"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, დათმობს თუ არა წილს ქიბარ ხალვაში და საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა "რუსთავი 2"-თან" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, დათმობს თუ არა წილს ქიბარ ხალვაში და საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა "რუსთავი 2"-თან"

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის, დავით დვალის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილია ის პირი, რომელიც მასსა და სამართლიანობის აღდგენას შორის დგას.

ამასთან, როგორც დავით დვალი განმარტავს, "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკასა და კრიტიკული აზრს საფრთხე ემუქრება, რასაც ქიბარ ხალვაშის დღევანდელი განცხადება ადასტურებს.

"რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში და ასევე, საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა "რუსთავი 2"-თან. ჩვენ დღევანდელ განცხადებაში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა და გვინდა დღესაც, რომ სამართლებრივი მექანიზმი გვეჭიროს, რომ დაზარალებულები, რადგანაც გვცნო პროკურატურამ, წინ წაწიოს საქმე და რამე სამართლებრივი ბერკეტი დაგვიტოვოს ბრძოლისთვის. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ზუსტად აქ გვგონია პრობლემა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ქიბარ ხალვაში რას გვეტყვის, იმას წყვეტს, არამედ იმასაც, რომ პროკურატურა დუმს და თაროზე აქვს შემოდებული ჩვენი საქმე და არანაირად წინ არ იძვრის", - განაცხადა დავით დვალმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

შეგახსენებ, რომ "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა - ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა დღეს განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აქიმიძე და დვალი აღნიშნავენ, რომ დღეს მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, მათსა და მათ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში.

ამასთან, არხის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ "რუსთავი 2"-მა უნდა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.

"ინტერპრესნიუსი"