ევროპული გაკვეთილი საქართველოს
ევროპული გაკვეთილი საქართველოს
მედიაანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი "ფეისბუკში" ჩანაწერს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ს შეეცვალა მფლობელი, რითაც დასრულდა მრავალწლიანი დავა მფლობელებს შორის. გადაწყვეტილება იმდენად ცალსახად იყო დაწერილი ერთმნიშვნელოვანი სარეზოლუციო ნაწილით, რომ აბსოლუტურად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ნებისმიერი მხარისთვის, როგორც რუსთავი 2-სთვის, ისე ნებისმიერისთვის.

გადაწყვეტილებამ არ დატოვა სივრცე არანაირი ინტერპრეტაციისთვის. მაგრამ, ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ კონკრეტული დავის გადაწყვეტა. მის აღწერილობით მსჯელობაში გადმოცემულია ისეთი პასაჟები, რაც მთლიანად ამხელს და
აშიშვლებს მოსარჩელე მხარის სრულ უტიფრობას. თუმცა ამაზე ქვემოთ.

რუსთავი 2-ს მფლობელებმა და მენეჯმენტმა გამოაცხადეს სრული კაპიტულაცია, ხოლო მისმა განადგურებულმა დირექტორმა უხალისოდ დაიწყო ბარგის ჩალაგება. ერთადერთი იმედი, რაც არხის ყოფილ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დარჩა, არის მრავალწლიან მედიაქილერობაში გამობრძმედილი ჟურნალისტური კორპუსი, რომელიც ჯერ ფარად აიფარა არხის დირექტორმა საკუთარი
სკამის დასაცავად, შემდეგ კი დატოვა თავისი საქმის იდეურ გამგრძელებლებად და ჯარისკაცებად, რომლებიც უმალ უნდა მოკვდნენ ბრძოლის ველზე, ვიდრე დატოვონ ასპარეზი.

ამონარიდი პრეს-რელიზიდან:


"სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სისტემატიურად წარადგინეს უსაფუძვლო მოთხოვნები სხვადასხვა მოსამართლის წინააღდეგ აცილებასთან დაკავშირებით იურისდიქციის სამივე დონეზე, რაც იყო მართლმსაჯულების ადმინისტრირების პარალიზების სავარაუდო მცდელობა, ხოლო "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა მედიაში გააკეთა უხეში და ღვარძლიანი თავდასხმები შიდა მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული იყვნენ მფლობელობის უფლების განხილვაში და ასევე ზოგადად სასამართლო სისტემის წინააღმდეგ.

სასამართლომ ერთხმად უარყო, როგორც მიუღებელი დარჩენილი სარჩელები, რომლებიც "რუსთავი 2"-ის მფლობელების მიერ იყო წარდგენილი, ისევე როგორც ყველა ის სარჩელები, რომლებიც რუსთავი 2-ის მიერ იყო წარდგენილი, მათ შორის მათი ბრალდებები, რომ სასამართლო წარმოება იყო სახელმწიფოს მიერ მართული კამპანია, სატელევიზო არხის გასაჩუმებლად."

აქამდე არხის იდეოლოგიური დაცვის გარანტიას წარმოადგენდა მისი სრულიად ფორმალური კუთვნილება ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენებისადმი. მას შემდეგ, რაც საკუთრება გადავიდა ადრეული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ხელში, ტელეკომპანიის დაცვის ხაზი აეგო ნარატივზე "შენარჩუნდეს ჟურნალისტური დამოუკიდებლობა და სარედაქციო პოლიტიკა". ამ ლოზუნგის ქვეშ ირაზმება დღეს მედია, არასამთავრობო სექტორი და უცხოელ წარმომადგენელთა ნაწილი.

განსაკუთრებით საინტერესოა არასამთავრობო სექტორის როლი, მათი სახელიანი წევრების, რომლებმაც კარგად უწყოდნენ რუსთავი 2-ის ქარტეხილიანი თავგადასავლის შესახებ, იყვნენ თვითმხილველები ამ არხის მფლობელების ცვლისა და მედიის აღნიშნული ფლაგმანის პროპაგანდისა და რუპორად ქცევის ისტორიისა. 2012 წლის 1 ოქტომბრის მარცხის შემდეგ არხმა მყისიერად შეცვალა სარედაქციო პოლიტიკა, როგორც დამარცხებულმა მხარემ და მოირგო ნეიტრალური კრიტიკული ტელევიზიის ნიშა. არხის მესაკუთრის შესანარჩუნებლად ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო, ვინაიდან მალევე დაიწყო საუბარი არხის ლეგიტიმური მესაკუთრის გამორკვევის თაობაზე. არასამთავრობო სექტორს არხმა შესთავაზა სატყუარა იდეოლოგიური მესიჯის სახით - "ქვეყანაში მნიშვნელოვანია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, დასავლური ღირებულებების დამცველი მაუწყებლის არსებობა". ეს იყო ის პარადიგმა, რომელიც ხალისით მოირგეს ცალკეულმა უფლებადამცველებმა და დაიწყეს ძალადობის მთავარი ინსტრუმენტის დაცვა.

ნაცვლად ობიექტური მსაჯულობისა, ნაცვლად მეთვალყურე ძაღლის ფუნქციისა, ნაცვლად ნეიტრალური პოზიციისა, არასამთავრობო სექტორი გახდა მხარე ამ დავაში. ისინი გადალაგდნენ სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე, როგორიც იყო "ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის ბალანსის შენარჩუნება", ზემოთხსენებული "თავისუფალი მედიის არსებობის დაცვა" და გახდნენ მიკერძოებული, ღია ან ფარული მოკავშირეები ნაცმოძრაობის ახალი ნარატივისა, "არა რუსეთს, არა ოკუპაციას", რომლის ეგიდითაც უნდა განხორციელებულიყო მათი დაბრუნება ხელისუფლებაში, მათი პოლიტიკური რევანში.

ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უერთგულეს და გაყვნენ ნიკა გვარამიას მის პოზიციებში, საჯარო განცხადებებში, მის სარედაქციო პოლიტიკაში, მის ბრძოლაში რევანშისთვის, რისთვისაც იგი არ მოერიდა არც გინებას, არც სიძულვილს, არც სასამართლოზე თავდასხმას, არც შეურაცხყოფას, არც პიროვნებათა დამცირებას. ისინი თავისი, შედარებით დავარცხნილი რიტორიკით ზურგს უმაგრებდნენ რუსთავი ორს, მიუხედავად ცალკეული ჩასწორებებისა ცალკეულ გამონათქვამებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი კავშირი სასამართლო განხილვებისას.

ამონარიდი პრეს-რელიზიდან:


"სასამართლომ ერთხმად უარყო, როგორც მიუღებელი, რუსთავი 2-ის მიერ წარდგენილი ყველა სარჩელი,, მათ შორის მათი ბრალდებები, რომ სასამართლო წარმოება იყო სახელმწიფოს მიერ მართული კამპანია, სატელევიზო არხის გასაჩუმებლად.

სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე მომუშავე მოსამართლეების მიმართ საჩივრებმა ფაქტებთან და სამართალთან დაკავშირებით სერიოზული საკითხები დააყენა, რაც არსებით შესწავლას საჭიროებს. სასამართლომ იურისდიქციის თითოეული დონე ცალ-ცალკე განიხილა და დაადგინა, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აკლდა არც დამოუკიდებლობა და არც მიუკერძოებლობა.

სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია იმის მტკიცება, რომ მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო მის შვილზე გავლენის მოხდენის მიზნით.

გარდა ამისა, სასამართლომ ვერ დაინახა რამე ისეთი, რომ მიეჩნია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან მეტისმეტი სიახლოვე, რომელიც იყო ერთ-ერთი მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს."

ეს განაჩენი არის არამხოლოდ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ეს არის განაჩენი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგაც, რომლებმაც რუსთავის ორის წინააღმდეგ ხანგრძლივი დავისას ვერცერთხელ ვერ მოახერხეს დისტანციისა და ნეიტრალურობის დაცვა, მეტიც, უფრო და უფრო გააძლიერეს მისი დაცვა და არხის დირექტორის მესიჯბოქსისა და ნარატივის გამხმოვანებელ მოლაპარაკე თავებად იქცნენ.

როგორც ჩანს ეს სექტორი ვერ ახერხებს ბოლომდე გაიაზროს სტრასბურგის გადაწყვეტილების მთელი სიღრმე და სიმძაფრე. როგორც ჩანს, ისინიც ჯერ ისევ შოკში არიან, არ უჯერებენ თვალებს, რასაც კითხულობენ შავით თეთრზე და ალბათ ისინიც ცდილობენ იპოვნონ რაიმე ისეთი ლოგიკური ახსნა, რაც არ გამორიცხავს აქამდე წლობით ნაშენებ მესიჯბოქსს არხის ქმედებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. მათ უნდა გააცნობიერონ ეს და გადახედონ საკუთარ ქმედებებს, საკუთარ რწმენას, საკუთარ საქციელს, როდესაც დაიჯერეს და გამიჯნეს რუსთავი 2 პოლიტიკური პარტიისგან.

ჯერჯერობით რევიზიის ნიშნები არ ჩანს. მეტიც, ისინი მოქმედებენ ინერციით და კერძო არხის შენარჩუნებას ეხლა უკვე ე.წ. საზოგადოებრივი საბჭოს მეშვეობით ცდილობენ. და რას ინარჩუნებენ ამ საბჭოთი? სარედაქციო პოლიტიკას? რომელს? იმ სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც სიძულვილზე, დესტრუქციაზე, პოლიტიკურ რევანშიზმზე იყო აგებული და რომელიც მთლიანად გააცამტვერა სასამართლოს ვერდიქტმა? ნუთუ აღარ უნდა დარჩეს ზღვარი მათსა და რუსთავი 2-ის ზონდერ-ჟურნალისტებს შორის? სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი "ზონდერი"-ს ნაცისტური შეფერილობა და შესაბამისად დაუშვებლობა მკვეთრადაა ხაზგასმული სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

ამონარიდი პრეს-რელიზიდან:

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძე "ზონდერ-მისამართლედ" (რომელსაც აქვს ნაცისტური კონოტაცია) და გამოიყენა ისეთი ფრაზები, როგორიცაა "მიწა დაიწვება მოსამართლის ქვეშ", "გაუნათლებელი", "კორუფციონერი", "მარიონეტი", "თემიდის ფსევდო მსახური", "ნაჯახით აღჭურვილი", "დაქირავებული", "არამზადა." "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს კრიტიკა სასამართლო დარბაზში გამოუთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ეს გააკეთა გავლენიანი მედიის, "რუსთავი 2"-ით და არც დაუმალავს მოსამართლის პროვოცირებისა და მისი აცილებისთვის პირობების ხელოვნურად შექმნის განზრახვა."


ცხადია რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები ბოლომდე ეცდებიან დარჩნენ საკუთარ კედლებში და გააგრძელონ იგივე საქმიანობა, რასაც 18 ივლისამდე აკეთებდნენ. ისნი არ შეიცვლიან თავიანთ დამოკიდებულებებს. ცხადია, რომ მათ საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი სახის გადაადგილება ტელევიზიაში, ნებისმიერი ტიპის ახალი ფიგურის შეყვანა გახდება საინფორმაციო ომის დამატებითი ინსტრუმენტი. ისინი ნებისმიერი ცვლილებისგან შექმნიან დრამას, რადგანაც წვნეული მარცხის მიუხედავად, მათთვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი წარმოჩნდნენ მსხვერპლად.

მე ვფიქრობ, რომ ამგვარი ფუფუნება მათ არ უნდა მიიღონ. არხის ახალი ხელმძღვანელობა მათ ასე არ უნდა მოექცეს. იმ "თბილი" დახვედრის ფონზე, რაც მოუწყვეს ახალ დირექტორ სალიას, როცა ყოფილმა დირექტორმა გესლიანად მიაძახა, რომ განკარგულებას გასცემს, "მდივანმა ყავაც კი არ მოუდუღოს მას", სალიამ უნდა შეინარჩუნოს ის ცივი და ფლეგმატური დამოკიდებულება, რითაც ყველას დაამახსოვრა თავი უაღრესად ცხელი და ისტორიული დღის მანძილზე.

როგორ? საქმე იმაშია, რომ რუსთავი ორის "სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტთა დამოუკიდებლობა" უკვე შეიცვალა. შეიცვალა ზუსტად იმავდროულად, რა მომენტშიც პაატა სალიამ ფეხი შედგა რუსთავი ორის ეზოში. შეიცვალა არა იმიტომ, რომ პაატა სალიამ შეცვალა რამე, არამედ იმიტომ, რომ ნიკა გვარამიამ დატოვა რუსთავი ორი.

დიახ, რუსთავი ორის "სარედაქციო პოლიტიკა" უდრიდა ნიკა გვარამიას. ეს იყო ადამიანი, რომელიც განსაზღვრავდა არხის კურსს, რომელიც სტაჟიანი შეფ-მზარეულივით ზუსტად აზავებდა გართობის, ნიუსის, ფეიკისა და მისი ბატონის სურვილებსა თუ მოთხოვნებს ერთ ქვაბში, რომელიც ყოველდღიურად მოძღვრავდა და ტვინს ურეცხავდა არხის მთელ კოლექტივს, ახერხებდა მათ გუნდურ მუშაობას, განკარგავდა ფინანსებს, იზიდავდა ფინანსებს, და რაც მთავარია, საგანგებოდ და სრულუფლებიანად წარმოადგენდა არხის მფლობელსა და ჰეგემონს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს და უზრუნველყოფდა არხის ინსტრუმენტალიზაციას მიშას პოლიტიკურ ვნებებში.

მისი მილიონიანი ხელფასი აქ მხოლოდ დეტალია, მისი ჩაცმულობა, გინება, ზიზღი, აგრესია, გესლი და სათვალეები, ეს ყველაფერი დეტალებია, გარნირი, რომელიც საღდებოდა მარკეტინგულ აუცილებლობად, ქვეშ კი მალავდა დაკისრებული როლისგან წარმოქმნილ მის პირად სულიერ დისკომფორტს.

რუსთავი 2 ყოველთვის იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი. ის ზუსტად ასეთად შეიქმნა და მისთვის ორგანულია მართვის დიქტატორული ფორმა. სხვანაირად ფუნქციონირება მას უბრალოდ არ შეუძლია. მის სათავეში აუცილებლად უნდა იდგას ფორმალურად ან არაფორმალურად პოლიტიკური ფიგურა, რომელიც კურირებს არხს, აცენზორებს რედაქციას და იღებს საკვანძო გადაწყვეტილებებს. ერთი პირის მიერ არხის ხანგრძლივი მართვა ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ჟურნალისტთა თვითცენზურას. ისინი ყველაზე კარგად, ღრმად, კონტექსტუალურად და ზუსტად გრძნობენ რას ითხოვს მათგან არხის სარედაქციო პოლიტიკა, არხის პოლიტიკური კონიუნქტურა და უბრალოდ მისი მმართველი.

ნიკა გვარამია იყო ეს რგოლი, ასრულებდა ამ როლს, ასრულებდა კარგად და ეფექტურად, განსაზღვრავდა არხის პოლიტიკას და უზრუნველყოფდა სინქრონიზებას მის მფლობელთან - მიხეილ სააკაშვილთან. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა დღეს რუსთავი ორი, დაკარგა მისი დირექტორი, ანუ დაკარგა ის ინსტრუმენტი და ბერკეტი, რითაც მართავდა ამ არხს.

სწორედ პოლიტიკური დიქტატის, პარტიული დაკვეთის და პერსონალური მესიჯბოქსის გარეშე დარჩენაა ის მოცემულობა, რაც უკვე ცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. ამ ვითარებაში ყოფნა არის ერთის მხრივ უჩვეულო, არაკომფორტული, რადგანაც არავინ გეუბნება რა უნდა გააკეთო (და შევთანხმდეთ, რომ ეს თქმა არ ნიშნავს ჟურნალისტურ საქმიანობაში ყოველდღიურ ჩარევას, ეს "თქმა" ნიშნავს იმ იდეოლოგიური ჩარჩოს უზრუნველყოფას, რომლის შიგნით ზუსტად იცი, თუ რას ითხოვს შენგან კონიუნქტურა), და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წლის სტაჟის მქონე ჟურნალისტები, არათუ უბრალოდ შემსრულებლები ან უხალისოდ დამყოლი მუშაკები არიან, არამედ ენთუზიასტი მებრძოლები და თანამოსაგრენი, მათთვის მაინც წარმოუდგენელია თავისუფალ მდგომარეობაში მუშაობა.

ამ ტექსტის წერის პარალელურად რუსთავი 2-ზე ნანუკას შოუ გადის, სტუმრად მაია ასათიანით, რომლისგანაც ვიჭერ ფრაზას" "რუსთავი ორი არის დასავლური ფასეულობების ფუნდამენტი". ვახვევ უკან და ხელმეორედ ვუსმენ, ხომ არ მომეჩვენა. არ მომეჩვენა. ცხადია არც მიკვირს. ამ იდეოლოგიურ ბაზისზე აშენა არხის პროკურატორმა დირექტორმა რუსთავი ორის გუნდი. მრავალჭირნახულ, პროპაგანდის მსახურებად მრავალგზის გამოყენებულ ჟურნალისტებს ჭირდებოდათ საფუძველი, რაც მათ საქმიანობას გამართლებას მოუძებნიდა. თანაც დაავიწყებდათ ავბედით და მარცხიან წარსულს. ჟურნალისტებს და არხს ჭირდებოდათ დიდი და ტკბილი ტყუილი, რასაც დაიჯერებდნენ, როლი, რომელსაც მოირგებდნენ, და ჭრელი ტანსაცმელი, რომელზეც გაცვლიდნენ პროკურორის დაგლეჯილ და დალაქავებულ მანტიას.

გუშინდელმა მოძალადეებმა, პროპაგანდისტებმა, აგრესორებმა დაიწყეს არამხოლოდ ხალხის დამოძღვრა ამ ტყუილით, არამედ სტანდარტის დაწესება, რა არის სწორი და რა არასწორი, რომელი აზრია მართალი, სად უნდა გაკეთდეს აქცენტი, რა სიტყვებით უნდა აღიწეროს რეალობა, ვინ არის ოქრო და ბრილიანტი, ვინ ბნელი და ფსკერი. დაიწყეს კატეგორიულად, აგრესიით, ზიზღით, დაიკავეს საჯარო სივრცე და რაკიღა ყოველივე დასავლურის საპირწონედ გამოაცხადეს ყოველივე რუსული, სწორედ რუსეთუმეობის იარლიყის შიშით დაატერორეს ყველა საჯარო ფიგურა.

პუტინი, პუტინს, პუტინმა, კრემლით, ლავროვად, მოსკოვი, ონიშენკო, ჟირინოვსკი, დედისტრაკი, დიმიტრი, მედვედევი, სლუცკი, შმუცკი, პუტინი, ვლადიმერი, ვინ დაიწყო ომი, ვინ ისროლა პირველმა, 20 პროცენტი ოკუპირებულია, აფხაზეთი და სახრეთ ოსეთი საქართველოა, ეს და უამრავი სხვა ისარი ულევად იქნა გამოყენებული ნებისმიერი განსხვავებული აზრის, მოსაზრების, შეხედულების, გამოხედვის თუ დუმილის ჩასახშობად, დასათრგუნად, გასაცამტვერებლად.

ამასობაში ნანუკას ეთერში შემოდის გია ბუღაძე და თავისი პირით ამბობს იმას, რის დაწერასაც ვცდილობ J "ყველაფერი თავს იყრის ერთი ადამიანის გარშემო, მის გარეშე არ არსებობს არავითარი პოლიტიკა, მართვა, გვარამიას გარეშე არ არსებობს დამოუკიდებლობა, აი როგორც მაცხოვარი თავისი..." . უგრძვნია კაცს. ნანუკაც ეთანხმება, თავს უქნევს, არ ესმის, როცა ყველას შეუძლია მაუწყებლობა, რა საჭიროა რომ ყველა არხი ერთნაირად გადმოსცემდეს ინფორმაციას...

დიახ, ახსოვს და იცის, ნანუკამაც, მაიამაც, და ყველა ჟურნალისტმაც იქ, რომ დიახ, სწორედ თავში მდგომი ფიგურაა მთავარი და მის გარეშე არ არსებობს არც მაუწყებლობა, არც სიცოცხლე. და ეს ხალხი ვერ იარსებებს უფროსის გარეშე. და საკმარისია, რომ ისინი გაათავისუფლო, დატოვო დირექტივის გარეშე და ეს არხი ავტომატურად შეიცვლის სარედაქციო პოლიტიკას.

"გაუმარჯოს ყველაფერ დასავლურს, არა რუსეთს, რუსეთი ოკუპანტია", აგრძელებს ნანუკა სტუმრის პასუხად, რომელიც ამტკიცებს რომ სასამართლოში მოხდა გარიგება, ამიტომაც დადგა ეს შედეგი. სასამართლომ კი იმსჯელა სამ ქეისზე, რომელმაც პრაქტიკულად მოიცვა "მედასავლეთეების" მმართველობის ყველა ასპექტი - პოლიციური ტერორი, მაღალჩინოსნის მიერ განხორციელებული მკვლელობა წინასწარგანზრახვით, ადამიანის წამება, საკუთრების წართმევა.

მმართველობა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა ის ღირებულება, რასაც კი შეიძლება დასავლური ეწოდოს, რაც მართლა წარმოადგენს ევროპას, მის ღირებულებებს, მის ფუნდამენტს. პოსტ-საბჭოთა საქართველოში ადამიანები ინფორმაციას იღებენ ტელევიზიიდან, დასავლეთზეც უმეტესწილად წარმოდგენა სწორედ ტელევიზორიდან გვაქვს და არა უშუალოდ დასავლეთიდან, იქ ყოფნის, ცხოვრების გამოცდილებით. ამდენად, რასაც დაარქმევ, რომ ესაა დასავლეთი, ის იქნება დასავლეთი.

და ეს პროპაგანდა გრძელდება მრავალი წელია, დასავლეთის ქართული, რუსთავიორული ვერსიის მუტაცია და თავზე მოხვევა, ცხვირში შეტენვა ტერორითა და ბულინგით. ამ რუსთავი 2-ის დაცვა გახდა ქართული დემოკრატიის უმთავრესი ამოცანა, ასე დაერქვა იმ დავას, რაც ყოფილმა მფლობელმა წამოიწყო. ეს არხი და მისი დირექტორი გამოცხადდა დასავლეთის მთავარ მებაირახტრედ, ხელშეუხებელ სიწმინდედ, და ამ არხმა იზეიმა დიდი ზეიმი, როდესაც დემონიზებულმა "მურუსიძის" სასამართლომ არხი ხალვაშს მიაკუთვნა და სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ მისი აღსრულება შეაჩერა.

ერთ მხარეს იყო ყველაფერი, მეორე მხარეს არაფერი. ერთ მხარეს იყო სინათლე, მეორე მხარეს სიბნელე. ეს შავ-თეთრი რეალობა წლების მანძილზე ზიზღით, სიძულვილით, დედისგინებით, აგრესიით, დაჯმით, დაფსმით და კბილთა ღრჭენით მოედინებოდა ეთერიდან, რომელსაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უფლება ჰქონდა აფარებული, როგორც იმავე დასავლური ცივილიზაციის მთავარი მონაპოვრის.

და ბოლოს, იმ ფონზე, როცა რუსი გავრილოვი მართლაც ჩაჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იხუვლა ანტისაოკუპაციო ღრიალმა, წლობით ნაგროვები მესიჯები კრისტალიზდა და ათასგზის გაღვივებული აგრესია რუსთაველზე გადმოინთხა, სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, ამ ყველაფრის ფონზე,

სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება სამ საქმეზე, რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ, გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ, ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ.

ამ გადაწყვეტილებამ ამხილა რეჟიმი, ამ გადაწყვეტილებამ გააშიშვლა მათი სახე, ამ გადაწყვეტილებამ თქვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, ადამიანის ფასი, ევროპის ფუნდამენტი, მართლმსაჯულება და თავისუფლება.

ძალადობრივი რეჟიმი ფიზიკურად დასრულდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც პოლიციელს წაერთვა ხელკეტი და ძალადობრივი რეჟიმი მენტალურად დასრულდა 2019 წლის 18 ივლისს, როდესაც ნიღაბი ჩამოეხსნა და ფარდა აეხადა რეჟიმს, იდეოლოგიას და ნარატივს, რაც მჭიდროდ იყო შეფუთული დასავლურ ღირებულებებად სახელდებულ ვერცხლისფერ ქაღალდში.

P.S.

ამონარიდი პრეს-რელიზიდან:

"არც "ქართული ოცნების" კოალიცია, როგორც პოლიტიკური პარტია და არც რომელიმე სახელმწიფო ორგანო არ იყო მხარე სამართალწარმოებაში და არ ყოფილა დაკავშირებული მფლობელობის უფლების არსებით დავაში." წყარო
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები