"მალე ქალაქი ხრიოკს დაემსგავსება" - კვირის პალიტრა

"მალე ქალაქი ხრიოკს დაემსგავსება"

"მავნებელთან ბრძოლის პრაქტიკის არარსებობამ, დაავადების არასწორმა მართვამ პრობლემა მასშტაბური გახადა. მავნებელზე, რომელმაც გამოიწვია ფიჭვების ხმობა, არ ზემოქმედებს გარეგანი შეწამვლა, რადგან პარაზიტი ხის ქერქში ბინადრობს"

ალბათ, არ არსებობს თბილისში უბანი, სადაც ხეების ხმობა თვალში საცემი არ იყოს. განსაკუთრებით მძიმე სურათია ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ლისის ტბასთან, ვაკიდან ჯიქიას გზაზე, წერეთელზე, გამოფენასთან, სადაც ფიჭვები მასობრივად ხმება... სპეციალისტების ვარაუდით, ფიჭვის დაავადება სხვა ხეებზეც გადავა, რაც ქალაქს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს.

გამხმარი ხეებისთვის ფოტოების გადაღებისას პეკინზე მცხოვრები ნიკოლოზ ჩართოლანი გამომელაპარაკა.

- კიკეთში აგარაკი მაქვს და ჯერ იქ შევნიშნე ალაგ-ალაგ დამწვარი ტოტები. ჩემ გვერდით გერმანელი ცხოვრობდა, გარემოს დამცველი. მითხრა, ვიცი, გენანებათ, მაგრამ ამას უკვე არაფერი ეშველება, სასწრაფოდ მოჭერით, თორემ სხვასაც გადაედებაო... მე დავუჯერე, მაგრამ ვინც არ დაუჯერა, მთლიანად გადაუხმათ ბაღები. იმ გერმანელი კაცის ნათქვამი ფორმულასავით დავიმახსოვრე - წიწვოვან ხეებს აღდგენის სუსტი უნარი აქვთ, ამიტომ პარაზიტი სწრაფად ახმობს. დროთა განმავლობაში ისინი მუტაციას განიცდიან და სხვა ხეებზეც გადადიან. ხმება ჭადრები, ცხენისწაბლები და ცაცხვები. შეყვითლებულ ფოთლებს ქვემოთ აბლაბუდას ქსელივით აქვს მოდებული, სოკოს კვალი ეტყობა ქერქსაც... ეზოში ვთქვი, მოვჭრათ-მეთქი, მაგრამ მეზობლებმა არ დამიჯერეს და მხოლოდ მე ვერ გადავწყვეტდი...

ეკოლოგ ნინო ჩხობაძის თქმით, თბილისში ხეების ხმობის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილება და მოუვლელობაა, ან სულაც დაგვიანებული რეაქცია. თუ ეს პრობლემა სასწრაფოდ არ მოგვარდა, ქალაქი მწვანე საფრის გარეშე დარჩება და ხრიოკს დაემსგავსება...

- ძირითადად, შავი ფიჭვი ხმება, რომელსაც როგორც სხვადასხვა ტიპის პარაზიტი, ასევე სოკოვანი დაავადება უტევს. ამ ორგანიზმების განვითარებას მოუვლელობა უწყობს ხელს, ამასთან, მოშლილია სარწყავი სისტემა, გვალვების დროს ქალაქი არ ირწყვება. ამას ემატება ისიც, რომ ზამთარში შედარებით მაღალი ტემპერატურაა და მავნებელი არ ნადგურდება. ზოგიერთი პარაზიტი იმდენად სწრაფად მრავლდება, რომ ხე ადგილზევე უნდა დაიწვას, რათა დაავადება გადატანისას არ გავრცელდეს. რაც შეეხება სოკოს, მას დროული შეწამვლა სჭირდება.

- მერიამ დაიწყო ფოთლოვანი ხეებით წიწვოვანის ჩანაცვლება. - ეს არ არის გამოსავალი. თუ პრობლემის მოგვარებაზე ძირეულად არ იფიქრებენ, პარაზიტი ფოთლოვან ხეებზეც გადავა...

ირაკლი მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი: - თავის დროზე შავი ფიჭვი ქალაქში მასობრივად იმიტომ დარგეს, რომ ზოგიერთ ადგილას, მათ შორის, მთაწმინდის ფერდობზე, ათწლეულების წინ ტყეები გაჩეხეს, რასაც წვიმების დროს წყლის ნაკადის მოვარდნა და დედაქალაქის ხშირი დატბორვა მოჰყვა. ახლა ფიჭვები ფოთლოვანი ხეებით უნდა შეცვალონ, რაც მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებისთვის - ფოთლოვანი ხე უფრო მეტ ჟანგბადს წარმოშობს, ვიდრე წიწვოვანი და მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავს. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ ქალაქში ეკოლოგიური კატასტროფის ასაცილებლად მერია ყველა შესაძლო მეთოდს იყენებს.

- წლების განმავლობაში ქალაქში საფუძვლიანად არ შესწავლილა ფიჭვების მდგომარეობა, არ ჩატარებულა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები. მავნებელთან ბრძოლის პრაქტიკის არარსებობამ, დაავადების არასწორმა მართვამ პრობლემა მასშტაბური გახადა. მავნებელზე, რომელმაც გამოიწვია ფიჭვების ხმობა, არ ზემოქმედებს გარეგანი შეწამვლა, რადგან პარაზიტი ხის ქერქში ბინადრობს.

- არსებობს სტატისტიკა, რამდენი ხეა დაავადებული თბილისში? - უცხოელი ექსპერტების დახმარებით თბილისის ტერიტორიაზე ჩავატარეთ კვლევა. ფიჭვებზე გავრცელებულია თომიცუს Dესტრუენს-ის სახეობის მავნებელი. ჩვენი მონაცემებით, დაავადებულია 20 000 ათას ძირზე მეტი და დადგინდა, რომ დაავადების გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრა დედაქალაქსა და მის შემოგარენში. გარდა ამისა, იგეგმება მსოფლიოში აპრობირებული თანამედროვე ფიტოსანიტარიული მეთოდები, მათ შორის, ინიექციის შეყვანა, ფერომონების, ანუ ხაფანგების გამოყენება...

- მაგრამ ამბობთ, რომ მათი გადარჩენის შანსი აღარ არსებობს და რატომ აჭიანურებენ მოჭრას? - თბილისის ტერიტორიაზე ხეების სანიტარიული ჭრა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო და მას შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯამში 20 000-ზე მეტი ძირი ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრება, ჯერ მოჭრილია 11 000-ზე მეტი ძირი.

- მართალია, რომ ფიჭვის პარაზიტები სხვა ჯიშის ხეებსაც აავადებს? - ამგვარი ინფორმაცია დადასტურებული არ არის. დაავადებული ფიჭვების მიმდებარედ არსებული სხვა სახეობის წიწვოვან ხეებს, მაგალითად, კედარს, დაავადების ნიშნები არა აქვს.

ლალი პაპასკირი