"ახლა ქვეყანას მხოლოდ ფული მართავს"
13-08-2019
"ახლა ქვეყანას მხოლოდ ფული მართავს"
ფოტო:გურამ გეგეშიძე
"მოვიდა მილიარდერი და ხალხმა იფიქრა, თავის მილიარდებს ხალხისთვის გამოიყენებს, გვეშველებაო, მაგრამ..."

ჩვენს თანამედროვე კლასიკოს მწერალს, სცენარისტსა და საზოგადო მოღვაწეს - გურამ გეგეშიძეს 85 წელი შეუსრულდა. მან საკმაოდ საინტერესო და ბობოქარი ცხოვრება განვლო, რაც საქართველოს უახლეს ისტორიასთან არის გადაჯაჭვული. მახსოვს, წლების წინ მითხრა, ისე მოხდა, რომ ადამიანები, რომლებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ჩემი ახლობლები აღმოჩნდნენ: პირველი ვაჟთა, ახლანდელი კლასიკური გიმნაზია დავამთავრე, თენგიზ სიგუა ჩემი თანაკლასელი იყო, მერაბ კოსტავა და
ზვიად გამსახურდია - ჩემი უმცროსი ძმის თანაკლასელები, თენგიზ კიტოვანი ჩვენს სკოლაში სწავლობდა, ჯაბა იოსელიანსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. მერე ეს ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა, მეც ბევრის მომსწრე გავხდი. ერთხანს სამთავრობო საკონსულტაციო საბჭოში მიმიწვიეს, ძალიან ცოტა ხანს დავყავი იქ და რადგან ბევრი რამ არ მომწონდა, მალევე წამოვედი. მწერალი
ვიყავი, დამკვირვებლის ბუნებაც მქონდა და საბოლოოდ, ყველაფერი ჩემს ნაწარმოებებში აღვწერეო... ამის დასტურია ბატონი გურამის რეალისტური პროზა, რომლის ბოლო ეპოპეით - "ქართლის ჭირით" მწერალი ახალი დროის მხატვრულ ჟამთააღმწერლად მიიჩნევა.
ვულოცავთ ბატონ გურამს იუბილეს და ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ, მასთან საუბარს კი სწორედ საქართველოს უახლესი ისტორიის უახლესი ამბებით დავიწყებთ.

- ბატონო გურამ, ხედავთ, ქვეყანა და საზოგადოება კვლავაც გაიხლიჩა და კვლავ ჩიხში აღმოვჩნდით - დაპირისპირება, დაუნდობლობა და შიში, როდესაც ვეღარ ხვდები, რა გელის ხვალ...

- ყველაფერზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. "ნაცისტები" რაც არიან, ბევრმა იცის - ეგ არის დესტრუქციული ძალა, რომელმაც რუსებს ჩააბარა კოდორის ხეობა და ახალგორი. ახლა რომ გაიძახიან, რუსებმა დაიწყესო, სააკაშვილი არ შევარდა ცხინვალში, როდესაც როკის გვირაბი ღია იყო? არ იცოდა, რომ იქიდან რუსის ჯარი შემოვიდოდა? თუ არ იცოდა, მთლად დასაჭერია, თუ იცოდა და, ესე იგი, რაღაც მოლაპარაკებას ჰქონდა ადგილი. მაშინ ჩემი შვილი წავიდა გორში (მანამდე, 1990-იანებში, აფხაზეთის ომის მონაწილე იყო), წავიდა და 3 დღეში უკან დაბრუნდა, ეგეთი­ "ბარდაგი" არსად მინახავს, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, გეგმა არ აქვთ და არაფერი, დაჭრილები გამოჰყავთ ცხინვალიდან და იქვე ყრიანო. ეს გააკეთა სააკაშვილმა. რუსებს თვითონ მისცა საბაბი და...

- რაც იყო, გასაგებია, მაგრამ რაც ახლა ხდება - პანკისის მოვლენები, დავითგარეჯის ამბები, გავრილოვის პარლამენტში სტუმრობა, 20-21 ივნისის მოვლენები, რუსთაველზე გაგრძელებული მიტინგები, "თბილისი-პრაიდისა" და "სახალხო ლეგიონის" დაპირისპირება... როგორ შეაფასებთ და გააანალიზებთ მოვლენათა ამ ჯაჭვს?
- ავიღოთ ასე: წლების წინ საქართველოში დამოუკიდებლობა გამოცხადდა. პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც საკმაოდ ეჭვიანი ადამიანი იყო, უამრავ ადამიანს დაუპირისპირდა და, რასაკვირველია, მათაც უღალატეს, დაიწყო მიტინგების ტალღა და ამან სამოქალაქო ომი გამოიწვია; ედუარდ შევარდნაძემ რა გააკეთა? - აფხაზეთი და ცხინვალი მტერს ჩააბარა, აღადგინა კორუფცია, თანამდებობებზე ბოლშევიკები დანიშნა და ა.შ. მერე "ვარდების რევოლუციით" წავიდა და მოვიდა ავანტიურისტი მიშა სააკაშვილი. იმან რაც გააკეთა, კარგად ვიცით. შემდეგ მოვიდა მილიარდერი და ხალხმა იფიქრა, თავის მილიარდებს ხალხისთვის გამოიყენებს, გვეშველებაო, მაგრამ ხალხს არც იმან გაუმართლა როგორც სახელმწიფო მოღვაწემ - ბოლო პერიოდში განვითარებულმა ამბებმა ყველაფერი გამოააშკარავა.

რაც შეეხება პანკისს, პანკისელი ხალხი 7000 თუ 8000 ქისტია, რომლებსაც გვარებიც და სახელებიც ქართული აქვთ, ქართულ ენაზე ლაპარაკობენ, ქართულ სკოლაში დადიან და იმის მაგივრად, ეს ხალხი შემოითვისო და მოეფერო, 19 წლის ბიჭი ლოგინში დახვრიტეს. ახლა ამბობენ, ტერორისტი იყოო. დავუშვათ, მართლაც იყო ტერორისტი, დააკავე და 15 წლით ჩასვი ციხეში! რომ კლავ, რატომ კლავ?! ამ ამბავს არც კი იძიებენ! ან  შეიძლება ყოველ კვირას მშენებლობაზე ვიღაც კვდებოდეს? ეგ არის საქმე, რომ 16 წლის ბავშვი, ობოლი, მშიერი ბიჭი ლიფტის შახტაში ჩავარდა? ოღონდ ფული იშოვონ და არაფერი აინტერესებთ! ხელისუფლებამ ამას ვერ უნდა მოუაროს? დაიჭირე ის მშენებელია თუ ვიღაც და, ერთ-ორ-სამს რომ დაიჭერ, გაასამართლებ და ციხეში ჩასვამ, მერე ვეღარავინ გაბედავს!

ძალიან აღშფოთებული ვარ. ეს რომ გამოაცხადეს, კინაღამ გული გამისკდა, კაცო. გეკითხები, ნორმალურია ეს ამბავი?


ან 20-21 ივნისის ამბებზე რომ გაიძახიან, გადატრიალებაო, ხელისუფლებას ვეკითხები, იმ რუს გავრილოვს მე დავუძახე? ან "ნაცისტებმა" დაუძახეს? - "ნაცისტები" რაც არიან, ხომ ისედაც ვიცი - კარგად ისარგებლეს მომენტით, არადა, ხომ გახსოვთ, მათ კვერცხებიც კი დაუშინა ხალხმა.

- თქვენი აზრით, რისთვის უნდა დასჭირვებოდა ხელისუფლებას გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დასმა?
- ცხადია, ის ხელისუფლებამ ჩამოიყვანა, ოღონდ ვერ გეტყვით, რატომ. ალბათ, ამით ხალხის რეაქცია შეამოწმეს. მოკლედ, სრული ქაოსია ქვეყანაში. კი ბატონო, დავუშვათ, პარლამენტის წინ აქციაზე მართლაც უნდოდათ გადატრიალება, ამიტომაც დაშალე აქცია და ხალხიც გაყარე, თუნდაც ოპერამდეც მისდიე, მაგრამ უნივერსიტეტამდე რომ მიჰყვები ან გმირთა მოედნამდე, 240 კაცს რომ ესვრი, ამას როგორ აკეთებ?
ეს არის დაშლა? თვალები დასთხარეს ხალხს! იმ ხალხს შორის, ვინც დაასახიჩრეს, რამდენი მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო იმყოფებოდა... ამიტომ სწორედ ხელისუფლებაა ყველაფერზე პასუხისმგებელი, რადგან აქცია მისი მიზეზით დაიწყო - მან ჩამოიყვანა საქართველოსთვის მიუღებელი კაცი - რუსი გავრილოვი...

რაც შეეხება "პრაიდის" თემას, ეგ ამბავი შემოგდებულია. დასავლეთ ევროპაში ეგეთი "პრაიდები" იმართება და დიდ ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ... როგორ შეიძლება საქართველოში გეებისა და ლესბოსელების სვლა მოაწყო?! მაგრამ ევროპიდან გაწვებიან, მის ჩატარებას შენთანაც მოითხოვენ, რადგან ამაში ბევრ ფულს ხარჯავენ. სრულად უნდათ შენი განადგურება და უკვე განადგურებულიც ხარ. ადრეც იყვნენ არატრადიციული ორიენტაციის ხალხი, მაგრამ ისინი არავის აწუხებდნენ და არც არავინ ავიწროებდა... მათი პროპაგანდა დაუშვებელია. ჰომოფობიაო, რომ გაიძახიან, აბა, ჰომოფილია უნდა არსებობდეს, კაცო? არ შეიძლება ამის პროპაგანდა, იყვნენ თავისთვის.

- სხვა ქვეყნებმაც ბევრი ჭირი გაიარეს და დღეს სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობა აქვთ. ჩვენ რით ვერ გამოვლიეთ ეს ჭირი, მართლაც, რა გვჭირს, რომ არაფრით სრულდება ქაოსი. რას ფიქრობთ, მოვახერხებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას, გვაქვს საამისო რესურსი?
- ჯერ ერთი, დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც უამრავი პრობლემაა. ეგენიც დეგრადაციისკენ მიდიან. XX საუკუნის დასაწყისის გერმანელი ფილოსოფოსი ოსვალდ შპინგლერი თავის ნაშრომში "ევროპის დაისი" წერდა, ევროპის კულტურა უკან-უკან მიდისო; მთელი ევროპა აირია სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით. მთელი მსოფლიო თუხთუხებს, ყველა ერთმანეთს უპირისპირდება. ეს ბუნებრივი პროცესია, ეპოქების ცვლამ იცის. ფილოსოფოს სპინოზას უწერია და მეც სრულიად ვიზიარებ, თითქოს ჩემს სულში იჯდა: მთელი სამყარო რაღაც ზეგარდმო კანონით ვითარდება, რომლის მემილიარდედი ნაწილიც კი არ არის ადამიანის გონება და საქმიანობა. ხანდახან ბუნება შენ - ადამიანს გიხსნის თავის საიდუმლოებებს და სწორედ ამის შედეგია დღემდე აღმოჩენილი და გამოგონებული უამრავი რამ. ჩვენი ხალხი, ვახტანგ გორგასლიდან თამარ მეფემდე, აღმავლობის გზაზე იყო - ტერიტორიულად, გეოგრაფიულ-პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად, ზნეობრივად. ასე წარმოიშვა "დიდი საქართველო" - ქვეყნის გაერთიანება ბაგრატ მესამემ მოახერხა. შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყო უკან სვლა, დაშლა... ამ დაშლილის გაერთიანება უკვე ვეღარ ხერხდება. XIX საუკუნეში რკინიგზამ და გზების გაყვანამ რაღაცნაირად მაინც შეძლო კუთხეების გაერთიანება. მერე წარმოიშვა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის თაობები. თითქოს რაღაც აღადგინეს, წინ წაიყვანეს ქვეყანა, მაგრამ მოვიდნენ სოციალ-დემოკრატები და ყველაფერი დააქციეს. ხალხი უკვე ზნეობრივადაა დაცემული. დღეს საქართველოში ერთი გონიერი კაცი არ მეგულება, წესიერად რომ მსჯელობდეს, თანაც ირგვლივ სულ მტრული ძალებით ვართ გარშემორტყმული. ამიტომ, როგორც ფლავიდან ლურსმანი არ გამოვა, ისე არაფერი გამოგვივა. პროგრესის გზა არ ჩანს. ახლა ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ ფული მართავს, ჩვენი პოლიტიკური ელიტა მხოლოდ ფულზე ფიქრობს, არადა, ხელისუფლება იმისთვისაა, ხალხზე უნდა იზრუნოს. სვანეთის წყალში ჩაძირვა რომ უნდათ, ამითაც ისევ ფული უნდათ გააკეთონ. ბუნებისა და ადამიანების ასე განადგურება შეიძლება? ისეთი ჰესები უნდა გაკეთდეს, ამდენი სოფელი და ტერიტორია წყალში არ ჩაიძიროს.

ბუნების განადგურებას ფსიქიკის განადგურება მოაქვს. ეროვნული ცნობიერება სადღაცაა მიგდებული, ხალხის ზნეობა ნულის დონეზეა. ბრძენი კაცი აღარ გვყავს, მეცნიერებიც აღარ გვყავს საქართველოში, ვინც არის, ყველა საზღვარგარეთაა წასული. ახალგაზრდები კი, ძალიან გულანთებულიც რომ იყვნენ, ყოველთვის დამარცხდებიან, თუკი კარგი წინამძღოლი არ ეყოლებათ. ან პარტია უნდა იყოს კარგი, ან პიროვნება, ან ჯგუფი, აქ კი, სამწუხაროდ, არავინ არის...

- ბატონო გურამ, 85 წლის მოიყარეთ, ეს პატარა ასაკი არ არის და ამიტომ გკითხავთ: რას ნანობთ, რა ვერ გააკეთეთ და რა დააკელით საკუთარ თავს?
- ძალიან ბევრ რამეს ვნანობ - ურთიერთობებისას მომივიდა შეცდომები, ალბათ, რაღაც დონეზე პასიურიც ვიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც და ოჯახშიც, არადა, თითქოს აქტიური კაცი ვჩანვარ. ზოგიერთს ძალიან ძლიერი პიროვნება ვგონივარ, მაგრამ არ არის ეგრე. ახლა, ასაკში რომ ვარ, ვგრძნობ, რომ დავბრძენდი, არადა, 60 წლის ასაკშიც ახალგაზრდა მეგონა თავი. 68 წლისამ მთაც კი დავლაშქრე... ხშირად ვიგონებ წარსულს, ადამიანებს და ვხვდები, რამდენი რამ გამიკეთებია არასწორად, რამდენი შეცდომა დავუშვი ცხოვრებაში. ამას ვერ მოვყვები. რა თქმა უნდა, ჯობდა, არ გამეკეთებინა, მაგრამ... ერთი რამით კი დამაჯილდოვა განგებამ - წერის ნიჭი მომცა. თავს ნამდვილად მივიჩნევ ძალიან ნიჭიერ და ძლიერ მწერლად. მიმაჩნია, რომ რაც დავწერე, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. სხვაგვარად არაფერს დავწერდი. ძალიან მესიამოვნება, თუკი ამას ბევრი დაინახავს.
ნიკოლოზი
14 აგვისტო 2019 09:25
ჩემი უსაყვარლესი მწერალი, სამწუხაროდ დაუფასებელი.
nia
13 აგვისტო 2019 20:55
და ტქვენ გჯერატ რომ სხვა ქვეყნები უფულოდ იმარტებიან ?
საღი აზრი
13 აგვისტო 2019 16:32
ფული კაია,მეც მინდა ბევრი ფულები

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები