"როგორ შემცირდნენ კაცები, ჩემი კაცობის მრცხვენია" - კვირის პალიტრა

"როგორ შემცირდნენ კაცები, ჩემი კაცობის მრცხვენია"

"გაბუნიას გამოსვლა იყო ყველაზე ლაჩარი კაცის გამოსვლა. მაღალი ღობის მეორე მხრიდან რომ ფინია იყეფება, იმას ჰგავდა"

ადამიანის ცხოვრება წიგნის თავებივით, სხვადასხვა ეპიზოდისგან შედგება. თითოეულ თავს თავისი სახელი აქვს. ტარიელ ხარხელაურთან ჩვენი ინტერვიუც თავებად დავყავით.

კუნწულაანთ ტარიელი

- ბავშვობა თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში გავატარე. ბუნება ჩემთვის იმთავითვე საინტერესო და მიმზიდველი იყო. 15-16 წლამდე ჩვეულებრივი ბავშვივით ვცხოვრობდი, ისევე, როგორც თანატოლები, ფეხშველა, ტალახიანი ფეხებით დავდიოდი. თამაშები - დაჭერობანა, სარტყლაობა, ლახტი მიყვარდა, მაგრამ მალე მბეზრდებოდა, ვცდილობდი, რამე მომემიზეზებინა და წამოვსულიყავი. იმთავითვე მხიბლავდა მარტოობა. ვიმიზეზებდი, რომ პაპა მეძახდა ან გაკვეთილი უნდა მომემზადებინა, ან წამეკითხა - იცოდნენ, რომ წიგნი მიყვარდა. მაშინ მეც არ მინდოდა მეწერა, იმიტომ, რომ იმ დროს მთაში სულ სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ პიროვნებასთან, ფიზიკურ ძალას უფრო უპირატესობა ჰქონდა, ვიდრე - გონებრივს. მერე თანდათან შეიცვალა პოეზიასთან ეს დამოკიდებულება.

პაპაჩემის ფაქტორს გამოვყოფდი - რომ ვიხსენებ, როგორ მზრდიდა, დღესაც ვერ ამიხსნია, როგორ შეეძლო ამ კაცს, რომელსაც წიგნი არ ჰქონდა წაკითხული და ჯვარს სვამდა ხელმოწერის მაგივრად, ამხელა სიბრძნე ეტარებინა. აქ მთაში მიღებული იყო შვილის ძალისმიერი მეთოდით წვრთნა, დასაშვები იყო ფიზიკურად შეხებაც, ლანძღვა, გინება, პაპაჩემს კი არ მახსოვს, ჩემთვის რაღაცა დაეძალებინა. საქონელი გვყავდა ბევრი და საქმის კეთებით რომ დავეინტერესებინე, პატარა გოდორი გამიკეთა თივისთვის. დავდიოდით ჩვენ-ჩვენი გოდრებით. ნელ-ნელა მიმაჩვია საქმეს. შენიშვნას არ მომცემდა ხოლმე პაპა. თუ რაღაცას ისე არ გავაკეთებდი, როგორც საჭირო იყო, ამოიოხრებდა. ეს ამოოხვრა ჩემთვის გინებაც იყო და ჩხუბიც. პაპას სვიმონი ერქვა, მაგრამ ყველა კუნწულას ეძახდა. ლამაზი კაცი ყოფილა და ქალებს შეურქმევიათ ასე. სოფელში დღესაც კუნწულაანთს გვეძახიან.

"

"მამაჩემთან ურთიერთობით საკუთარი თავის წრთობა ვისწავლე"

- ჩვენი ოჯახი ტრადიციულად მეცხვარეობას მისდევდა. მამაც ცხვარში დადიოდა. მას უნდოდა, რომ ჩემში მეტი ყოფილიყო კაცის ბუნება, ხასიათი, ვყოფილიყავი სიძნელეებთან მებრძოლი, ღონიერი, უშიშარი, არადა, მშიშარა ვიყავი. ღამით გარეთ ვერ გამოვდიოდი, პაპა ხელს თუ არ მომკიდებდა. ეს მამასთვის მიუღებელი იყო, ამიტომ მთაში წამიყვანა და მე-5 კლასიდან მარტო მაჩვევდა სიარულს. მეტყოდა ხოლმე - ამ ტყეში დათვია. შენ უნდა წახვიდე აქა და აქ, მეცხვარეებს მარილი უნდა წაუღო, გეშინია? როგორ ვეტყოდი, მეშინია-მეთქი. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და, მერე ყალიბდება შენში ძლიერი ბუნება. სალი კლდე იყო ასასვლელი, მაგრამ ძლიერი ჟინი გქონდა, რომ ასულიყავი და წინააღმდეგობა დაგეძლია. მამაჩემთან ურთიერთობით საკუთარი თავის წრთობა ვისწავლე.

ყველაზე მეტ თავისუფლებას ცხვარში ვგრძნობდი. მწყემსები უღალატოები არიან. კაცობის სკოლა მათთან გავიარე.

მამაჩემს განსაკუთრებით უყვარდა ვაჟა-ფშაველა, შეიძლება შვილზე მეტადაც კი. მთელი მისი შემოქმედება ზეპირად იცოდა. მახსოვს, ერთხელ ცხვარში მარტო მე და მამა ვიყავით და წვიმას, რომელიც ლამის მთელი თვე გაგრძელდა, ნაბდის ქვეშ ვემალებოდით, სველები ვწვებოდით და ვდგებოდით. მეხუთეკლასელი ვიყავი მაშინ. მამას 1961 წელს ვაჟას 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული სქელი წიგნი ჰქონდა თან. ისე უფრთხილდებოდა, ფურცელი რომ არ გადაეკეცა, სანიშნედ ბალახის ღეროს დებდა. დასაბანი ხელებით რომ შევხებოდით, როგორ შეიძლებოდა?! ერთ ღამეს მწყემსებს უქეიფიათ, სასმელი მეტი მოსვლიათ და წიგნს ვერ გაფრთხილებია, ვირზე გადაკიდებულ ხურჯინში ისე ჩაუდვია, რომ წვიმისგან დასველებულა. მახსოვს, ყორეს ღობეები გვქონდა, სადაც ცხვრის საწველი ბაკები გვედგა - იმაზე შემოდო და ფურცელ-ფურცელ აშრობდა. გასული ვიყავით ორივე, ამასობაში ვირს ეს წიგნი ჩამოეგდო და ტალახში ჩავარდნილიყო. ეს რომ მამამ დაინახა, გადაირია, ლამის ცემაში ამოხადა სული. მეწყინა, სასტიკად მოექცა, მაგრამ მაშინ დავინტერესდი, ვინ არის ის კაცი, ვის გამოც ვირსაც კი ასე სასტიკად მოექცა-მეთქი.

დედა

დედა მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი. მაგრად დარბოდა და თუ ონავრობას ჩავიდენდი, მეწეოდა... მისგან მოფერება და თავზე ხელის გადასმა არ მახსოვს, მაგრამ მისი სიკვდილის დღეს ვიგრძენი, თურმე როგორ ვყვარებივარ. ბოლომდე შესანიშნავად აზროვნებდა. საწოლი სარკმელთან ედგა და უკანასკნელ დღეს საშუალება არ მომცა, ამ სარკმელს მოვფარებოდი. უნდოდა, თვალწინ ვყოლოდი. ჩემს მოძრაობებს აკვირდებოდა მწოლიარე. ბოლოს დამიძახა, შემოდიო, უკანასკნელად შემომხედა, ამოისუნთქა და წავიდა... დღემდე უმძიმესია ჩემთვის მისი გასვლა წუთისოფლიდან. სხვაგან ღამის გათევა ახლაც მიმძიმს. სულ მგონია, აქაა, საიდანაც უკანასკნელად მიმზერდა. იმ სარკმელთან მიცდის.

შარვალზე გაწმენდილი ბატკნების ამბავი

ბატკანი რომ ჩნდება, მაშინვე უნდა გაწმინდო ხელით, უცბად, სასწრაფოდ უნდა მოაწოვო დედის ძუძუ და გადაიყვანო საბატკნეში თბილად. სიჩქარეში ბატკნებს შარვალზე ვიწმენდდით ხოლმე. ამის შემდეგ შარვალი რომ შრებოდა, ისეთი უხეში ხდებოდა, ფეხზე ვაყენებდით. მაღალი საწოლი მქონდა, ვისკუპებდი იქიდან და ჩავხტებოდი ხოლმე შარვალში. ცხვარში 12-13 წელი ვიარე და ჩვევად მექცა, მერეც კარგა ხანს ვერ მოვიშალე შარვალზე ხელების შეწმენდა. სუფრასთან ჯდომისას, როგორც კი წამიცდებოდა ხელი, მეუღლე მაშინვე შენიშვნას მაძლევდა.

საოცარია, ცხვარს რომ საბალახოდ გაიყვან... ამ დროს წამოვწვებოდი და თავს მოვიმძინარებდი. ბატკნები მოდიან, ჯერ გსუნავენ, ზოგი გლოკავს, ზოგი ზედ გახტება... ისე მხიბლავდა და ისეთი ლირიკული იყო ეს დამოკიდებულება, გამორიცხული იყო, წამოვმდგარიყავი და ამ გართობაზე უარი მეთქვა. იცით, როგორი ლამაზია ეს ეპიზოდები?... ისეთი რაღაცები ხდება ჩვენს ცხოვრებაში ცხვართან, ძაღლთან ურთიერთობისას... ერთგულებას ვხედავთ ცხოველებში, სამწუხაროდ, ადამიანები ნაკლებად იჩენენ დღეს ამ გრძნობას.

წიგნის კითხვა სიარულისასაც მიყვარდა და ხან უკან მივდევდი კითხვით ცხვარს, ხანაც წინ მივუძღვებოდი. ერთხელაც, გაზაფხულის პირია, მოვუძღვი წიგნმომარჯვებული ფარას და მანქანა წამომეწია. ჩვენი მაშინდელი რაიკომის მდივანი გადმოვიდა, მომიკითხა, რას აკეთებო? ცხვარში ვარ-მეთქი, ვუთხარი. აბა, ცხვარი სად არისო? მოვიხედე და ცხვარი აღარ არის... ცხვარს აქვს ასეთი ხასიათი, როცა ცხელა, შუბლს ნიავს უშვერს და ნიავის მიმართულებით მიდის. მეც გავყევი ნიავს და დავეწიე - სხვა საძოვარში გადასულიყო ფარა.

უფლის საჩუქარი

უნივერსიტეტში გავიცანი. მაშინ 30 წლის ვიყავი. იმხანად ჩემი წიგნიც დაიბეჭდა და სხვა გოგონებისგან განსხვავებით, მხოლოდ ის იჩენდა ჩემ მიმართ ნაკლებ ინტერესს.

ალბათ, ერთადერთი, რაც ჩემნაირმა კაცმა, კალმის კაცმა, უნდა ისურვოს, ჩემნაირი მეუღლეა. პირადულზე მაღლა რომ გაყენებს, შენთვის რომ თავის გაწირვა შეუძლია, ისეთია. ყველაფერზე უარი თქვა, ოღონდ მე ლექსის მიღმა არ ვყოფილიყავი, ყველანაირად ხელს მიწყობდა. ერთხელ არ მახსოვს მისგან საყვედური. ის უფლის საჩუქარია ჩემთვის გამოგზავნილი. მადლიერებას ლექსით გამოვხატავ, მაგრამ ეს ცოტაა...

კალამსაც წანწალში გადავეყარე

იმთავიდან მიყვარდა წანწალი, ხან ტყეში, ხან მინდორში მარტოობასთან ერთად ვსეირნობდი. მაწანწალა კაცი ვიყავ. უფალი ხომ ერთხელ ჩამოივლის და მე ამ წანწალისას გადავეყარე. ეტყობა, წერის მადლიც მაშინ ჩადო ჩემში, მაგრამ არა იმიტომ, რომ სახელისთვის ვიმსახურო. ლექსის წერის დრო 2-3 წუთი გრძელდება. ალბათ ამ 2-3 წუთის განმავლობაში ვარ ცოტა აღმატებული, სხვა განზომილებაში ვარ იმ დროს... დანარჩენ დროს კი არავისზე უკეთესი, პირიქით, ბევრზე უვარგისიც ვარ.

დღეს

სიყვარულის ნაკლებობა გვჭირს. ერთმანეთით ცხოვრება ვერ ვისწავლეთ. თითქოს მარტო მისალმებისთვის გვჭირდება ვიღაცა, არადა, ასე არაა. ის მე საყრდენად მჭირდება, ისევე, როგორც მას ვჭირდები საყრდენად. სიყვარული გვაკლია. არ შეიძლება მუშტების ენით ველაპარაკოთ ერთმანეთს.

- რა ხდება, რა გვჭირს, რატომ ტარდება ერთდროულად ამდენი მიტინგი?.. - იცი, როგორაა? ჩვენ რომ ვიღაცა გაგვაბრაზებს, გავდივართ და იქიდან ვუქნევთ ხელებს. სამაგიეროდ, ერთმანეთს ვემუქრებით, იმას კი არა, ვინც გვაბრაზებს. სხვისი წამქეზებლობით ვდგავართ დღეს მიტინგზე, სხვისი წამქეზებლობით ვიმუქრებით, სხვის დაკრულზე ვცეკვავთ.

- გაბუნიას გამოსვლაზე რას მეტყვით? - გაბუნიას გამოსვლა იყო ყველაზე ლაჩარი კაცის გამოსვლა. მაღალი ღობის მეორე მხრიდან რომ ფინია იყეფება, იმას ჰგავდა.

- ხვალინდელ დღეს როგორ ხედავთ? - საშინელი ოპტიმისტი ვარ. მჯერა, რომ მომავალმა თაობამ უნდა გადაარჩინოს ქვეყანა. უნიჭიერესი თაობა მოდის. იცით, როგორი ქართველები არიან? როგორი მოწესრიგებულები! ამათ უნდა გადაარჩინონ ქვეყანა, ჩვენ კი ერთმანეთის ჭამაში გავიტანთ დარჩენილ წუთისოფელს.

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ლექსი მივუძღვენი:

მტერიც აღარ მყავს მტრისფერი,

არც ქვეყნის წყდება აკლება,

რა დროში ცხოვრობ, ტარიელ,

მტერიც რომ მოგენატრება.

ყველგან უსისხლოდ მარცხდები,

მოკვდე უსისხლოდ, ძნელია,

როგორ შემცირდნენ კაცები,

ჩემი კაცობის მრცხვენია.

სად დაიკარგა, სად გაქრა

ზნიან ქართული ზრდილობა,

ვინ ქართველობას მიწუნებს

და ვინ - მამულიშვილობას.

ტკივილი გულს მინაპრალებს,

ცრემლებმა დამღრღნეს, შემნაცრეს,

სამშობლო, როგორ მაწამებ,

რომ ვერა გშველი ვერაფერს.

მწვერვალზე ვდგავარ შეშლილი,

ცა ხან ივსება, ხან ტყდება.

მომივლის ბრძოლის შიმშილი

და მტერი მომენატრება.

მოსაღამოვდა, შებინდდა,

შინ დაბრუნების დროს დგება

და მომდევს საფლავებიდან

წყევლა, კრულვა და გოდება.

ისევ უსისხლოდ ვმარცხდები,

მოკვდე უსისხლოდ, ძნელია,

როგორ შემცირდნენ კაცები,

ჩემი კაცობის მრცხვენია.