ქართული ენის განდევნის "მუნჯური" მეთოდი - კვირის პალიტრა

ქართული ენის განდევნის "მუნჯური" მეთოდი

თემის გაგრძელება

სად დაიბადა, სად გაიზარდა ეს კაცი, ამდენ ხანს როგორ ვერ გაიგო ვერავინ, რომ უბით უძღებ წიწილს ატარებდა? რატომ ჩამოიხადა ნიღაბი სწორედ ახლა, როცა ჯავახეთსა და შიდა ქართლშიც წამოყვეს თავი სომეხმა და აზერბაიჯანელმა სეპარატისტებმა.

უგუნურთა ასეთი მისწრაფებები არახალია. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში სამეგრელოში გამოჩნდა ადგილობრივი ინტელიგენციის ჯგუფი, რომელსაც სურდა საქართველოსგან მისი უძველესი მხარის გამოცალკევება.

1925 წლის 24 სექტემბერს თბილისში, ფალიაშვილის სახელობის ოპერის თეატრში სამეგრელოს ავტონომიის საკითხზე საგანგებოდ მოწვეულ მრავალრიცხოვან დელეგატთა კრება გაიმართა. შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ დარბაზი ხალხით მთლიანად გაივსო. ვინც შენობაში ვერ შეძლო შესვლა, რუსთაველის პროსპექტზე ელოდნენ კრების შედეგებს.

ახლა გავეცნოთ  კრების თავმჯდომარე თედო სახოკიას სიტყვას, რომელიც "ყუმბარასავით გასკდა": "სამეგრელოს "ავტონომისტების" საკითხი, წამოყენებულია ერთ ჯგუფ ავანტურისტების მიერ. სამეგრელო ყოველთვის და ყველა საკითხში საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და მომავალშიც ასეთ განუყოფელ ნაწილად უნდა დარჩეს. მეგრული ენის საკითხი არასოდეს არ წამოჭრილა საქართველოში. ეს საკითხი დაისვა მხოლოდ რუსეთის ჩვენს ქვეყანაში შემოჭრის შემდეგ. რუსეთის თვითმპყრობელურმა მთავრობამ კარგად იგრძნო საქართველოს გაერთიანების საშიშროება და ამიტომ იგი მუდმივად ცდილობდა გამოეწვია საქართველოს დაყოფა და დანაწილება. მისი, ასე ვთქვათ, დაქუცმაცება".

სამოციან წლებში რუსეთის მთავრობამ სამეგრელოს სკოლებიდან  განდევნა ქართული ენა. 1890 წლამდე გრძელდებოდა სამეგრელოს სკოლებში ეს აუტანელი სასკოლო რეჟიმი. ქუთაისის სახალხო სკოლების მეთვალყურე, მთავრობის აგენტი და შავრაზმელი ლევიცკი  არა მარტო სამეგრელოს, არამედ მთელ საქართველოს სკოლებში ცდილობდა ეგრეთ წოდებული "მუნჯური" მეთოდის საშუალებით ქართული ენის განდევნას, მის მთლიანად მოსპობას, გაუქმებას.

ამ მიზნის მისაღწევად ლევიცკიმ დაავალა ხონის სემინარიის მასწავლებელს, პეტროვს და ამ სემინარიის მაშინდელ მოწაფეს აშორდიას მეგრული ანბანის შედგენა რუსული ასოებით. ამრიგად, განსაკუთრებით სამეგრელოს სკოლებში, ქართული ენის სწავლება სრულიად მოისპო. ეს ენა ჯერ კიდევ გაისმოდა სამრევლო სკოლებში, რადგან ეს სკოლები გამართული იყო ეკლესიებთან.

მოგვიანებით ლევიცკიმ ისევ ცნობილ აფერისტ აშორდიას დაავალა საღვთო სჯულის და წირვა-ლოცვის საღვთო წიგნების თარგმნა მეგრულ ენაზე. აშორდიამაც ეს დავალება სიამოვნებით შეასრულა, მაგრამ აშორდიას ამ სამარცხვინო ნაბიჯს მთელი სამეგრელოს მოსახლეობა და საქართველოს სასულიერო და საერო საზოგადო მოღვაწეები ერთხმად წინ აღუდგნენ.

ლევიცკისა და აშორდიას მხარს უჭერდა შავრაზმელი, ანაფორაში გახვეული დეკანოზი ვოსტორგოვი, რომელიც იმ ხანებში სასულიერო სკოლების მთავარ მეთვალყურედ იქნა მოწვეული. დეკანოზი ვოსტორგოვი ამტკიცებდა, მეგრელებს არავითარი ნათესაობა არა აქვთ ქართველებთან, მეგრელები ცალკე ერს შეადგენსო(!) დეკანოზი ვოსტორგოვი დაუნდობლად გააკრიტიკა აკადემიკოსმა ნიკო მარმა და შავრაზმელი, ანაფორაში გახვეული "რაინდი" პირდაპირ მიწასთან გაასწორა.

დეკანოზ ვოსტორგოვის უნიათო პოზიციებს ამაგრებს სოხუმის ეპისკოპოსი არსენი, რომელმაც ბრძანება გასცა, რომ სამურზაყანოში წირვა-ლოცვა შემოღებულიყო რუსულ ენაზე.

ვეკითხები "კოლხ" ღვინჯილიას, რა ვქნათ, თქვენს ჭკუამოკლე და მავნე ქადაგებაზე წამოვეგოთ, ქვეყანა დავაქციოთ და საზოგადოებაში თავმოჭრილი ვიყოთ თუ ჩვენი სულნათელი წინაპრების ბრძნული გზით ვიაროთ?

რამაზ სურმანიძე, მწერალი