"მე მიყვარს შენი ხმა!" - ქართველი გოგონას გამოსვლით აღფრთოვანებული ჟიური და ტრიუმფი აშშ-ში
23-07-2019
"მე მიყვარს შენი ხმა!" - ქართველი გოგონას გამოსვლით აღფრთოვანებული ჟიური და ტრიუმფი აშშ-ში
ფოტო:თამუნა ლილუაშვილი
"მე მიყვარს შენი ხმა!" - ასე მიახარა ჟიურის წევრმა - მუსიკოსმა და პროდიუსერმა სკოტი გრენჯერმა ქართველ გოგონას World Championships of Performing Arts - WCOPA 2019-ის ფინალში გადასვლა. ჩემპიონატის ფინალს გოგონასთვის კიდევ უფრო დიდი წარმატება - მსოფლიოს სახელოვნებო ჩემპიონატის ვარსკვლავის ტიტული მოჰყვა, მან ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა და, ასევე - სურვილის შემთხვევაში ამერიკაში სწავლის დაფინანსებაც! ეს გოგონა თამუნა ლილუაშვილია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია "რიბი-რაბოს" აღზრდილი და ანსამბლ
"გინცი"-ს სოლისტი, გოგონა, რომელიც ერთი წლის წინაც მოხვდა "კვირის პალიტრის" ვებ-გვერდზე - მაშინ მან ლას-ვეგასის მე-16 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალ Golden Dreams-ის უმაღლესი ჯილდო - გრან-პრი მოიპოვა საესტრადო ვოკალის ნომინაციაში. თამუნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური დახმარებით წავიდა ამერიკაში.

WCOPA 2019 ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში წელს
უკვე 23-ედ ჩატარდა და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ამჯერად მასში 66 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

წელს ამ ფესტივალზე პირველად აფრიალდა საქართველოს დროშა - სახელოვნებო ორგანიზაცია Art-Fest Georgia-ს დირექტორის, ქალბატონ ნინო გელაშვილის რეკომენდაციით, პროექტში საქართველოდან თამუნა ლილუაშვილი (ხელმძღვანელი ნინო მამფორია) და თბილისის ქორეოგრაფიული ანსამბლი "სამა" ( ხელმძღვანელი ნათია ალფაიძე) მონაწილეობდნენ.
თამუნა ლილუაშვილი ჟიურის წევრებთან ერთად
თამუნა ლილუაშვილი:
- ნახევარფინალის წინა დღეს ნერვიულობის გამო არ დამეძინა, არ ვიცოდი, რა იქნებოდა ხვალ, მექნებოდა თუ არა შანსი, დავმდგარიყავი დიდ სცენაზე დიდი აუდიტორიის წინაშე და მოვახერხებდი თუ არა საქართველოს კარგად წარმოჩენას... ამის შემდეგ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ფინალში გადავიდოდი, რადგან ნახევარფინალში ყოფნა უკვე გამარჯვება იყო ჩემთვის - ისედაც უამრავ კონკურსანტს შორის მოვახერხეთ ამ ეტაპზე გადასვლა. ძლიერი კონკურენტები მყავდა და მეორე დღეს, როდესაც უნდა გამოეცხადებინათ ფინალისტები, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნახევარფინალით უნდა დავკმაყოფილებულიყავი, მაგრამ... თურმე, სასწაულებიც ხდება. უცებ სცენაზე გაისმა Georgia! და იქ უკვე მივხვდი, რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც უნდა შეცვლილიყო. შემდეგ გაისმა ჩემი სახელი და გვარი. თავიდან შოკირებული ვიდექი, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რომ წამყვანებმა მართლაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის, რადგან მე, გოგონას ოკეანის მიღმა არსებული პატარა ქვეყნიდან, მომეცა უდიდესი ბედნიერება, საქართველო წარმედგინა World Championships-ის საფინალო შოუში, სადაც მხოლოდ ხუთმა ვოკალისტმა მოახერხა გადასვლა და ნამდვილად სასწაული იყო იმის გაცნობიერება, რომ იმ ხუთეულში მეც ვიყავი. წინ კიდევ ერთი სიხარული მელოდა - 1758-კაციან დარბაზში ფინალისტების კონცერტის დახურვა მე მომანდეს. წარმოგიდგენიათ? საქართველო პირველად წარდგა "მსოფლიო ჩემპიონატზე" და პირველივე ვიზიტზე გახდა ფინალისტი!

მართლაც უდიდესი ბედნიერებაა, რომ მსოფლიოს 66 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საქართველომ საესტრადო სიმღერაშიც იმარჯვა და ხალხურ ცეკვაშიც - მსოფლიო ვარსკვლავების სცენა ზუგდიდელმა მომღერალმა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "სამასთან" ერთად დაიპყრო. ანსამბლ "სამას" წყალობით საქართველო, ავსტრია და ირლანდიასთან ერთად საუკეთესო სამეულში მოხვდა, მიენიჭა "მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი და 2 ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი!

ჩვენი ტრიუმფატორები საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულან, მაგრამ გპირდებით, რომ ჩამოსვლისთანავე მათზე აუცილებლად დავწერთ ვრცლად, მანამდე კი ვულოცავთ გამარჯვებულებს!

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით