კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი - კვირის პალიტრა

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

რა ვქნა, თუ ინგლისური არ მეკერკება?!

ჩემთვის, მშვიდად ვიდექი და თბილისის მეცამეტე ჯაზფესტივალის აფიშას ვათვალიერებდი, როდესაც ერთი დეიდა ისეთი სახით მომიახლოვდა, მივხვდი, კარგი არაფერი მელოდა და ცალი ყურსასმენის მოხსნა ვიკადრე. ახლა შენ მაგას კითხულობო? - მკითხა აშკარად საბრძოლველად შემართულმა. უბრალოდ, ვათვალიერებ-მეთქი.

აი, მაშინ კი ალაპარაკდა და მივხვდი, რაც აწუხებდა: - აი, მე, მაგალითად, ვერ ვკითხულობ, არ ვიცი ეს ოხერი ინგლისური და რა ვქნა! კარგია ახლა ეგ?

რა უნდა მეთქვა: აფიშაზე, მართლაც, სიტყვაც არ იყო ქართულ ენაზე. ხმა არ ამომიღია... ქალმა კი ხელი ჩაიქნია და გზა განაგრძო.

რა თქმა უნდა, მე არაფერ შუაში ვიყავი - არც აფიშა იყო ჩემი გაკეთებული და ძალიანაც რომ მომენდომებინა, ვერც ვერაფერს შევცვლიდი.

ამ ბოლო დროს ხალხში გახშირდა ინგლისურენოვან წარწერებზე საუბარი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ამ თემაზე იქადაგა და მოსახლეობას ენის დაცვისაკენ მოუწოდა. ჰოდა, დაიწყო ამ თემაზე სჯა-ბაასი ყველგან - ტრანსპორტში, ქუჩაში, ინტერნეტფორუმებზე...

ზოგი ფიქრობს, რომ ინგლისურენოვანი წარწერების მომრავლება გლობალიზაციის პროცესში, როდესაც ამ ენას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საერთაშორისო, სრულიად ბუნებრივია; ზოგი თვლის, რომ ინგლისური აშკარად ჩაგრავს ქართულს და ვერ გაუგია, რატომ უნდა იყოს ყველგან: შენობებზე, აბრებზე, განცხადებებსა და ეროვნულ ვალუტაზეც კი.

KvirisPalitra.Geტურისტებისთვის ორიენტაციის გასაიოლებლადო, - პასუხობს მავანი, - აბა, რომ გვინდა  საქართველო უცხოელებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გავხადოთ, თუ საქმე არ გავუიოლეთ,  როგორო. ამასაც, რა თქმა უნდა, მოსდევს საწინააღმდეგო აზრი: უცხოელებს კი ვუიოლებთ საქმეს, მაგრამ ჩვენ რომ საკუთარ ქვეყანაში ვიბნევით, ამას რა ეშველებაო...

მოკლედ, აზრი უამრავია და ჭეშმარიტებაც ჯერ არ ჩანს, თუმცა ერთი რამ ნამდვილად შესამჩნევია: ერთ-ერთი ფორუმელის არ იყოს, ჩვენ, ქართველებს, განსაკუთრებით გვიყვარს თავის გამოჩენა ყველა სფეროში, რაც, ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად უადგილოა.

მაგალითად, რუსთაველზე ერთ-ერთ კაფეს Brown (ინგლისურად -„ყავისფერი) ჰქვია, თუმცა, ინგლისური წარწერის ქვეშ, რატომღაც, ქართული ასოებით ზუსტად იგივე სიტყვა მიუწერიათ: '"ბროვნი". ვინ იცის, იქნებ მთარგმნელს გაუჭირდა ამ სიტყვის გადმოქართულება ან არადა, სახელწოდება ჩვენს ენაზე ულამაზოდ მოეჩვენა...

KvirisPalitra.Geწიგნების მაღაზიის Prosperos’s books (პროსპეროს წიგნები) აბრაზეც  ინგლისური სიტყვა ქართულად ასო-ასოა გადმოწერილი: "პროსპეროს ბუქს". მაგრამ ვაკეში "ბენეტონის" მაღაზიის სარეკლამო აბრა ყველა რეკორდს ხსნის: წარწერას - United Colors Of Benetton (პირდაპირ რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს„"ბენეტონის გაერთიანებული ფერები") - გვერდს "უმშვენებს" ქართული წარწერა: "იუნაითიდ ქალარზ ოვ ბენეტონი"! როგორც ჩვენი დიდი წინაპარი იტყოდა: რა გითხრათ, რით გაგახაროთ...

KvirisPalitra.Geინგლისურენოვან აბრებსა და განცხადებებს თავი რომ დავანებოთ, ვის არ შეგვიმჩნევია შენობების კედლებზე საღებავით მიწერილი სამიჯნურო ტექსტები: MIYVARXAR, MENATOEBI, CHEMI  SICOCXLE  XAR და სხვ. ისე, შე დალოცვილო, კი უტყდები ამ შენს გულის სწორს სიყვარულში, მაგრამ  ერთიც ვნახოთ და საერთოდ ვერ ცნობს ლათინურ ასოებს, მერე სად მიდიხარ?! ხომ ჩაიარა ამაოდ შენმა წვალებამ! თუმცა არა უშავს, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გაძლიერებული სწავლება ინგლისური ენისა ამ პრობლემას, ალბათ, საბოლოოდ მოაგვარებს და ყველანი თავისუფლად გავიკვლევთ გზას ჩვენი სამშობლოს არამშობლიურ ენაზე აჭრელებულ სოფლებსა და ქალაქებში!

თუმცა, სანამ ეს საგანმანათლებლო პროცესი დასრულდება, იქნებ მოგვეხერხებინა და ეროვნული და საერთაშორისო ისე შეგვეთავსებინა ერთმანეთისათვის, არც თავიანთი ცოდნის გადმოფრქვევის მსურველი თავმომწონე ქართველები დაგვეტოვებინა უკმაყოფილო, არც ჩვენი ქვეყნის მოტრფიალე ტურისტები და არც ის დეიდები, ასე რომ არიან გულდაწყვეტილი თბილისის მეცამეტე ჯაზფესტივალის სარეკლამო აფიშის ვერწაკითხვით.

გიორგი გოგუა