რა წერია ირაკლი ოქრუაშვილის 5 წლის წინანდელი ჩვენების ეპიზოდში, რომელიც დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა - კვირის პალიტრა

რა წერია ირაკლი ოქრუაშვილის 5 წლის წინანდელი ჩვენების ეპიზოდში, რომელიც დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა

დავით დვალმა „ინტერპრესნიუსს“ მიაწოდა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების ეპიზოდი, რომელი სააკაშვილის ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლას ეხება. დავით დვალის ინფორმაციით, ჩვენება ოქრუაშვილმა პროკურატურას 2014 წლის 1 აპრილს მისცა.

კერძოდ, დვალის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ჩვენების ეპიზოდში აღნიშნულია, რომ 2004 წლის აპრილში ან მაისში სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დახურული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ოქრუაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი.

„შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიო კომპანიებს, პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო, ამისთვის, სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, დაგვეწყო მოლაპარაკებები დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ. მისი განმარტებით, ის უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ერასტი კიწმარიშვილთან. დვალათან და აქიმიძესთან მე მქონდა დაძაბული ურთიერთობა და შესაბამისად, მოლაპარაკება დაევალათ ადეიშვილს და მერაბიშვილს“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

ჩვენების მიხედვით, სააკაშვილის მითითებით, მფლობელების დაყოლიების შემდეგ, წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე.

„დასასრულს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ, მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა.

კითხვა: რა შეგიძლიათ თქვათ გაკოტრების საქმის შესახებ. ?

პასუხი: როგორც ავღნიშნე, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე. ამისთვის, ადეიშვილს და მერაბიშვილს სჭირდებოდათ გარკვეული მექანიზმები მათ დასაყოლიებლად. ჩემი ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გაკოტრების საქმე ერასტიმ წამოიწყო ადეიშვილის მითითებით და ეს დამატებითი ბერკეტი იყო დამფუძნებლებისთვის წილების დასათმობად“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

ჩვენების თანახმად, ოქრუაშვილმა ვერ გაიხსენა, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა თანხის გადახდა აქიმიძისა და დვალისათვის.