"სახლში წვერებიანი დრაკონები მყავს" - კვირის პალიტრა

"სახლში წვერებიანი დრაკონები მყავს"

"ჩემს ოჯახს აქაურობა ძალიან მოსწონს. ჩემს ვაჟს ფილმებშიც იღებენ, აქ სერიალებიც დაყოფილია, თეთრების სერიალები და შავების სერიალები"

საზღვარგარეთ უამრავი წარმატებული ქართველია, რომელთა სახელები ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ქირურგი თამაზ გვილია სამხრეთ აფრიკაში მუშაობს და ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ ქვეყანაში დაჭრილებს ოპერაციებს უკეთებს:

- სამხრეთ აფრიკაში ოჯახთან ერთად ვარ. სამედიცინო განათლება საქართველოში მივიღე, შემდეგ ორდინატურა მოსკოვში გავიარე... სამხრეთ აფრიკაში შავკანიან მოსახლეობას მეტი პრიორიტეტი აქვს. თეთრკანიანებისთვის წინ წაწევა პრობლემაა. თუმცა, მე პრობლემები არ შემქმნია, რადგან შავკანიანებისთვის ექიმი ღმერთია...

- აგრესიულები თუ არიან პაციენტის ახლობლები, როდესაც პაციენტს ვერ შველით? - პირიქით, ძალიან დამჯერები არიან.

თუ ექიმი პალატაშია, მორჩილად დადგებიან გარეთ. მერე შევლენ პალატაში, დაიწყებენ სიმღერას, შემდეგ ერთად ჩამოივლიან საავადმყოფოს გარშემო ცეკვა-სიმღერით და ასე ამხნევებენ პაციენტს. ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი გარდაცვლილა, მაგრამ მე არ მინახავს, რომ საავადმყოფოში ვინმეს აურზაური აეტეხოს.

- როგორც ვიცი, კრიმინალური ქვეყანაა და დაჭრილების მკურნალობა გიწევთ? - აქ, ფაქტობრივად, ომია, ცეცხლსასროლი იარაღით წელიწადში 70 000 დაჭრილია. ახლა იოჰანესბურგში გადმოვედი. მანამდე ისეთ რეგიონში ვმუშაობდი, სადაც მილიონიან მოსახლეზე ერთი საავადმყოფო იყო. შავკანიანებით დასახლებული ტერიტორიაა, არის სიღარიბე და კრიმინალი, შაბათ-კვირას ვერ დაისვენებდი, ხანდახან ღამეში ათი ოპერაციის ჩატარება მიწევდა.

- მკურნალობის ხალხური მეთოდები თუ აქვთ? - მათ ჰყავთ სანგომები, იგივე ჯადოქრები. ისინი ხალხს ბალახეულ ძლიერმოქმედ წამლებს ასმევენ, ეტყობა, შხამსაც ურევენ, რაც ცუდად მოქმედებს პაციენტთა ჯანმრთელობაზე და ჩვენთან უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში მოჰყავთ - ღვიძლის უკმარისობით, გაუვალობით... შევხედავ პაციენტს და უკვე ვიცი, რომ მან ჯადოქართან იმკურნალა. სჯერათ ავი სულების და მათი განდევნის მიზნით სხეულსაც ისერავენ. როგორც ამბობენ, აქაც ჰყავთ ძლიერი სანგომა, რომლის შელოცვები და წყევლა ყველაზე მეტად ჭრის.

- რა სარწმუნოების ხალხია? - უმრავლესობა ქრისტიანია. ყოველ კვირას დადიან ეკლესიაში. შობას აღნიშნავენ, სექტემბერი მოვა და მაღაზიებში დაიწყება გამოფენა-გაყიდვები, აღდგომაც ძალიან უყვართ.

- მოსახლეობა რას საქმიანობს? - ფერმები აქვთ, ძირითადად, თეთრკანიანებს, თუმცა შავკანიანი ფერმერებიც არიან. ვისაც დიდი ტერიტორია აქვს, ჰყავს ლომი, ჟირაფი, აქვთ დასასვენებელი სახლები. ტურისტებიც მრავლად არიან. მე და ჩემი ოჯახიც ვიყავით ასეთ ადგილას და ჩვენ ირგვლივაც დადიოდნენ ლომები და ჟირაფები. ასეთ რამესაც შევსწრებივარ, ძალიან მდიდარი ფერმერი, რომელიც ამარაგებს ნახევარზე მეტ იოჰანესბურგს, ტრაქტორზე ზის რიგითი მუშასავით, ამ დროს კი ავტოფარეხში ჰყავს "პორშე", ძველებური "მუსტანგი" და არის მილიონერი.

- მათ ტრადიციებში გაერკვიეთ? - ტომებად არიან დაყოფილი. ჩემი თანამშრომლის დედის გასვენებაში ვიყავი იოჰანესბურგში, შავკანიანების დიდ დასახლებაში, სადაც ნელსონ მანდელა ცხოვრობდა. გასვენებისთვის მთელი ცხოვრება ემზადებიან - ფულს აგროვებენ. მათ ეკლესიაში ჩატარდა რიტუალი, ორსაათიანი შოუ, სადაც გარდაცვლილზე ლაპარაკობდნენ. მტირალს ვერავის ნახავდით. შიგადაშიგ მღეროდნენ, შემდეგ ეროვნულ სამოსში გამოწყობილები ცეკვავენ. თეთრკანიანი, ალბათ, მხოლოდ ათი კაცი ვიყავით, მადლობას გვიხდიდნენ, ხელს გვართმევდნენ.

- ოჯახის წევრებს როგორ მოსწონთ სამხრეთ აფრიკაში? - ძალიან მოსწონთ. ჩემს ვაჟს ფილმებშიც იღებენ, აქ სერიალებიც დაყოფილია, თეთრების სერიალები და შავების სერიალები. საჭმელიც ძალიან მოგვწონს. ერთხელ სტუმრად ყოფნისას ფაბი გაგვიკეთეს, ეროვნული კერძი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩვენებურ ღომს. სოფელში ვინმე რომ გარდაიცვლება, ფაბს აკეთებენ.

- როგორც ვიცი, სახლში წვერებიანი დრაკონები გყავთ. - სამხრეთ აფრიკაში ეგზოტიკური ცხოველი უნდა გყავდეს, ძაღლსა და კატას ყველგან ვერც გააჩერებ, მეზობლებიც არ დაგრთავენ ნებას. წვერებიანი დრაკონები წითელ წიგნშია შეყვანილი და მათი ქვეყნიდან გაყვანა იკრძალება. დრაკონები პირველად ზოომაღაზიაში ვნახე და ძალიან მომეწონა. ჩემმა მეუღლემ რომ ნახა, გამოგვიცხადა, ეს რომ სახლში ვნახო, ცოცხით გავაგდებო... ცხოველების გამოფენებზე დავდივართ ხოლმე და ერთხელ ქალი გავიცანით, რომელმაც გვითხრა, ჩვენ ბევრი დრაკონი გვყავს და არ იყიდოთო. ასე შევიფარეთ ორი დრაკონი, რომელთაც კვერცხები დადეს და 12 დრაკონი გაჩნდა. ყველას ხომ ვერ დავიტოვებდით და იმ ქალს დავუბრუნეთ. ახლა ოთხი გვყავს.

ნინო გასვიანი