მე "იგროკი" ვარ - ჟურნალისტი პროფესიას იცვლის - კვირის პალიტრა

მე "იგროკი" ვარ - ჟურნალისტი პროფესიას იცვლის

"ახლა ჯეკპოტის იმედი მაქვს, კარგი სიზმარი ვნახე და უეჭველი კარგ კუშს მოვხსნი. სიზმარს არ მოგიყვებით, რომ ვთქვა, აღარ ამიხდება..." (?!)

"უეჭველი 5 კუში ვიცი,"გავადაოთ"; "ზამასკაში ვარ, ერთმა გამისხა, თორემ ვიგებდი"; "უეჭველი ზეროა,"არადა, პალასაზე ვარ", "ერთი მარწყვიც დამეჭირა, ქეშაუთს მაინც მაძლევდეს" - ეს ლუდომანების, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ხალხის ყოველდღიური ფრაზებია.

გადავწყვიტე, პატარა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა, გამეგო, რა სიტუაციაა კაზინოებში და ერთი დღით მეც "იგროკი" გავმხდარიყავი. კაზინოს შინაგანაწესია, თუ არ თამაშობ, არც დარბაზში გაჩერების უფლება გაქვს. ასე რომ არ მომხდარიყო, 20 ლარი გავიმეტე და შევუდექი ადგილის ძებნას. გინების ხმა მომესმა, ვიღაც გამწარებული ურტყამდა ხელს აპარატს. მივედი, მაგრამ დაცვას უკვე გარეთ გაჰყავდა. "საწყალი, - შემომესმა ვიღაცის ხმა, - სახლის ფული წააგო, დღეს ეტყობოდა, რომ არ გაუმართლებდა, უეჭველი მარცხენა ფეხით შემოვიდა".

როგორც იქნა, ადგილი გათავისუფლდა და როდესაც თანხას ვრიცხავდი, ჩემს მეზობლად მჯდომმა შემაჩერა,"ძმაო, ეს ადგილი დათარსულია, აქ ახლახან 10.000 ლარი წააგეს, სხვა აპარატი მოძებნეო. მოთამაშე რომ ვყოფილიყავი, იქნებ დამეჯერებინა კიდეც, მაგრამ რადგან სხვა მისია მქონდა, თანხა მაინც ჩავრიცხე და თამაშიც დაიწყო. სათამაშო აპარატთან არასოდეს ვმჯდარვარ, ამიტომ დახმარება ერთ-ერთ მოთამაშეს ვთხოვე, შუახნის კაცს, რომელმაც ამიხსნა, რომელი ღილაკი რისთვის არის: "ამით ფსონს გაზრდი, ამ ღილაკით წაშლაა, ამით თანხა ორმაგდება". მადლობა გადავუხადე და სათამაშოდ მოვემზადე... წყალი მომინდა და იქვე ბარში შევუკვეთე. რამდენი უნდა მოგართვათ-მეთქი, ვკითხე ბარმენს. გაკვირვებულმა შემომხედა, აქ პირველად ხართო, მკითხა, - ჩვენთან ჩაი, ყავა და გამაგრილებელი სასმელები უფასოაო. ჩემს ადგილს დავუბრუნდი..."რას აკეთებ, მეოთხედ წითელი აღარ ამოვა. როგორ გეტყობა, რომ ახალბედა ხარ. ისე რისკი გყვარებია, ხედავ, წააგე? არა უშავს, შემდეგში გაგიმართლებს, არ ინერვიულოო, დამამშვიდა ვიღაცამ. მინდოდა ჩემი 20 ლარი ამომეღო და ვგრძნობდი იმას, რასაც, ალბათ, ყველა მოთამაშე გრძნობს წაგების შემდეგ - იმედგაცრუებასა და აზარტს. ისე გამიტაცა, რისთვის მივედი კაზინოში, ალბათ, არც გამახსენდებოდა, რომ არა ერთი ბიჭი - ჩემს მეზობლად დაჯდა, მომესალმა, უკაცრავად, ლარიანი ხომ არ გექნებათ, მე სულ 4 ლარი მაქვს, ლარსაც დავამატებ და თამაშს დავიწყებ, თორემ ლომკა მაქვსო. უარი ვერ ვუთხარი...

ცოტა ხანში გამოველაპარაკე და როგორც ლუკამ (სახელი შეცვლილია. - ავტ.) მითხრა, 17 წლისაა, დედა საბერძნეთშია, მამა გარდაეცვალა. ახლა ბებიასთან ცხოვრობს, ფული ბებიამ თუ არ მისცა, სკოლაში აგროვებს, ან ასე გზადაგზა თხოვნით შოულობს, რომ თამაშის სურვილი მოიკლას.

- თამაშის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ, ლომკა მაქვს, არც სწავლა მაინტერესებს და არც არაფერი. დავკარგე ბავშვობის მეგობრები, მშობლები უკრძალავენ ჩემთან ურთიერთობას. ერთხელ სათამაშოდ 5 ლარი ვერ ვიშოვე და მეზობლის სპილენძის ნივთი მოვიპარე, ჩავაბარე და ის ფული "გავადავე", თუმცა სულ წავაგე. როდესაც დედაჩემი მირეკავს, ვატყუებ, რომ კარგად ვსწავლობ და ყოველ მიღებულ ვითომ 10-იანზე 10 ევროს მიგზავნის, მე კი იმ ფულით ვთამაშობ. ჩემი მიზანია, რა თანხაც წავაგე, ყველაფერი ამოვიღო და მერე დავანებებ თავს. ხშირად ბებოს წამლის ფულიც წამიგია. ხან რას ვატყუებ და ხან რას, ბებოც მიჯერებს. კი მეცოდება, მაგრამ რა ვქნა, თამაშის სურვილი ყველაფერს მაკეთებინებს..."

საუბარში 47 წლის ნიკა (სახელი შეცვლილია."- ავტ.) ჩაგვერთო. როგორც მითხრა, თამაში იმიტომ დაიწყო, რომ სამსახური ვერ იშოვა. ვალები რომ დაუგროვდა, მამის მანქანა გაყიდა და ის ფულიც ერთიანად წააგო, ახლა ამოღებაზე ჩალიჩობს. ჯერ ონლაინკაზინოს გაუგო გემო, შემდეგ კაზინოში შევიდა და 200 ლარი მოიგო.

- მაშინ ჩემი შვილი პატარა იყო და სათამაშოები ვუყიდე, ცოლს კი - პარფიუმერიის ნაკრები, ყველა ბედნიერი იყო. შემდეგ ხან ვიგებდი, ხან ვაგებდი და მერე უკვე დიდ კუშებზე გადავედი. ბოლოს ვალებში ვიხრჩობოდი და რომ დამეფარა, მამაჩემის მანქანა გავყიდე, მაგრამ კაზინოში გავიქეცი და ის ფულიც წავაგე. ახლა ჯეკპოტის იმედი მაქვს, კარგი სიზმარი ვნახე და უეჭველი კარგ კუშს მოვხსნი. სიზმარს არ მოგიყვებით, რომ ვთქვა, აღარ ამიხდება...

ბევრისგან მსმენია, რომ კაზინოში რეალობის აღქმას კარგავ და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე - გარემო ისეა მოწყობილი, რაც შეიძლება დიდი დრო გაატარო და დიდი თანხაც წააგო. ჩაბნელებულ დარბაზს, სიგარეტის კვამლი კიდევ უფრო დაბურულს ხდის. გაბოროტებული, დასტრესილი და დაზომბებული სახეები. გარშემო გინების გარდა არაფერი ისმის "ზერო, ზერო, შენი დედა", "ეს რა გამიკეთა, ვაფშე წავაგე, ჩააგდე შენი დედაც"...

ცოტა მოშორებით მოხუცი ქალი დავინახე და გაკვირვებით მივაშტერდი, ერთ-ერთ აპარატთან დაჯდა. 70 წლამდე იქნებოდა. ჩვენი ბაბოც მოსულა,"- მიესალმა ვიღაც. დღეს თუ კარგი პალასა გექნება, პივნოი შენზეა, თავისი მისაყოლებლით...

ეს ჩვენი ბებოა, გარემოვაჭრეა, რაღაცებს ყიდის, საღამოს კი 5-10 ლარით შემოდის. არ მახსოვს, სხვა თანხაზე ეთამაშოს. თუ მოიგებს, ეგრევე გამოაქვს, თუ არადა - წყვეტს თამაშს და მიდის - მიყვება ლუკა.

კაზინოსა და პოკერკლუბებში თამაშის მანიით შეპყრობილ ყველა ასაკის ადამიანს ნახავთ, ქალსა თუ მამაკაცს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ბედიც უღიმით, თუმცა, საბოლოოდ მაინც წაგებული რჩებიან, რასაც ხშირად სახლ-კარის გაყიდვა და თვითმკვლელობაც მოჰყვება...

P.S. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქოლოგიური დარღვევების სიაში შეიტანა. ფსიქოთერაპევტების განმარტებით, მოთამაშეები აზარტული თამაშის დროს ილუზორულ მდგომარეობაში გადადიან, აღარ მოსწონთ არსებული რეალობა. თამაშის დროს ეიფორიაში არიან, მაგრამ როგორც კი დაუბრუნდებიან ძველ რეალობას, უფრო ცუდად გრძნობენ თავს. სწორედ ამის გამო უფრო ერთვებიან აზარტულ თამაშებში - "დოზას" ზრდიან, როგორც ნარკოდამოკიდებულები.

ზურა სოლომნიშვილი