"მეცოდება ხალხი, რომელსაც ბოღმა სიკეთის გაკეთების ნებას არ აძლევს" - კვირის პალიტრა

"მეცოდება ხალხი, რომელსაც ბოღმა სიკეთის გაკეთების ნებას არ აძლევს"

"ჩემს ბინაში კიტოვანის გვარდიელი შესახლდა, რომელიც ჩემი სონეტების კოლექციით სროლაში ვარჯიშობდა - ფირფიტებს ააფრენდა და შუაში ხვრეტდა"

მწერალ გურამ პეტრიაშვილის თავზე ჩვენმა ბოლოდროინდელმა ისტორიამ მთელი სისასტიკით გადაიარა. ამ ისტორიის გარიჟრაჟზე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფიგურას პოლიტიკა სასიცოცხლო საფრთხედ და უმძიმეს 20-წლიან ემიგრაციად დაუჯდა. თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, უკან კვლავ პოპულარული დაბრუნდა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებულ სფეროში - დღეს ის ერთადერთი მეზღაპრეა ქვეყანაში, ვისი ზღაპრებიც თვალის დახამხამებაში იყიდება. სხვათა შორის, ამაში დიდი წვლილი მედიაჰოლდინგ "პალიტრასაც" მიუძღვის, სადაც ემიგრაციიდან დაბრუნებული პოლიტიკოსის ზღაპრები პირველად და უყოყმანოდ დაბეჭდეს, სულ მალე კი გურამ პეტრიაშვილის საბავშვო ლექსებსაც გამოსცემენ. "კვირის პალიტრა" ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე გურამ პეტრიაშვილს ესაუბრა:

- მართლაც იშვიათი ბედის კაცი ხართ - ერთ დროს პოლიტიკაში პოპულარული უპოპულარეს მეზღაპრედ იქეცით... ამის შემხედვარე ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკოსსაც იქნებ ჭკუაში დაუჯდეს პოლიტიკიდან წასვლა.

- კარგი კი იქნებოდა, თუმცა არა დამხობის საფასურად. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება სწორედ ასე წავიდა და იმიტომაც ვერ ვეღირსეთ მშვიდობას. საქართველოს ბედნიერების გარდა, სხვა განზრახვა არ მქონია და, ალბათ, ამიტომაც მეხმარება ღვთისმშობელი. სულ ვწერ. თუ შინ არა ვარ, უბის წიგნაკში ვწერ. უამბიციო კაცი სულაც არა ვარ და თამამად ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში ჩემისთანა მეზღაპრე არ არის... პირველი ნამდვილი ზღაპარი 28 წლისამ დავწერე, უფროსი ქალიშვილის სიყვარულით. ათასნაირ საფერებელ სიტყვას, ბოლოს "ჩემო პატარა დინოზავრო" მივაყოლე. როგორც ჩანს, ჩვენს სათაფლიაში წამოსკუპული პატარა დინოზავრი დამიდგა თვალწინ, რომელიც ღამით ფიქრად ჩამყვა და ზღაპრად იქცა. მერე კინოში მსახიობად რომ აღმოვჩნდი, ხშირად ვეღარ ვწერდი. ეგეც უცნაური ამბავი იყო - ლანა ღოღობერიძემ რომ გადამიღო, იმის მერე ყველა რეჟისორი მეძახდა... მერე იყო ის სისხლიანი ამბები და გაქცევა. ბოლოს, რომ ვბრუნდებოდი, აღარც კი მეგონა, ვინმეს თუ ვახსოვდი.

- ცნობილ "მოგელანდებისთან" ერთად თქვენს თავს ხალხს რა დაავიწყებდა? თქვენ ხომ მთავრობა იყავით, რომელსაც სისხლიანი ამბოხება მოუწყვეს, მას შემდეგ კი სულ დაპირისპირების ზღვარზე ვართ. - ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს, ერთი ადამიანის სიკვდილსაც კი ხანგრძლივი არეულობა მოსდევს.

სისხლის ჩამორეცხვა ადვილი არ არის, რადგან ერთი ადამიანის სიკვდილი ერთ სამყაროს ანგრევს. იმიტომაც არის, რომ სიკვდილს ზღაპრებშიც ვერ ვეგუები. ჩემს ზღაპრებში ბოროტებს კი არ ვკლავ, ცხრა მთას იქით გადავხვეწ ხოლმე.

სხვანაირად არ გამოვა, - ძალიან ხშირად ვიგონებ 6 იანვრის განთიადს, როცა ზვიადმა თბილისი დატოვა, მე და ჩემი ძმა ავტობუსებში ვერ ავედით და სიბნელეში მეტეხის ხიდისკენ გავიქეცით. ვიცოდით, თუ შეგვამჩნევდნენ, დაგვხოცავდნენ. მწერალმა ნოდარ წულეისკირმა მითხრა, გურამ, უნდა გაიქცეთ, რადგან აუცილებლად დაგხოცავენ, მე კი დავრჩები, ჩემსას, ალბათ, მხოლოდ ცემას დასჯერდებიანო, გვინდოდა მეტეხის ხიდიდან ლეღვთახევით თელეთისაკენ გადავსულიყავით, მაგრამ იქ ვიღაცამ ჩვენი ნაბიჯების ხმა გაიგონა და დაგვიძახა, მერე კი, რადგანაც არ ვუპასუხეთ, ავტომატის ჯერი მოგვიშვა. პირაღმა ვიწექი და ვიგრძენი, როგორ გადამიფრინა გულთან ტყვიებმა, იმ კაცს სულ 5 სანტიმეტრით რომ დაეწია ავტომატი, ყველაფერი გათავდებოდა...

აი, ეგ არის ხელისუფლების რევოლუციებით გაგდების შედეგი, რასაც სხვა საშინელება მოჰყვება. ჩემს ბინაში კიტოვანის გვარდიელი შესახლდა, რომელიც ჩემი სონეტების კოლექციით სროლაში ვარჯიშობდა - ფირფიტებს ააფრენდა და შუაში ხვრეტდა.

შესაძლოა მე დღევანდელი ხელისუფლება დიდად არ მომწონდეს, მან ხომ ქართული მიწები დაყიდა, მაგრამ მისი დამხობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ერთი უსინდისო წავა და მეორე უსინდისო გაძვრება, ხელისუფლებაში წამოჯდება, მსხვერპლი კი ყოველთვის პატიოსანი ხალხია, რაც ამჯერადაც დავინახეთ.

- ხელისუფლებაზე გამახსენდა... ჩვენ ისეთი მინისტრიც გვყავდა, ზღაპრები რომ ეჯავრებოდა. მან ზღაპრების წერა ხომ არ გადაგაფიქრებინათ? - ჯეჯელავა, არა? ის სულელი მინისტრი იყო. ჩემს ახალგაზრდობაში ჯეჯელავას გვარს ხალხი იფიცებდა, რადგან გაიოზ ჯეჯელავა პაიჭაძის გვერდით თამაშობდა. ამ ჯეჯელავამ კი კომბლეს დაუწყო ბრძოლა! ერთმა მითხრა, ზღაპართმოძულე მინისტრზეც ხომ არ დაწერდი ზღაპარსო?

შე კაი კაცო, ჩემს ზღაპრებში ჯეჯელავას, სიგუას, კიტოვანს და მისთანებს როგორ გავაჭაჭანებ და ბავშვებს როგორ შევაშინებ! ჩემი ზღაპრები ადამიანებს ამშვიდებს და ამ ხალხს მკითხველს როგორ გადავარევინებ!

მე ზღაპრებს სულ სხვა რამისთვის ვთხზავ - იცით, რამდენი მწერდა და მწერს, რომ ჩემმა ზღაპრებმა დეპრესიიდან გამოიყვანა?

- ვიცი. შემთხვევითი მოწმე გავხდი, როგორ გესაუბრებოდათ ერთი სკოლის მასწავლებელი, ლამპის შუქზე ვკითხულობდი თქვენს ზღაპრებს და სულ იმას ვოცნებობდი, ცოცხალი გურამ პეტრიაშვილი მენახაო. მინახავს, როგორ გხვდებიან ბავშვებიც. - აბა, კაცო, თითქმის 60 სკოლაა, სადაც ბავშვებმა მიმიყვანეს. მერცხლებივით მეხვევიან და მეც დიდი პატივით გავიცნობ ხოლმე. ვერ წარმოიდგენთ, რა ამბებს ჩამჩურჩულებენ. ამას წინათ პატარა გოგონა მომისკუპდა და მითხრა, ჩემს მამიკოს უყვარხართ ძალიან, ტელეფონი მომეცით და ის დაგირეკავთო. საოცარი ხალხია, კეთილშობილი გენიოსები. აბა, დაუკვირდით, რა სიბრძნეებს ამბობენ! სხვათა შორის, ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ, მათ გამოთქმებს ვიწერდი და წიგნად გამოვეცი. ამ წიგნს "ჩემი შვილები" კი დავარქვი, მაგრამ სინამდვილეში ყველას შვილების წიგნია, რადგან ყველას შვილი გენიოსია ბავშვობაში. უკვე ვთქვი, რომ ძალიან პრეტენზიული კაცი ვარ და პრეტენზია ჩვენს საბავშვო ლექსებზეც მაქვს. 5 წელზე ზემოთ ბავშვებისთვის ჩვენში ლექსი თითქმის აღარ იწერება. ამ ასაკის ზემოთ კურდღელი და მისი კომბოსტო-სტაფილო ვიღას აინტერესებს?! ჰოდა, მე დავწერე, ისევ "კვირის პალიტრის" გამომცემლობაში მივიტანე და უკვე დაბეჭდვასაც დამპირდნენ! ისე, კახა კალაძემაც გამოგვაცემინა მე და ჩემს მეგობრებს სახალისო ჟურნალი. ნარმანია კი დაგვპირდა დაფინანსებას, მაგრამ დავავიწყდით. მერე მოვიდა კალაძე, მოიკითხა, ვისი ვალი გვაქვსო და რომ უთხრეს, გურამ პეტრიაშვილის და მისი მეგობრებისო, 5.000 ლარი მოგვცა. ეს დავაფასე. წეღან ვთქვი, ხელისუფლება არ მომწონს-მეთქი, მაგრამ კარგი და ცუდი ყველგან უნდა დაინახო. უმადურობა ღუპავს კაცს. კალაძის არავინ ვარ, ერთადერთი ის მაკავშირებს, ოდესღაც მეც ფეხბურთს ვთამაშობდი, აბა, ეს ამბავი რის გამო გააკეთა-მეთქი? მერე მივხვდი, რომ სიკეთე განუსჯელად უნდა დატოვო.

- მეგონა, კალაძეზე რომ დაიწყეთ ლაპარაკი, სხვების გინებას მოაყოლებდით... გინება ხომ ახლა მოდურია? სამწუხაროდ, არა მხოლოდ მტრის... - იცით, საქართველოში ვინ იყო ნომერი პირველი, ვისაც ყველაზე მეტად აგინეს - ზვიად გამსახურდია! მე მის შემდეგ ნომერი მეორე ვიყავი...

იცით, რა ხდება, როცა კაცს სულ აგინებენ? ის ან პასუხს დაგიბრუნებს, ან არაფრად ჩაგთვლის, ყურებს დაიხშობს და ამით გაგამწარებს. ვინც იგინება, ყველა შემთხვევაში ის არის დაზარალებული.

მეცოდება ხალხი, რომელსაც ბოღმა სიკეთის გაკეთების ნებას არ აძლევს, კაცი, რომელშიც ბავშვი აღარ რჩება. არადა, ასეთი ძალიან ბევრია. იცით, ახლა რა გამახსენდა? ამას წინათ ავტობუსში გოგო-ბიჭის საუბარს წავაწყდი. 15 წლისანი იქნებოდნენ და ვიფიქრე, ალბათ, შეყვარებულები არიან-მეთქი.

მაგრამ ნეტავ ის არ გამეგონა, ბიჭი გოგოს რას ეუბნებოდა: გერმანიაში ვისწავლი, რომ ჩამოვალ, კარგი სამსახური მექნება და მერე კი კარგი პენსიაო. გესმით, 15 წლის ბავშვი უკვე პენსიაზე ფიქრობს! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ამ ბავშვს აწი გულწრფელი და ემოციური აღარაფერი ექნება - ცრემლიც კი! გულწრფელობადაკარგული და მოჩვენებითი დარდის კაცმა კი მხოლოდ თავის თავზე ზრუნვა იცის.

აბა, გარშემო მიმოიხედეთ, რამდენია ისეთი, ვინც ამ ქვეყნის უბედურებაზე სხვების დასანახად გაჰკივის, სინამდვილეში კი ქვეყნის დაქცევაც არ ადარდებს, საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვის.

დიდ და ნამდვილ ცრემლზე კი, სხვათა შორის, ერთი ლექსი მაქვს დაწერილი.ის ჩემს ხელოვნების დიდ მასწავლებელს, მიხეილ კვესელავას მივუძღვენი. ერთხელაც ეს დიდი ცრემლი ქუჩაში მიგორავს. ყველა გაოცებული შესცქერის, ყველა ფანჯარას აღებს. ამ დროს ერთი კაცი გამოჩნდება, რომელიც ცრემლს მოსდევს და ხალხს ბოდიშს უხდის: მაპატიეთ, გამომეპარა, რადგანაც უნდა ყველა მას უყურებდესო. უცებ სამი კაცი გამოხტება და ცრემლის პატრონს დაუწყებს ხვეწნას, ეგ ცრემლი ჩვენ მოგვეციო. ერთი ეტყვის, საყვარელი თუთიყუში მომიკვდა, იმდენი ვიტირე, ცრემლი გამიშრა და მჭირდებაო, მეორემ - თოჯინებს ვაკეთებ, მათ ცრემლი არა აქვთ და მჭირდებაო; მესამემ კიდევ - მსახიობებს ვათამაშებ ტრაგედიებს და მინდა კარგად ავატიროო. დიდი ცრემლის პატრონს კი თავისი ცრემლი მიჰყავს და სულ ბოლოს, სიბნელეს რომ უნდა შეერიოს, იქიდან დაიძახებს, ცდებით, მეგობრებო, დიდი ცრემლი პატარა ცრემლებად არასოდეს ნაწევრდებაო... დიდი ცრემლი ილიას ჰქონდა, ვაჟას, ზვიად გამსახურდიასაც ჰქონდა, რადგან სამშობლო ნამდვილ ცრემლებამდე უყვარდათ. სამშობლოს სიყვარული დიდი სადარდელია და არა ქვეგრძნობა. ამ სადარდელს მე ჯერ ბევრს ვერ ვატყობ, მაგრამ სიკეთე არ კვდება და ყოველთვის სადღაც გამოანათებს ხოლმე. ჰოდა, ასპარეზზე ასეთი ხალხიც უეჭველად გამოანათებს.