31 მილიონი 10 წუთში! დედამიწის ყველაზე შემოსავლიანი ბლოკბასტერი თბილისში - კვირის პალიტრა

31 მილიონი 10 წუთში! დედამიწის ყველაზე შემოსავლიანი ბლოკბასტერი თბილისში

"აგვისტოში ფილმის გადაღებაზე თბილისში ჰოლივუდის 200-კაციანი ჯგუფი ჩამოვა მსახიობებსა და კინოტექნიკასთან ერთად და დიდხანს დარჩებიან - მსგავსი მაღალრეიტინგული ფილმების 10-წუთიან ნაწილზე საკმაოდ დიდი დრო იხარჯება"

თბილისში ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ამერიკულ ბლოკბასტერ "ფორსაჟი 9"-ის ერთ მონაკვეთს გადაიღებენ. "ფორსაჟი" დღეს მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული კინოსაგაა, რომელიც ჰოლივუდის რეკორდებს ხსნის. "ფორსაჟი 8" შემოსავლით "ვარსკვლავურ ომებსაც" უსწრებს და ჩვენების პირველივე კვირაში 539 მილიონი დოლარი მოუტანა ჰოლივუდს. ბლოკბასტერი, რომლის გმირების მიზანი დედამიწის გადარჩენაა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია გადაღებული, ჰოლივუდის ყველაზე მაღალრეიტინგული მსახიობების: შარლიზ ტერონის, ვენ დიზელის, დუეინ ჯონსონის, ჰელენ მირენის, ჯეისონ სთეითემისა და სხვათა მონაწილეობით.

ამჯერად ფილმის პროდიუსერების არჩევანი თბილისზე შეჩერდა - საბურთალოზე და ძველ თბილისში ფილმის 10-წუთიან მონაკვეთს გადაიღებენ, გადაღებაზე კი 31,4 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორ მოხვდა "ფორსაჟი" თბილისში, ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის კინოკომისიონერი დავით ვაშაძე გვესაუბრება:

- "ფორსაჟი" დღეს მართლაც დედამიწის ყველაზე მაღალრეიტინგული ბლოკბასტერია და ცხადია, მისი გადაღებისთვის მზადყოფნას არაერთი ქვეყანა გამოთქვამს. მიზეზი მარტივია - ფილმის გადაღებაში დახარჯული თანხა, ძირითადად, ქვეყანაში რჩება, დაახლოებით მილიარდი მაყურებელი ნახულობს, რის შედეგადაც ქვეყნებს, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობს, ტურისტთა გასამმაგებული რაოდენობა აწყდება. მაგალითად, "ფორსაჟი 8"-ის კადრები კანადაში, საფრანგეთსა და იაპონიაში გადაიღეს, "ფორსაჟი 9"-ის გადაღება კი თბილისში გადაწყდა და აგვისტოში დაიწყება. "ფორსაჟი 9" კინოეკრანებზე მომავალი წლის მაისიდან გამოვა, რის შემდეგაც თბილისში ტურისტთა რაოდენობის რამდენჯერმე გაზრდას ველით.

- რატომ აირჩია ფილმის გადამღებმა კომპანიამ თბილისი?

- ეროვნული კინოცენტრი წლებია მუშაობს პროექტზე: "გადაიღე საქართველოში". მრავალი ქვეყნის კინოკომპანიას და, რა თქმა უნდა, ჰოლივუდის წარმომადგენლებსაც ვხვდებით და საქართველოში ჩამოგვყავს. "ფორსაჟი 9"-ის გადაღებაზე, რასაკვირველია, გვყავდა კონკურენტები, მაგრამ გადამღებ კომპანიას თბილისი უფრო მოეწონა. აგვისტოში თბილისში ჰოლივუდის 200-კაციანი ჯგუფი ჩამოვა მსახიობებსა და კინოტექნიკასთან ერთად და დიდხანს დარჩებიან - მსგავსი მაღალრეიტინგული ფილმების 10-წუთიან ნაწილზე საკმაოდ დიდი დრო იხარჯება.

- ცნობილია, რომ "ფორსაჟის" რბოლებისთვის ძვირად ღირებულ და უსაფრთხო ავტომობილებს 6 თვის განმავლობაში ამზადებენ. - ფილმის ასეთ დეტალებს ჰოლივუდი ასაიდუმლოებს. თუმცა შეიძლება დანამდვილებით ის ვთქვათ, რომ თბილისში მართლაც ვიხილავთ ჰოლივუდის იმ კინოვარსკვლავებს, რომელთა ნახვაც დედამიწის ყველა კუთხეში სურთ.