"უცხოელებს უკვირთ, ასე კარგად თუ თამაშობთ, აქამდე სად იყავითო" - პირველად ქართველი ქალი სპორტული ნარდის მსოფლიო ჩემპიონატზე
"უცხოელებს უკვირთ, ასე კარგად თუ თამაშობთ, აქამდე სად იყავითო" - პირველად ქართველი ქალი სპორტული ნარდის მსოფლიო ჩემპიონატზე
საქართველოში ოდითგან თამაშობდნენ ნარდს. ყოველ წვეულებაზე თავის შექცევის საუკეთესო საშუალება სწორედ, ნარდი გახლდათ. ცნობილია, რომ ორი მოქიშპე გვარის წარმომადგენლები (გურიელები და დადიანები) ისე აზარტულად თამაშობდნენ ნარდს, რომ დაზავებაზეც კი თანახმანი იყვნენ, ოღონდ შეხვედროდნენ ერთმანეთს, როგორც ტოლი-ტოლს.

დრო გავიდა და ნარდმა ლაზათთან ერთად უფრო მეტი მოყვარული შეიძინა. თანამედროვე ცხოვრებაში კი, ნარდის საერთაშორისო ფედერაციებიც გაჩნდა და უკვე ხანია, იგი სპორტის სახეობადაც ითვლება. იმართება მსოფლიოს, ქვეყნის, ქალაქის და კლუბური ჩემპიონატები. მიუხედავად იმისა, რომ
ნარდი მოყვარულთა და პროფესიონალთა მრავალათასიან არმიებს აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში ჯერ კიდევ სათანადოდ არ ექცევა ყურადღება. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვესაუბრეთ საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტს, რევაზ ცხოვრებაშვილს. იგი პროფესიით ეკონომისტ-იურისტია, მაგრამ ნარდი მისთვის ჰობიცაა და ძალზე სერიოზული, მნიშვნელოვანი საქმეც.

- ბატონო რევაზ, იყო დრო,
როცა ნარდი მხოლოდ გასართობ თამაშად ითვლებოდა, თუმცა დღეს მას სპორტის სახეობად მიიჩნევენ (და სამართლიანადაც!). რა კეთდება იმისათვის, რომ იგი უფრო პოპულარული და რეიტინგული გახდეს?
- ნარდი მსოფლიო მასშტაბით ძალიან პოპულარულია. ყოველ წელს იმართება მსოფლიო თასის ჩემპიონატები. ქართველებმა მონაწილეობა დავიწყეთ 1997 წლიდან. ჩვენები ძალიან წარმატებულები არიან ამ შეჯიბრებებში. მაგალითად, შარშან, სტამბოლში, მსოფლიო თასი ჩვენმა თამაზ იაშვილმა აიღო. რა თქმა უნდა, დიდად საამაყოა, როცა მსოფლიო ჩემპიონის პირველი ადგილის კვარცხლბეკზე დგას შენი თანამემამულე და დარბაზი ფეხზე ამდგარი ისმენს საქართველოს ჰიმნს. მაისში, კვიპროსზეც გაიმართა ჩემპიონი და ექიმმა, კახა ნაჭყებიამ გაიმარჯვა. მონტენეგროში კი, მსოფლიო საერთაშორისო ტურნირზე ბაქარ მათიკაშვილი გახდა ჩემპიონი. უცხოელებს უკვირთ კიდეც,-ასე კარგად თუ თამაშობთ, აქამდე სად იყავითო. ის კი არ იციან, რომ ჩვენში, ყველა ოჯახში ნარდს თამაშობენ, უბრალოდ, სპორტის სახედ მოგვიანებით ვაქციეთ. იმისათვის, რომ უფრო პოპულარული გახდეს ნარდი და უცხოელებიც მოვიწვიოთ ჩვენთან გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ხშირად გავმართოთ შეჯიბრებები. მაგალითად, სექტემბერში გვინდა ჩავატაროთ თბილისის ჩემპიონატის ფინალური რაინდები (21-30-ში) პროფესიონალთა, მოყვარულთა და ქალთა შორის. პროფესიონალების გარდა რეგისტრაცია ყველასთვის უფასოა. ვიწვევთ ყველას, ვისაც იტაცებს ნარდის თამაში, შემოდით ჩვენს ვებგვერდზე (www.geonardi.com) და დარეგისტრირდით. ჩემპიონატი ჩატარდება მერიის მხარდაჭერით. პირველ და მეორე ადგილებზე გასულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიებით.

- ტურნირი ქალებისთვის ახსენეთ... თქვენთან მოსვლის მთავარი მიზეზიც ქალია. ვიცი, რომ ივლისის ბოლოს მონტე-კარლოში იმართება ნარდის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც პირველად იღებს მონაწილეობას ქართველი - მარინა პირველი.
- როგორი სიმბოლურია, არა? გვარად პირველი პირველად მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატში. ის ძალიან ძლიერ მოთამაშედ ითვლება. სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენს წარმომადგენელს, რომელსაც ვაგზავნით ასეთ მნიშვნელოვან და გრანდიოზულ ჩემპიონატზე, ვერ ვაფინანსებთ. მარინამ თავად მოიძია ფულადი სახსრები. იმედი მაქვს, რომ იგი მართლაც, პირველი მერცხალი იქნება და დიდ პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენს ქვეყანას, ქართველ მონარდეებს. ფედერაციაში გვყავს ბევრი ქალი. ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან პროფესიონალ მოთამაშე მამაკაცებს. მაგალითად, ქალბატონი თამარ ფულარია, რომელიც სოხუმიდან დევნილი გახლავთ (პროფესიით ფილოლოგია), საქართველოს ჩემპიონია, ორჯერ გაიმარჯვა, გვყავს სხვა ძლიერი მოთამაშეებიც...

- მარინა პირველზე რას მეტყვით? რა შანსები აქვს?
- მარინა საქართველოს ქალთა შორის ჩემპიონი გახლავთ, აქვს უამრავი ჯილდო და სიგელი. დიდი შანსი აქვს მოგების, მთავარია, არ დაიბნეს, უცხო ქვეყანაში, თანაც მსოფლიო ჩემპიონატში პირველად იღებს მონაწილეობას. მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, იგი ქართველ მონარდე ქალს პირველად წარუდგენს მსოფლიოს...

- წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას და მის წარმომადგენელს მონტე-კარლოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალბატონ მარინა პირველს.

მარინა ბაბუნაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

Levani
24 ივლისი 2019 12:59
Vinc dainteresebuli xart scavlit modit xolme klubshi, saiti ceria statiashi..
თამარო
23 ივლისი 2019 00:27
მე ძალიან მიყვარს ნარდი . მოყვარული ვარ მაგრამ ძალიან მაინტერესებს დიდოსტათთა სტილი . გამართლებაზე და ტაქტიკაზეა ესნთამაში დამყარებული .
...
22 ივლისი 2019 22:55
წარმატებებს გისურვებ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები