ჩემ წინ ტიპური კავკასიური გარეგნობის მამაკაცი ზის და ნერვიულად ცმუკავს. ალბათ მეუღლეს ელოდება-მეთქი, გავიფიქრე. შემდეგი! - გამოგვძახა კოსმეტოლოგმა ოთახიდან, საიდანაც შავგვრემანი კაცი გამოვიდა შეწუხებული სახით. მიხვდი, რომ ერთად იყვნენ. ჰა, რას იტყვი? - შეეკითხა მომლოდინე ღიმილით. ამას ჯობდა რუსულ ტანკს გავწოლოდი, ბიჭო, როგორ უძლებენო და უხერხულად მოისვა სახეზე ხელი... მიბრძანდით, თავაზიანად გამიღიმა მორიგმა მსხვერპლმა და რიგი დამითმო. ჯენტლმენობის ადგილი აქ არ არის, თქვენი რიგია, მიმართა კოსმეტოლოგმა შეშინებულ მამაკაცს და ისიც წელათრეული გაემართა კაბინეტისკენ...

თინა რევაზიშვილი, კოსმეტოლოგი: - 43 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და ბოლო დროს იმდენი მამაკაცი მომაწყდა, უკვე ქალბატონებს გაუტოლდნენ. თავიდან ეშინიათ, შემდეგ ეშხში შედიან და სახის გამწმენდ პროცედურებსაც იტარებენ.

- რა ასაკის მამაკაცები მოდიან? - შეიძლება ითქვას, ყველა ასაკის, პენსიონერებიც კი. თუმცა ახალგაზრდები უფრო აქტიურობენ. რამდენიმე დღის წინ 19 წლის ბიჭმა ფეხზე გაიკეთა ლაზერული ეპილაცია. მითხრა, დედაჩემი გადაირია, ფეხები როგორ უნდა გაიპარსო, ქალი ხომ არ ხარო. არადა, შორტს ან ბრიჯს რომ ვიცვამ, სულაც არ მომწონს ბანჯგვლიანი ფეხები რომ მიჩანსო...

- ძირითადად, სხეულის რა ადგილებზე იკეთებენ მამაკაცები ლაზერულ ეპილაციას? - მუცელზე, მკერდზე, ზურგზე, კუდუსუნზე, ხელებზე, იღლიებსა და ძალიან გაბედულები ფეხებზეც... პირველი კითხვაა: რა მომივა, მეტკინება, დამისივდება?

წარბებს, ყვრიმალებსა და კისრის არეს ვოლფრამის ნემსით იკეთებენ. ვუბუჟებ, თორემ, ისეთი მტკივნეულია, ზუსტად ვიცი, არ გაიკეთებენ...

სხვათა შორის, ზოგი ეპილაციის პროცესში იწყებს შეყვარებულებზე ლაპარაკს, იმდენად ვერ ვიტან თმიან ქალს, ამის გამო შემიძლია საყვარელ ადამიანს დავშორდეო. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც შეყვარებულიც მოუყვანიათ. ჩემ წინაშე ეუბნებიან, ზედმეტი თმა მოიშორე, თორემ ჩემს ცოლობას ვერ ეღირსებიო... გოგონებს სთხოვენ, მუდამ ფორმაში იყვნენ. შენ კი არა, მე ვიკეთებ ეპილაციას და იცოდე, შენიშვნის მოცემა აღარ დამჭირდეს, თორემ ყველას წინაშე შეგარცხვენო. ერთმა კაცმა თანამშრომელი ქალი მომიყვანა, თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ თავის მოვლა არ უყვარს, კაცივით წვერით დადისო...

ბევრი მამაკაცი მოდის ქორწილის წინა დღეებში, ეპილაციასაც იკეთებს და სახის გამწმენდ პროცედურებასაც იტარებს, ცოლის ნათესავებს ხომ არ ვათქმევინებ, ეს გოგო მაიმუნს გაჰყოლიაო. ერთი-ორმა ისიც მითხრა, ევროპაში მივდივარ დასასვენებლად და არ მინდა უცხო ქვეყანაში მოუწესრიგებლის შთაბეჭდილება დავტოვოო... ამას წინათ კიდევ ერთმა ბიჭმა გადამიშალა გული, სლავ გოგონებს ველოდები სტუმრად და ქართველი ბანჯგვლიანი კაცის მითი უნდა დავამსხვრიო, ჩემს ძმაკაცებსაც მოგიყვანთო.Y ისედაც დადიან, განსაკუთრებული მიზეზების გარეშე...

- ცნობილი სახეებიც გსტუმრობენ? - დიახ, მომღერლები და მოცეკვავეები. ასევე, არაერთი პოლიტიკოსი დადის. ქალები თუ იპრანჭებიან, ჩვენ რატომ არ უნდა გავიპრანჭოთო და მიმიკური ნაოჭების საწინააღმდეგო პროცედურებსაც იკეთებენ...

მივესალმები, რადგან თავის მოვლაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ერთმა რომ გაიკეთა, სხვებსაც დაუჯდათ ჭკუაში. ზოგს ძალიან ხშირი თმა აქვს და ამ სიცხეში მართლაც დიდი დისკომფორტია. მესამე-მეოთხე პროცედურის შემდეგ რომ მოდიან, მეუბნებიან, აქამდე სად ვიყავი, დავისვენეო.