"არ მქონდა უფლება, მისი რომელიმე მეგობარი ციხისთვის გამეწირა" - დედა, რომელსაც ვაჟის მკვლელი არ უძებნია - კვირის პალიტრა

"არ მქონდა უფლება, მისი რომელიმე მეგობარი ციხისთვის გამეწირა" - დედა, რომელსაც ვაჟის მკვლელი არ უძებნია

"ვთქვით, რომ იარაღი ვახოსი იყო და ამით დამთავრდა ყველაფერი"

ძნელია დიდი განსაცდელი ისე გამოიარო, რომ შენი დარდით არავინ შეაწუხო, არ დაამძიმო... ალბათ, ამას ერთეულები ახერხებენ. სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება თელავის მკვიდრი, პოეტი გვანცა ქეშიკაშვილი, რომელსაც ვერც კი შეატყობთ, რომ რთული ცხოვრების გზა განვლო - გზა, რომელმაც ტკივილიც ბევრი მოუტანა და სიხარულიც. ის ხშირად იხსენებს უფროსი მეგობრის, ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებს - "ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს, დანარჩენი - არსებობაა".

- როდესაც ჩემს ბავშვობაზე ვფიქრობ, პირველ რიგში, სტუმრებით სავსე, ხალისიანი და სტუმართმოყვარე სახლი მახსენდება. სახლი, სადაც მამა - თელავში ცნობილი პიროვნება, პროფესორი ივანე ქეშიკაშვილი ცხოვრობდა. მამა ენათმეცნიერი გახლდათ, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდა და ჩვენს ქალაქში ყველა პატივს სცემდა. სხვათა შორის, მას ქართული ლიტერატურის ისტორიაში რამდენიმე საინტერესო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. მამას ძალიან დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა. ჩვენთან ხშირად ჩამოდიოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. ვინ არ ყოფილა ჩვენი სტუმარი: ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ ფანჯიკიძე, რეზო თვარაძე, რეზო ლორთქიფანიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ლექსო ჭინჭარაული და სხვები. მამა ფშაველი იყო და სტუმრებთან ერთად, ღამეებს კაფიაობაში ატარებდა. მათ მოსმენას არაფერი ჯობდა: მიუხედავად იმისა, რომ სუფრასთან ისხდნენ და ღვინოს მიირთმევდნენ, მათი შეკრებები არასოდეს გადადიოდა ე.წ. ქეიფში - ეს იყო ნამდვილი ქართული სუფრა, ჭკუის, გონიერებისა და ნიჭიერების ზეიმი. მაშინ ბავშვი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, როგორ გამორჩეულ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, ახლა კი ვხვდები: ტკბილი, ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა მქონია. მამას ყველაზე გამორჩეული ურთიერთობა მაინც, რეზო თვარაძესთან და ჭაბუა ამირეჯიბთან ჰქონდა. ძია ჭაბუა ხშირად ჩამოდიოდა სტუმრად, თავის არაჩვეულებრივ მეუღლესთან - თამარ ჯავახიშვილთან ერთად. ქალბატონი თამარი ჩემთვის დღემდე რჩება კარგი მეუღლის, დედისა და ბებიის ეტალონად. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

- ჭაბუა ამირეჯიბზე რა გახსენდებათ?

- ძია ჭაბუა ყოველთვის თანატოლივით მექცეოდა. ვერც კი ვამჩნევდი, თუ ჩემ წინ ასეთი დიდი ადამიანი იდგა. იმდენად თავმდაბალი იყო, რომ ბავშვებთანაც არ ამჟღავნებდა თავის გონებრივ უპირატესობას. მახსოვს, როგორ ჰყვებოდა საკუთარ თავგადასავალს, რამდენჯერ იჯდა ციხეში, რამდენჯერ მიუსაჯეს სიკვდილი... ახლა რომ ვფიქრობ, მისი ცხოვრება ძალიან ჰგავს დათა თუთაშხიას ცხოვრებას; მათი ხასიათის შტრიხებიც კი ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დათა თუთაშხიას პროტოტიპი სწორედ ჭაბუა ამირეჯიბია. ძია ჭაბუას საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა მეგობრებთან. რეზო თვარაძე იხსენებდა: 90-იან წლებში, გაჭირვების პერიოდი რომ იყო, რამდენჯერმე სახლის კართან კარტოფილით სავსე დიდი ტომარა დამხვდა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჭაბუას ნამოქმედარი იქნებოდა, რადგან მსგავს რამეს მის გარდა, ვერავინ გააკეთებდაო. თურმე, რომ დაურეკა და ჰკითხა, მართლაც აღმოჩნდა, რომ ეს ჭაბუას "ნობათი" იყო მეგობრისადმი. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. დღესაც, დეიდა თამარს, რეზო თვარაძის სურათი, ჭაბუას სურათის გვერდით უდევს.

- თქვენი ურთიერთობა ჭაბუა ამირეჯიბთან როგორ გაგრძელდა?

- მამის გარდაცვალების შემდეგ, ერთხანს დავკარგეთ ერთმანეთი, მაგრამ მე მოვინდომე და აღვადგინე ურთიერთობა მის ოჯახთან. როდესაც შვილი დამეღუპა, ყოველთვის ვგრძნობდი მის თანადგომასა და სიყვარულს. ის ამ თანაგრძნობას გამოხატავდა თუნდაც, ერთი სიტყვით, გამოხედვით ან მოძრაობით. ზედმეტი ლაპარაკი და ემოციების გამჟღავნება არ უყვარდა, მაგრამ მის გამორჩეულ დამოკიდებულებას ყოველთვის ვგრძნობდი. სწორედ ამიტომ, ასეთი სტრიქონები დავუწერე: მამა არ მყავს, მაგრამ ღმერთმა მამობილი მარგუნა-მეთქი, რამაც ძალიან გაახარა. სწორედ ასეთი, განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ძია ჭაბუასთან. ჩემი ლექსები და ჩანახატებიც მისი რჩევით გამოვეცი. რომ მითხრა, - შენი წიგნი უნდა გამოსცეო, დავუჯერე. მისი სიტყვა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

- გვანცა, ძნელია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როგორ შეძელი დიდი ტრაგედიის შემდეგ, ენერგია და სიცოცხლის ხალისი შეგენარჩუნებინა?

- ჩემი შვილი, ვახო 1999 წელს დაიღუპა. ის მხოლოდ 18 წლისა იყო. მეგობრები ქეიფობდნენ და ვიღაცას იარაღი გაუვარდა. ვინ იყო ეს, არ ვიცი და არც ჩავძიებივარ, რადგან ჩემს შვილს უკვე ვერაფერს ვუშველიდი და არ მქონდა უფლება, მისი რომელიმე მეგობარი ციხისთვის გამეწირა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. თანაც, მე იქ არ ვყოფილვარ და ხელს ვერავის დავადებდი. ვთქვით, რომ იარაღი ვახოსი იყო და ამით დამთავრდა ყველაფერი. მისი მეგობრებისგან დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ნუგეშია. შარშან კლასელები შეიკრიბნენ, სკოლის დამთავრების 17 წლის აღსანიშნავად. მშობლებიდან მარტო მე მიმიწვიეს. ძალიან გახარებული ვიყავი, რომ შვილის მეგობრებმა ასე დამაფასეს. ალბათ, ბევრი ფიქრობს, როგორ გადაიტანა ამხელა ტკივილიო? ამას გადატანა არ ჰქვია. უბრალოდ, ტკივილთან ერთად ცხოვრებას სწავლობ და მიწაზეც ამ შეუდარებელ ტკივილთან ერთად დააბიჯებ, ყველაზე სასიხარულო წუთებშიც ისე გექაჩება ეს ტკივილი, რომ სიხარულს ვეღარ გრძნობ. ეტყობა, ღმერთი დამეხმარა, თორემ ადამიანი ამხელა უბედურებას მარტო ვერ მოერეოდა. როგორ შევძელი ფეხზე დადგომა, ეს ჩემთვის დღემდე გამოუცნობია. უპირველესი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ჩემი გოგონა, ქეთი მაშინ მხოლოდ 13 წლის იყო და არ მსურდა, დაჩაგრულიყო. ძნელი სათქმელია, მე რა დღეში ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, რომ ბავშვიც ძალიან ცუდად იყო და თავს ძალა დავატანე, რათა ცხოვრება გამეგრძელებინა. თანაც, ერთი უცნაური რამ დამემართა: ადრე არაფერი რომ არ დამიხატავს, იმ ხანებში ხატვა დავიწყე. რომ გეკითხათ, რას ვხატავდი, ვერ გეტყოდით, მაგრამ ამან ძალიან მიშველა. მადლობა ღმერთს, რომ იმ ხანებში ჩემი მეუღლეც ცოცხალი იყო და ეს დიდი დარდი ერთმანეთს გადავატანინეთ. ამ ამბის შემდეგ, 8 წელი იცოცხლა და 2007 წელს ინსულტით გარდაიცვალა.

- როგორც ვიცი, ის ექიმი იყო...

- ჩემს მეუღლეს, დიმა გიორგელაშვილს ჩვენს ქალაქში დღემდე სიყვარულით იხსენებენ. საოცარი ადამიანი იყო, ძალიან წარმატებული ქირურგი. თითქოს ხელებში რაღაც მადლი ჰქონდა, ყველაზე რთულ ოპერაციებსაც წარმატებით აკეთებდა. უმაღლესი დონის ქირურგი იყო და ამავე დროს, გაჭირვებულების შემწეც. მაშინ დაზღვევა არ იყო და ვინმეს ფულიც რომ არ ჰქონოდა, მაინც გაუკეთებდა ოპერაციას. ჩვენს ქალაქში ბევრი დევნილი ცხოვრობდა და საფლავი ამ ადამიანებმა გაუკეთეს - ამით გამოხატეს მისდამი პატივისცემა. მისი მოსაგონარი საღამო ახლახან, 21 მაისს, თელავის თეატრში გაიმართა. შეიკრიბნენ დიმას მეგობრები, პაციენტები, ნაცნობები და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ეს ჩემთვისაც ძალზე ემოციური და გამორჩეული დღე იყო.

- შვილიშვილებზე რას გვეტყვით?

- უკვე ოთხი შვილიშვილის ბებია ვარ - სამი გოგო და ერთი ბიჭი გვყავს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვები ყველანაირ დარდს მიქარვებენ. იმედი მაქვს, ჩემს ქალიშვილს მეხუთეც ბიჭი ეყოლება... გაჭირვება ვერ მომერია და მადლობა ღმერთს ამისათვის! დიდი განსაცდელის დროსაც კი, ტკივილი სიყვარულად უნდა აქციო და ცხოვრება გააგრძელო - სხვა გზა უბრალოდ, არ არსებობს.

ხათუნა ჩიგოგიძე ჟურნალი "გზა"