"არაფერი შეედრება უკანასკნელ სიყვარულს, რომელიც კაცს პირველი სიყვარულის ბედნიერებას ჩუქნის" - კვირის პალიტრა

"არაფერი შეედრება უკანასკნელ სიყვარულს, რომელიც კაცს პირველი სიყვარულის ბედნიერებას ჩუქნის"

"ბალზაკის ასაკის ქალები" ბალზაკის ცხოვრებაში

ამ კვირაში დაწყებული 50-ტომეულის თანამიმდევრობა არც ქრონოლოგიის მიხედვით იქნება განსაზღვრული, არც ავტორთა ეროვნებით და არც რაიმე სხვა კონკრეტული კლასიფიკაციით. მაგრამ, ვფიქრობ, ამ შესანიშნავი პროექტის სწორედ ბალზაკით დაწყება მაინც ლოგიკურია და გარკვეულწილად სიმბოლურიც - იგი ხომ თანამედროვე პროზის ყველაზე კითხვადი ნაწილის, ნატურალისტური რომანის მამამთავრად ითვლება. ასეც რომ არ იყოს, ყველა დაგვეთანხმება, რომ ბალზაკი თუ არ წაგიკითხავს, ვერ გახდები "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".

ცხადია, პროზა, რომანები, ბალზაკამდეც იქმნებოდა, მაგრამ ბალზაკმა პირველმა მოახერხა, რომ მანამდე მხოლოდ ზეინტელექტუალი ელიტისათვის ხელ და გონმისაწვდომი, უკვე ყველასთვის გასაგები გამხდარიყო. აკი საგანგებოდ აღნიშნავს მისი ყველა ბიოგრაფი, რომ ნებისმიერი მკითხველი იპოვის სათავისოს მის ნაწარმოებებში და აუცილებლად აღმოაჩენს ვინმე "თავის მსგავსსაცო"; ეს კიდევ ერთი საოცრებაა მის შემოქმედებაში - პერსონაჟთა მრავალფეროვნება და რაოდენობა.

თვით შტეფან ცვაიგიც კი, რომელმაც ბრწყინვალე წიგნი შექმნა ბალზაკის ცხოვრებაზე (ბიოგრაფიული ლიტერატურის ნამდვილი შედევრი), აღფრთოვანებას ვერ მალავდა იმით, რომ ბალზაკს 2000(!) პერსონაჟი ჰყავს შექმნილი უზუსტესი აღწერებით, ბიოგრაფიებით, საქმიანობისა და პირადი ურთიერთობების თხრობით. ერთი სიტყვით, თავისი გმირების "სრული დოსიე" აქვს შედგენილი. ორი ათასი "ცოცხალი ადამიანი" და ყველა განსხვავებული, ყველა განცდილი ავტორის მიერ და ყველა იმდენად "განამდვილებული", რომ აგერ საუკუნე-ნახევარზე მეტია, ისევ ცოცხლობენ და "ასაკი არ ემატებათ".

ბალზაკით აღფრთოვანებული ანდრე მორუა XX  საუკუნის შუა წლებში თავის "ღია წერილში ახალგაზრდა კაცისადმი, ცხოვრების სიბრძნის შესახებ", წერდა: "ბალზაკი გაგაცნობთ ყველანაირ ცხოვრების წესს, ყველაზე უკეთურიდან Yყველაზე ღირსეულამდე. ის თქვენ წინაშე გააშიშვლებს ცხოვრების შიგთავსს".

ბალზაკის შემდეგ სულ სხვა მწერალმა და სულ სხვაგან თქვა უკვდავი ფრაზა: "ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ", და ბალზაკიც თავისი დროისა და საზოგადოების შვილი იყო. მისი ბავშვობა და სიჭაბუკე სულაც არ მიანიშნებდა, რომ საფრანგეთს დიდი მწერალი ეზრდებოდა.

იგი 1799 წლის 20 მაისს, ქალაქ ტურში დაიბადა. მამამისი - ბერნარ ფრანსუა, გლეხი იყო, მაგრამ ვაჟის დაბადების დროს უკვე ქალაქის მერის თანაშემწედ მუშაობდა თავისი სიმდიდრის წყალობით. სიმდიდრე კი ფხიანმა გლეხმა, რომელსაც მაშინ ბერნარ ვალსა ერქვა, საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს კონფისკირებული ან პატრონამოწყვეტილი სახლების, შემდეგ კი სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ყიდვა-გაყიდვით დააგროვა, შემდეგ გვარიც უფრო კეთილშობილურ "ბალზაკად" გადაიკეთა და ქალაქში დასახლდა. ქონების დაგროვებამ ბევრი წელი წაიღო და როდესაც 52 წლისამ 32 წლით უმცროსი ქალი შეირთო ცოლად, "რატომღაც" ეჭვი არ შეჰპარვია მის მომავალ ერთგულებაში...

თუმცა მწერლის უმცროსი ძმა ანრი, "ოფიციალურად" ცნობილია როგორც დედამისისა და მეზობლად მდებარე ციხესიმაგრის მფლობელის უკანონო შვილი, ხოლო თვით მომავალი მწერალი სიცოცხლის ბოლომდე ეჭვობდა საკუთარ წარმომავლობასაც, რასაც თავიდან ძალიან განიცდიდა. ბევრი მკვლევარი სწორედ ამას მიიჩნევს მიზეზად, რომ მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცოლქმრული ურთიერთობისა და ღალატის თემას.

ჰო, გვარს რაც შეეხება: მამის მიერ "გაკეთილშობილებულ" გვარს მწერალმა მოგვიანებით კიდევ მეტი ელფერი შესძინა - საფრანგეთში დიდგვაროვნობის აღმნიშვნელი წინსართი "დე" დაუმატა! ბავშვობაში მამისაგან სმენია ხუმრობით ნათქვამი, ძველი გალური რაინდული გვარი ბალზაკ დ,ანტრეგი ჩვენი წინაპრებისააო და უკვე სახელმოხვეჭილმა მწერალმა ხელის მოწერაც ასე დაიწყო და თავისი ეტლის კარზეც ამ უძველესი გვარის გერბი დაახატვინა, რითაც თანამედროვეთა არაერთი დამცინავი გამონათქვამის მოსმენა მოუხდა.

მისმა ბავშვობამ სახლს გარეთ გაიარა: ჯერ ძიძასთან ცხოვრობდა, გლეხის ქალთან, ოთხი წლისა კი პანსიონში მიაბარეს, ქალაქ ლეგეში. თერთმეტ წელზე მეტი გაატარა სხვადასხვა პანსიონსა თუ ინტერნატში. განსაკუთრებით მძიმე იყო მისთვის ვანდომის კოლეჯში გატარებული შვიდი წელი - დახურულ სასწავლებელში, ორატორიანელთა ორდენის წევრი ბერების ზედამხედველობით 200 მოსწავლე უმკაცრესი დისციპლინით სწავლობდა და ცხოვრობდა.

სულ მცირე გადაცდომაზეც კი წკეპლავდნენ. სასტიკად იკრძალებოდა კოლეჯის გარეთ გახედვაც კი. ერთადერთი შვება ბიბლიოთეკაში ჯდომა იყო და თუმცა წიგნების თემატიკა შეზღუდული გახლდათ, სწორედ იქ შეუყვარდა ლიტერატურა და წერაც პირველად იქ სცადა.

1914 წელს ნაპოლეონის იმპერია დაინგრა და საფრანგეთში ისევ ბურბონები გამეფდნენ. ბალზაკის მამა პარიზში გადაიყვანეს და ოჯახიც თან წაიყვანა. ონორე მამის დაჟინებული მოთხოვნით სამართლის სკოლაში შევიდა და თანაც კერძო საადვოკატო კანტორაში გადამწერად დაიწყო მუშაობა. სამაგიეროდ, ამ ყველაფერს დიდი პლუსი ჰქონდა -  ნაკლებად აკონტროლებდნენ და მშობლებისაგან უჩუმრად სორბონის უნივერსიტეტში ლიტერატურის ლექციებზე დაიწყო სიარული. ხუთ წელიწადში წარმატებით დაამთავრა სკოლა და პენსიაში გასულ და სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასასვლელად გამზადებულ მამას მოულოდნელად განუცხადა, რომ ლიტერატორობას აპირებდა.

ბალზაკმა თავისი გაიტანა, პარიზში დარჩა, ერთი მანსარდა იქირავა და წერას მიჰყო ხელი. თუმცა "თავისი გაიტანა" გადამეტებული ნათქვამი იქნება, რადგან ძალით ვერავინ წაიყვანდა, ხოლო დედაქალაქში უფულოდ ყოფნა, მამამისის აზრით, მალე მოსწყინდებოდა.

ამ პერიოდში ბალზაკი  დისადმი მიწერილ წერილში ირონიით შენიშნავდა: "შენი ძმა, რომელსაც წინ დიდება ელის, ცდილობს, ზუსტად ისე იცხოვროს, როგორც გენიოსმა, ანუ შიმშილით კვდება"... პირველმა ლიტერატურულმა ცდამ წარუმატებლად ჩაიარა - მისი ტრაგედია, "ოჯახურმა საბჭომაც" და მეგობრებმაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და გადაწყვიტა, ტრაგედია აღარასოდეს დაეწერა.

შემდეგ მაშინ ძალზე მოდურ გოტიკურ რომანში სცადა ბედი - მონსტრებით, საშინელებებითა და საიდუმლოებებით სავსე ჟანრში. ხუთ წელიწადში ათამდე რომანი დაბეჭდა, ზოგს მოეწონა, უმეტესობას - არა, მაგრამ რაც მისთვის იმ პერიოდში უმთავრესი იყო - ფინანსურ დამოუკიდებლობას ვერ მიაღწია.

ცალკე საუბრის თემაა ბალზაკი და ქალები. ქალები, რომლებისაც ბალზაკს მოწიფულ ასაკამდე - თითქმის ოცდაათ წლამდე, ეშინოდა კიდეც. სხვათა შორის, ქალებს იმიტომ კი არ გაურბოდა, რომ ეშინოდა სიყვარულის ან ქმრების, არამედ გარეგნობის კომპლექსი ტანჯავდა. სამაგიეროდ კაცობრიობას ამან სიკეთე მოუტანა - ქალებისაგან "თავისუფალ დროს" წერას ანდომებდა და თუმცა მისი მაშინდელი შემოქმედება გაცილებით უარესია გვიანდელ პერიოდზე, ეს დრო მაინც "მოსამზადებელ" ეტაპად უნდა აღვიქვათ შედევრების შექმნისაკენ მიმავალ გზაზე.

ცნობილი გამონათქვამი: "ბალზაკის ასაკის ქალი" სწორედ მისი პირველი სიყვარულიდან მოდის: 1821 წელს გაიცნო ლაურა დე ბერნი - 45 წლის, თანაც ცხრა შვილის(!) დედა. ლაურას ქმარი გუბერნატორის შვილი იყო და თვითონაც დიდი თანამდებობა ეკავა. დედის თხოვნით ონორე ლაურას შვილს, ალექსანდრეს ამეცადინებდა, რომელიც მისივე ტოლი იყო. მალე მან "საკუთარი ინიციატივით" დაიწყო ლაურას სახლში სიარული და დედამისს ეგონა, ლაურას ქალიშვილი, ემანუელი შეუყვარდაო, თუმცა მალე ყველაფერი გამჟღავნდა... "ის ჩემთვის დედაც იყო, მეგობარიც, ოჯახიც, თანამგზავრიც და მრჩეველიც. მან მაქცია მწერლად.

გამიღვიძა გემოვნება, ჩემთან ერთად ტიროდა და იცინოდა... მე უმისოდ მოვკვდებოდი". მათი ურთიერთობა ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა და საქვეყნოდ ცნობილი გამონათქვამით აღიბეჭდა ბალზაკის ბიოგრაფიაში: "არაფერი შეედრება ქალის უკანასკნელ სიყვარულს, რომელიც კაცს პირველი სიყვარულის ბედნიერებას ჩუქნის".

გარდა იმისა, რომ ლაურა ბალზაკის პირველი ნამდვილად წარმატებული რომანის "ველის შროშანების" პროტოტიპად იქცა, იგი მატერიალურადაც ეხმარებოდა საყვარელს.

ამის შემდეგ ბალზაკს მხოლოდ ისეთი ქალები იტაცებდნენ, რომლებიც მასზე უფროსები იყვნენ ასაკითაც და გამოცდილებითაც.

ასეთი იყო ჰერცოგინია დ,აბრანტესიც, რომელმაც დიდი სიყვარულის სანაცვლოდ პარიზის მაღალ საზოგადოებაში მიღებულ კაცად აქცია.

ასეთი იყო ზიულმა კაროც - შეუხედავი, კოჭლი და მასზე უფროსიც, მაგრამ მათ ერთმანეთი უყვარდათ და ეს სიმართლეა... "მეოთხედი საათი, რომელიც შემიძლია საღამოს შენთან გავატარო, ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ნორჩ მზეთუნახავთან გატარებული მთელი ღამე", - სწერდა ზიულმას ბალზაკი.

მერე იყო კიდევ ბევრი ქალი, სანამ ბალზაკმა ის საყოველთაოდ ცნობილი წერილი არ მიიღო, რომელსაც ხელს "უცხოელი" აწერდა. რუსეთის ქვეშევრდომი, პოლონელი გრაფინია ეველინა განსკა სიყვარულში უტყდებოდა და ეს ბალზაკისთვის "ბოლო ნავსაყუდლად" იქცა.

მიუხედავად უდიდესი წარმატებისა, რომლითაც ბალზაკის რომანები სარგებლობდა  XIX საუკუნის 30-იან და განსაკუთრებით 40-იან წლებში, მისი ცხოვრება მაინც სულ პრობლემებით იყო სავსე. რამდენიმე ბიზნესპროექტი ბოლომდე ვერ მიიყვანა და ლიტერატურიდან მიღებული დიდი შემოსავალიც ვალების დაფარვას დასჭირდა, ვერც ჟურნალმა გაამართლა, რომლის გამოცემაც დაიწყო, ვერც გაზეთმა მოუტანა მოგება...

KvirisPalitra.Geსამაგიეროდ, როგორც იქნა, 18-წლიანი სიყვარულის შემდეგ ეველინა მისი ცოლი გახდა, თუმცა ბედნიერებამ მხოლოდ ხუთ თვეს გასტანა - 1850 წელს ბალზაკი გარდაიცვალა.

ბევრ მწერალს არ ღირსებია, რომ მისი ფრაზა, პერსონაჟი ან ნაწარმოების სათაური მოარულ ეპითეტად ქცეულიყოს და ყველა ენაში დამკვიდრებულიყოს. "შაგრენის ტყავი", თავისთავად დიდებული რომანის სათაური, ყველასათვის გასაგებ ტერმინად იქცა - მკაცრად განსაზღვრული რაოდენობის სიმდიდრის, ჯანმრთელობისა თუ კეთილდღეობის სინონიმად, ადამიანთა ბედნიერების ხანმოკლეობის სიმბოლოდ.

მაგრამ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ბალზაკის გენიალური შემოქმედების თაყვანისმცემელთა რაოდენობა შაგრენის ტყავივით არასოდეს შემცირდება.

ზვიად გურული