"ჩემმა შვილმა დღეს მიიღო ზუსტად ის ტრავმა, რაც მე 13 წლის ასაკში, სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც ზუსტად მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს" - კვირის პალიტრა

"ჩემმა შვილმა დღეს მიიღო ზუსტად ის ტრავმა, რაც მე 13 წლის ასაკში, სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც ზუსტად მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს"

მომღერალი თიკა ჯამბურია და დედამისი, ფატი ჯამბურია საკუთარ სახლთან სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა თიკა მანქანის პარკირებას ცდილობდა. ფაქტი თავისუფლების მოედანზე მოხდა. სამართალდამცავებთან ინციდენტს თიკას მცირეწლოვანი შვილიც შეესწრო. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ტირის შოკირებული პატარა და როგორ სვამენ ხელბორკილდადებულ თიკას მანქანაში. მომღერალი სამართალდამცავებს უხსნიდა, რომ საკუთარ სახლთან მანქანის გაჩერებას ცდილობდა, თუმცა ძალოვნები მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან და სწორედ ამ მუხლით, ადმინისტრაციული წესით გადაწყვიტეს მისი პასუხისგება. მოგვიანებით შს სამინისტრომ ოფიციალურ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს მოქალაქე, რომლის ავტომობილში მყოფმა მისი ოჯახის წევრმა ქალბატონებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავა 1960 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1991 წელს დაბადებული თ.ჯ. რაც შეეხება დაკავებული ქალბატონების თანმხლებ არასრულწლოვანს, მან სურვილი გამოთქვა, დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული". თავად თიკა ჯამბურია მომხდარის ასე ეხმიანება:

"ვნახე რომ უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ, თუმცა ვცდილობ არ წავიკითხო. ფიზიკურად ნერვები არ მაქვს. ვცხოვრობ რუსთაველის 1-ლ ნომერში, ზუსტად იმ სადარბაზოში, რომელიც მიბმულია პანორამა თბილისის მშენებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ამ კორპუსის მაცხოვრებლებს აღარ გაგვაჩნია პარკინგის ზონა, არც ეზო, ამიტომ მანქანას ფიზიკურად ვერსად ვაჩერებთ. ამის გამო ხშირად ყოფილა შემთხვევა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა, სადაც წერია ჩემი საცხოვრებელი მისამართი და დაურთიათ ნება მანქანის გაჩერების...

დღეს მე, მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი და და ჩემი შვილი ნინა, ვიჯექით უკვე დაქოქილ მანქანაში და მივდიოდით ჩვენს გზაზე, როდესაც ახალგაზრდა გოგონა პატროლის თანამშრომელი მოვიდა. დედაჩემმა ჩანთაში პირადობის მოძიება დაიწყო, რადგან ეს ხერხი პირადობის და საცხოვრებელი სახლის ჩვენება "ჭრის". არ გვაცადა ამ გოგომ ახსნა, რომ გვეთქვა მისთვის ეს ჩვენი სახლია, აქ ვცხოვრობთ, რომ არ გვაქვს პარკინგი და რომ უკვე გავდივართ. დედაჩემს და ამ გოგონას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, ამასობაში პატრულის მანქანიდან გადმოხტა მეორე თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც რატომღაც პირველივე წამიდან აგრესიული იყო, არც მამაჩემის მოერიდა და უხეში ლაპარაკი დაიწყო. მამაჩემი გენერალია და ყოველთვის პატივს სცემს ყველა პატრულის და პოლიციის თანამშრომელს. ამასობაში შეიყარა ხალხი, ატყდა ერთი ამბავი, დედაჩემს დაადეს ხელბორკილები. დედას შაქარი აქვს ძალიან მძიმე ფორმებში, მისთვის არ შეიძლება ჭრილობა და დაბეჟილობები და ამის შემხედვარე ამაზე ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდან და ვთხოვდი მისთვის ბორკილები მოეხსნათ. ეს ბიჭი იყო არესიული მოუვიდა შელაპარაკება ჩემთანაც და იმ წამსვე დამადო მეც ბორკილები...

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქვეყნის, კანონის და ღმერთის წინაშე, რომ მე მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია... რაც შეეხება ჩემს შვილს, ნინას ... ნინამ დღეს მიიღო ზუსტად ის ტრავმა, რომელიც მე 13 წლის ასაკში, სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც ზუსტად ამავე ადგილას მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს !!!!! არასოდეს არ დამავიწყდება ეს ტკივილი და ძალიან დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის ...... ასევე აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დანარჩენ სხვა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ადამიანურად და თავაზიანად გვექცეოდნენ მეც, დედასაც და ნინასაც ... თუმცა ეს დღე ჩემთვის და ჩემი ყველაზე კანონმორჩილი ოჯახისთვის, ძალიან მძიმე და შეურაცმყოფელია..."